star icon

ბლოგი

რატომ მოწმდება ავტომობილის ტექინსპექტირებისას ხმაურის დონე?

ავტომობილის ტექინსპექტირებისას მოწმდება არა მხოლოდ მუხრუჭები, საბურავები, განათების სისტემა და გამონაბოლქვი, არამედ ხმაურის დონეც. „გრინვეიში“ ტექინსპექტირების დროს იზომება ავტომობილის მუშაობისას წარმოქმნილი ხმაური და მოწმდება, შეესაბამება თუ არა მიღებული მაჩვენებელი დადგენილ ნორმას.

რატომ არის მნიშვნელოვანი ავტომობილის ხმაურის დონის კონტროლი?

ხმაურის დონის კონტროლი კანონით დადგენილი მოთხოვნაა, თუმცა მისი მიზანი მხოლოდ რეგულაციების დაცვა არ არის. ზედმეტი ხმაური გავლენას ახდენს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, ისე გარემოზე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც ავტოტრანსპორტის რაოდენობა ძალიან მაღალია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებით, საგზაო ტრანსპორტის ხმაურის საშუალო ზემოქმედება 53 დეციბელზე ნაკლები უნდა იყოს, ღამის პერიოდში კი 45 დეციბელზე ნაკლები. როდესაც ხმაური ამ მაჩვენებლებს აჭარბებს და ადამიანი მის ზემოქმედებას ხანგრძლივად განიცდის, შესაძლოა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა განვითარდეს. ამ გავლენაზე მიუთითებს ბოლო წლებში ჩატარებული არაერთი კვლევაც. ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) 2024 წლის მიმოხილვის მიხედვით, ხმაურიან გარემოში ხანგრძლივად ყოფნა დაკავშირებულია ძილის დარღვევასთან, ჰიპერტენზიასთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და ინსულტთან.

ეს პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევია ქალაქებში, სადაც ხმაურის მთავარი წყარო ტრანსპორტია. ავტომობილების, მატარებლებისა და საჰაერო მიმოსვლის ხმა ურბანულ გარემოზე საგრძნობ გავლენას ახდენს, ამიტომ ტრანსპორტის კონტროლი საერთო აკუსტიკური ფონის შესამცირებლად მნიშვნელოვანია. ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის ხმის დონის შემოწმებაც ამ მიზანს ემსახურება.

ხმაურის გარდა, ტექინსპექტირებისას მოწმდება ავტომობილის სხვა მაჩვენებლებიც, მათ შორის გამონაბოლქვი. თუ გაინტერესებთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ შემოწმებას და რა მოთხოვნები მოქმედებს, წაიკითხეთ ბლოგი: რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას გამონაბოლქვი?

რა არის ავტომობილის დასაშვები ხმაურის ნორმა?

ტექინსპექტირებისას დასაშვები ხმაურის დონე ავტომობილის კატეგორიასა და ძრავის ტიპზეა დამოკიდებული. M1 კატეგორიაში მსუბუქი ავტომობილები შედის, M2 და M3 ავტობუსებს მოიცავს, ხოლო N1, N2 და N3 სხვადასხვა ზომის სატვირთო ავტომობილებს. დადგენილი ზღვრის გადაჭარბება შეიძლება შეფასდეს როგორც უმნიშვნელო ან მნიშვნელოვანი ხარვეზი.

მსუბუქი ავტომობილებისა და მცირე სატვირთოებისთვის (M1, N1), რომლებსაც ბენზინის ძრავა აქვთ, 95-დან 105 დეციბელამდე მაჩვენებელი უმნიშვნელო ხარვეზად ითვლება, 105 დეციბელზე მეტი კი მნიშვნელოვან ხარვეზად. დიზელის ძრავის შემთხვევაში ორივე ზღვარი 5 დეციბელით მაღალია.

ავტობუსებისა და საშუალო ზომის სატვირთოებისთვის (M2, N2) ბენზინის ძრავზე უმნიშვნელო ხარვეზის ზღვარი 100-დან 110 დეციბელამდეა, ხოლო 110-ზე მეტი მაჩვენებელი მნიშვნელოვან ხარვეზად ფასდება. დიზელის ძრავის შემთხვევაში ეს ზღვარი 105-დან 115-მდე იზრდება, 115-ზე მეტი კი უკვე სერიოზულ ხარვეზად ითვლება. დიდი ავტობუსებისა და მძიმე სატვირთოებისთვის (M3, N3) შესაბამისი მაჩვენებლები ბენზინის ძრავზე 105-დან 115-მდეა, დიზელის ძრავზე კი 110-დან 120-მდე.

მნიშვნელოვანი ხარვეზი ფიქსირდება მაშინაც, როცა ავტომობილის ხმა მწარმოებლის მიერ დადგენილ ნორმას 10 დეციბელზე მეტით აჭარბებს. თუ ქარხნული მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის, შეფასებისას ზემოთ მითითებული ზედა ზღვრები გამოიყენება.

რომელ ავტომობილებს არ ეხება ხმაურის დონის შემოწმება?

ხმაურის დონის შემოწმება ყველა ტიპის ტრანსპორტზე არ ვრცელდება. O1, O2 და L კატეგორიებში შემავალი სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის მისაბმელები და გარკვეული ტიპის მოტოტრანსპორტი, სხვა წესებით მოწმდება.

გამონაკლისია კლასიკური ავტომობილებიც, რომელთა გამოშვებიდან 40 წელზე მეტია გასული. იგივე წესი ვრცელდება ტრანსპორტზე, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 25 კმ/სთ-ს არ აღემატება, ასევე იმ ავტომობილებზე, რომელთა ექსპლუატაციაც მფლობელს ოფიციალურად აქვს შეჩერებული.

განსხვავებული მოთხოვნები მოქმედებს სპორტული დანიშნულების ავტომობილებისთვისაც, თუმცა მხოლოდ სპეციალურ, კანონით განსაზღვრულ ტრასებზე გადაადგილების დროს.

თუ თქვენი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების დრო ახლოვდება, ტექინსპექტირების ვიზიტის დაჯავშნა ონლაინ Greenway-ის ვებგვერდიდან შეგიძლიათ.

როგორ იზომება ავტომობილის ხმაურის დონე?

ტექინსპექტირებისას ძრავის მუშაობას სხვადასხვა რეჟიმში ამოწმებენ, მათ შორის უქმ სვლასა და მაღალ ბრუნზე. ხმაურის დონე დეციბელებში იზომება, მიღებული მაჩვენებელი კი ავტომობილის კატეგორიისთვის დადგენილ ნორმას შედარდება.

ამასთან ერთად მოწმდება გამონაბოლქვის სისტემაც. ინსპექტორი ყურადღებას აქცევს მის მთლიანობას, ასევე კატალიზატორისა და ხმის ჩამხშობის მდგომარეობას. მთლიან შემოწმებას დაახლოებით 10-დან15 წუთამდე სჭირდება.

თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ეჭვი გაუჩნდება, რომ გზაზე მოძრავი ავტომობილის ხმა დასაშვებ ზღვარს აჭარბებს, ის ხმაურის დონეს სპეციალურად დაკალიბრებული და სერტიფიცირებული პორტატული მოწყობილობით ამოწმებს. მიღებული შედეგი აჩვენებს, შეესაბამება თუ არა ავტომობილის ხმა დადგენილ ნორმას. 

რა მიზეზით შეიძლება ავტომობილმა ხმაურის ტესტი ვერ გაიაროს?

დასაშვები ხმაურის ზღვრის გადაჭარბებას რამდენიმე გავრცელებული მიზეზი აქვს:

  • ხმის ჩამხშობის დაზიანება: გახვრეტილმა, გატეხილმა ან გაცვეთილმა ხმის ჩამხშობმა ავტომობილის ხმა შეიძლება საგრძნობლად გაზარდოს;
  • გამონაბოლქვის სისტემიდან გაჟონვა: მილის დაზიანება ან შეერთების ადგილებში არსებული ნაპრალები ხმაურს აძლიერებს და სისტემის გამართულ მუშაობას უშლის ხელს;
  • არასტანდარტული მოდიფიკაციები: სპორტული ან შეცვლილი ხმის ჩამხშობი ზოგჯერ ავტომობილის ხმას განზრახ აძლიერებს. თუ ამის გამო მაჩვენებელი დადგენილ ზღვარს სცდება, ავტომობილს ხარვეზი დაუფიქსირდება;
  • გამონაბოლქვის სისტემის ნაწილების ამოღება ან შეცვლა: სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა შეიძლება როგორც ხმაურზე, ისე გამონაბოლქვზე იმოქმედოს;
  • ძრავის გაუმართაობა: უჩვეულო ხმა ან ძლიერი ვიბრაცია ზოგჯერ ძრავის ცალკეული დეტალების ცვეთაზე მიუთითებს და ავტომობილის საერთო ხმაურსაც ზრდის.

როგორ უნდა მოამზადო ავტომობილი ხმაურის შემოწმებისთვის?

ინსპექტირებამდე ავტომობილის წინასწარ შემოწმება ხელს უწყობს ისეთი ხარვეზების აღმოჩენას, რომლებმაც შეიძლება ხმაურის ტესტის შედეგზე გავლენა მოახდინოს.

პირველ რიგში, სასურველია გამონაბოლქვის სისტემის დათვალიერება. მილზე არ უნდა იყოს ნახვრეტები, ბზარები ან კოროზიით დაზიანებული ადგილები. ყურადღება უნდა მიექცეს ძრავის ხმასაც. მუშაობისას ის თანაბარი უნდა იყოს, ხრაშუნისა და ძლიერი ვიბრაციის გარეშე. მოლურჯო ან შავი კვამლი კი შეიძლება სისტემის გაუმართაობაზე მიუთითებდეს.

თუ შემოწმებისას დაზიანებული დეტალი გამოვლინდა, ინსპექტირებამდე მისი შეკეთება სჯობს. დაზიანებული ხმის ჩამხშობი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს, ხოლო კატალიზატორის გამართულ მდგომარეობაში ყოფნა მნიშვნელოვანია როგორც ხმაურის, ისე გამონაბოლქვის მხრივ. ძრავის გამართულ მუშაობაზე გავლენას ახდენს ზეთისა და ფილტრების დროული შეცვლაც.

დაჯავშნე ტექინსპექტირება „გრინვეიში“ და შეამოწმე ავტომობილის ხმაურის დონე

„გრინვეიში“ ტექინსპექტირება ევროპული სტანდარტების შესაბამისად ტარდება. ამ სტანდარტების დასაცავად კომპანია თანამშრომლობს Applus+თან, რომელიც ტექინსპექტირების სფეროში მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრებში თანამედროვე აღჭურვილობა გამოიყენება, რომლითაც მოწმდება როგორც ხმაურის დონე, ისე ავტომობილის სხვა ტექნიკური პარამეტრები.

„გრინვეის“ ტექდათვალიერების ცენტრები ქვეყნის მასშტაბით 32 ლოკაციაზე მუშაობს, ამიტომ შეგიძლია შენთვის სასურველი ცენტრი შეარჩიო. ტექინსპექტირების ვადა რომ არ გამოგრჩეს, მოქმედებს SMS შეტყობინების სისტემაც, რომელიც მოახლოებულ თარიღს წინასწარ შეგახსენებს.

გაიგე მეტი arrow-right icon

ტექინსპექტირება ქართლში: სად მდებარეობს „გრინვეის“ სერვისცენტრები და როგორ უნდა დაგეგმო ვიზიტი

რამდენიმე წლის წინ ქართლში მცხოვრებ მძღოლებს ტექინსპექტირების გასავლელად თბილისში ჩასვლა უწევდათ. დღეს ამისთვის შორ გზაზე წასვლა აღარ არის საჭირო, რადგან „გრინვეის“ ტექინსპექტირების ცენტრები მძღოლებს ქარელში, კასპსა და წალკაშიც ემსახურება. 

სად მდებარეობს „გრინვეის“ სერვისცენტრები ქართლში? 

რეგიონში „გრინვეის“ სამი სერვისცენტრი მუშაობს. ორი მათგანი შიდა ქართლში, ქარელსა და კასპშია, მესამე კი ქვემო ქართლში, წალკაში. სამივე ფილიალი ცენტრალურ ავტომაგისტრალთან ან მთავარ გზასთან ახლოსაა, ამიტომ მძღოლებს ძირითადი მარშრუტიდან გადახვევა არ სჭირდებათ. 

ქარელის სერვისცენტრი

ქარელის ფილიალი სოფელ რუისში, ავტომაგისტრალის პირასაა. სერვისცენტრთან მისვლა განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ხშირად გადაადგილდება გორის, ხაშურისა და თბილისის მიმართულებით.

ტექინსპექტირების ცენტრი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობს, შაბათს კი მომხმარებლებს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე იღებს.

ქარელის სერვისცენტრი რეგიონში ერთადერთია, სადაც ყველა ტიპის ტრანსპორტს ამოწმებენ. ინსპექტირებას გადის როგორც მსუბუქი ავტომობილები, ისე მიკროავტობუსები, ავტობუსები, სხვადასხვა კატეგორიის სატვირთოები და მისაბმელები (M1, M2, M3, N1, N2, N3, O3 და O4 კატეგორიები).

კასპის სერვისცენტრი

კასპის ფილიალი სოფელ ნიგოზაში, ცენტრალურ გზასთან ახლოსაა და იმავე სამუშაო განრიგით მუშაობს, რომლითაც ქარელის ცენტრი. სერვისცენტრში მოწმდება მსუბუქი ავტომობილები, მრავალადგილიანი სამგზავრო ტრანსპორტი და 3.5 ტონამდე წონის სატვირთოები (M1, M2 და N1 კატეგორიები).

წალკის სერვისცენტრი

წალკის ფილიალი მერაბ კოსტავას ქუჩის 15ა ნომერში მდებარეობს. აქაც, ისევე როგორც დანარჩენ ფილიალებში, სამუშაო დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე გრძელდება. ეს სერვისცენტრი M1, M2 და N1 კატეგორიის ავტომობილებს ემსახურება.

რა საბუთები დაგჭირდება და როგორ უნდა მოემზადო ტექინსპექტირებისთვის? 

ინსპექტირების გასავლელად ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა, იგივე ტექპასპორტი და მანქანის გასაღები დაგჭირდება. ტექპასპორტის ორიგინალის წარდგენა აუცილებელი არ არის, რადგან ტელეფონში შენახული ფოტოც საკმარისია. სასურველია, თან პირადობის მოწმობაც გქონდეს, თუმცა მის გარეშეც შეძლებ შემოწმების გავლას. 

თუ ავტომობილი CNG, LPG ან LNG სისტემაზე მუშაობს, დამატებით გაზის აპარატურის გამართულობის მოწმობაც უნდა წარადგინო. ტექპასპორტში ასევე მითითებული უნდა იყოს, რომ ავტომობილი ბენზინსა და აირზე მუშაობს. 

სერვისცენტრში ავტომობილის მიყვანა მესაკუთრის ნაცვლად სხვა პირსაც შეუძლია. ასეთ შემთხვევაში მას თან უნდა ჰქონდეს ტექპასპორტი ან მისი ფოტო და მანქანის გასაღები. 

რა შემოწმდება ტექინსპექტირებისას სერვისცენტრებში?

ტექინსპექტირება საშუალოდ 15 წუთი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში სპეციალისტები ავტომობილის ძირითად სისტემებს ამოწმებენ და აფასებენ, რამდენად უსაფრთხოა მისი გზაზე გადაადგილება. 

შემოწმება ავტომობილის იდენტიფიცირებით იწყება. ინსპექტორი VIN კოდს, სახელმწიფო ნომერსა და ტექპასპორტში მითითებულ მონაცემებს ერთმანეთს ადარებს. ამავე ეტაპზე ყურადღება ექცევა საწვავის ტიპს, ავტომობილის კონსტრუქციაში შეტანილ ცვლილებებსა და მასში კატალიზატორის არსებობას. 

ამის შემდეგ მოწმდება სამუხრუჭო სისტემა. ინსპექტორები აფასებენ მუხრუჭების ეფექტიანობასა და თანაბარ მოქმედებას, ამოწმებენ დისკების მდგომარეობას, სამუხრუჭო სითხის დონესა და სადგომი მუხრუჭის გამართულობას. პარალელურად კონტროლდება საჭის მართვის სისტემა, მათ შორის საჭის თავისუფალი სვლა და მობრუნებაზე რეაგირება. 

განათებისა და ხილვადობის შემოწმებისას ყურადღება ექცევა ფარებს, მოხვევის მაჩვენებლებსა და სამუხრუჭო შუქებს. ინსპექტორი ასევე ათვალიერებს საქარე მინას, სარკეებსა და მინის საწმენდებს, რადგან მათი დაზიანება ან გაუმართაობა მძღოლს გზის კარგად დანახვაში უშლის ხელს.

შემოწმების ბოლო ეტაპზე ფასდება საბურავების მდგომარეობა, მათ შორის ღარების სიღრმე, გამოშვების წელი და ცვეთის ხარისხი. ინსპექტორი ასევე ათვალიერებს შასის, დაკიდების სისტემას, გამონაბოლქვის სისტემას, უსაფრთხოების ღვედებსა და უსაფრთხოების ბალიშების ინდიკატორებს. 

რა პერიოდულობით ტარდება ტექინსპექტირება?

ტექინსპექტირების სიხშირე ავტომობილის კატეგორიასა და გამოშვების წელზეა დამოკიდებული.

M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილებისთვის ინსპექტირება გამოშვებიდან პირველი 4 წლის განმავლობაში სავალდებულო არ არის. 4-დან 8 წლამდე ასაკის ავტომობილები შემოწმებას 2 წელიწადში ერთხელ გადიან, 8 წელზე ძველი ავტომობილებისთვის კი ტექინსპექტირება ყოველწლიურად ტარდება.

ტაქსის ლიცენზიის მქონე ავტომობილებისთვის, მათი წლოვანების მიუხედავად, შემოწმება ექვს თვეში ერთხელ ტარდება. რაც შეეხება ახლად განბაჟებულ ტრანსპორტს, ამ შემთხვევაში საჭიროა პროცედურის გავლა განბაჟებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

რა უნდა გააკეთო, თუ ქართლის ან სხვა რომელიმე რეგიონის სერვისცენტრში მანქანა დაგიხარვეზდა?

თუ ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა, დაფიქსირებული ხარვეზების გამოსასწორებლად 30 კალენდარული დღე გაქვს. ამ პერიოდში შეგიძლია „გრინვეის“ ნებისმიერ ფილიალს მიმართო. განმეორებითი ინსპექტირებისას მხოლოდ იმ კომპონენტებს შეამოწმებენ, რომლებზეც პირველი ვიზიტის დროს ხარვეზი გამოვლინდა. 

სხვა წესი მოქმედებს მაშინ, თუ განმეორებითი ვიზიტიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ასეთ დროს ხარვეზების მოსაგვარებლად მხოლოდ 10 კალენდარული დღე გეძლევა.

განსაკუთრებული ყურადღება გმართებს სახიფათო ხარვეზის აღმოჩენისას, რადგან ამ დროს მანქანით გადაადგილება დაუყოვნებლივ იკრძალება. ასეთი გაუმართაობით გზაზე გასვლისას ზუსტად ისევე დაჯარიმდები, როგორც დაგვიანებული ტექინსპექტირებისთვის.

როგორ დაგეგმო ვიზიტი „გრინვეის“ ქართლის ცენტრებში

„გრინვეის“ ყველა სერვისცენტრი, მათ შორის ქართლის ფილიალებიც, ევროპული სტანდარტებით მუშაობს. აქ უახლესი, ფრანგული წარმოების MULLER AUTOMOTIVE-ის აპარატურა გამოიყენება, რაც შემოწმების ზუსტ და მაღალ ხარისხს განაპირობებს.

რიგში დგომა რომ თავიდან აიცილო, ავტომობილის ტექინსპექტირების დაჯავშნა ვებგვერდიდან ნებისმიერ დროს შეგიძლია. თუმცა, თუ წინასწარ ჩაწერა ვერ მოასწარი, მომსახურებას ნებისმიერ ფილიალში ცოცხალი რიგითაც უპრობლემოდ მიიღებ.

თუ ტექინსპექტირების თარიღი გიახლოვდება, მეტი დეტალის გასაგებად ეწვიე ვებგვერდს greenway.ge ან დაგვიკავშირდი ნომერზე 032 2 99 77 77.

გაიგე მეტი arrow-right icon

რატომ მოწმდება ავტომობილის ტექინსპექტირებისას ძრავის ნაკვეთური?

ძრავის ნაკვეთური კაპოტის ქვეშ არსებული სივრცეა, სადაც ძრავასთან ერთად მისი მუშაობისთვის საჭირო სისტემები და ნაწილები მდებარეობს. მათ შორისაა საწვავის მიწოდების, გაგრილების, შეზეთვისა და ელექტრომომარაგების სისტემები, ასევე აკუმულატორი, ჰაერის ფილტრი, ამძრავი ღვედები, სხვადასხვა სითხის ავზები და გამონაბოლქვის სისტემის რამდენიმე ნაწილი.

ძრავის მუშაობისას ამ სივრცეში მაღალი ტემპერატურა, ვიბრაცია და მექანიკური დატვირთვა იქმნება, რის გამოც რეზინის მილები, ელექტროკაბელები, შეერთებები და შუასადებები დროთა განმავლობაში ცვდება. დაზიანებულმა ნაწილმა შეიძლება სითხის გაჟონვა, ელექტრული ხარვეზი ან სხვა მექანიკური პრობლემა გამოიწვიოს. ამ მიზეზით, ძრავის ნაკვეთურის მდგომარეობის შემოწმება „გრინვეიში“ ტექინსპექტირების ერთ-ერთი სავალდებულო ეტაპია.

რას ამოწმებენ ძრავის ნაკვეთურში ტექინსპექტირებისას?  

ძრავის ნაკვეთურის შემოწმებისას ინსპექტორი რამდენიმე ძირითად დეტალს აკვირდება:

  • გაჟონვის კვალი: მოწმდება, ხომ არ ჟონავს საწვავი, ზეთი ან სხვა სითხე. მათმა ცხელ დეტალებზე მოხვედრამ შეიძლება ხანძრის საფრთხე შექმნას, სითხის ნაკლებობის შემთხვევაში კი შესაბამისმა სისტემამ გამართულად ვეღარ იმუშაოს;
  • ღვედები და მილები: ინსპექტორი ამოწმებს, ხომ არ არის ღვედი გაცვეთილი ან მოშვებული და მილი დაზიანებული. მსგავსმა დაზიანებამ შეიძლება ძრავის გაუმართაობა ან სითხის გაჟონვა გამოიწვიოს;
  • ჰაერის ფილტრი: ძლიერ დაბინძურებული ფილტრი ძრავში ჰაერის მიწოდებას აფერხებს. შედეგად, საწვავი სრულად ვერ იწვის და ავტომობილიდან მეტი მავნე გამონაბოლქვი გამოიყოფა;
  • სითხეების დონე: მოწმდება ძრავის ზეთის, გამაგრილებლის, სამუხრუჭე და საჭის ჰიდრავლიკური სითხეების დონე. რომელიმე მათგანის ნაკლებობა შეიძლება შესაბამის სისტემაში არსებულ ხარვეზზე ან გაჟონვაზე მიუთითებდეს;
  • აკუმულატორი: მოწმდება აკუმულატორის მდგომარეობა, კაბელები და კონტაქტები. კოროზიამ ან მოშვებულმა შეერთებამ შეიძლება ძრავის ჩართვა გაართულოს ან ელექტროსისტემაში გაუმართაობა გამოიწვიოს.

რატომ მოწმდება გამონაბოლქვთან დაკავშირებული ნაწილები ძრავის ნაკვეთურში? 

ძრავის ნაკვეთურში და მის სიახლოვეს მოთავსებულია რამდენიმე ნაწილი, რომელიც გამონაბოლქვის რაოდენობასა და შემადგენლობაზე მოქმედებს. მათ შორისაა კატალიზატორი და ჟანგბადის სენსორი. თუ რომელიმე მათგანი დაზიანებულია ან გამართულად არ მუშაობს, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. მაგალითად, დაზიანებული ან ავტომობილიდან ამოღებული კატალიზატორის შემთხვევაში გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO) შემცველობა იმატებს და ავტომობილი შესაძლოა დადგენილ ნორმებს ვეღარ აკმაყოფილებდეს.

ამ ნაწილების მდგომარეობის შემოწმება მნიშვნელოვანია გარემოს დაბინძურების მხრივაც, რადგან ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა. რაც უფრო მეტი გაუმართავი ავტომობილი გადაადგილდება გზებზე, მით მეტი მავნე ნივთიერება ხვდება ჰაერში. ამიტომ ძრავის ნაკვეთურის დათვალიერებისას ინსპექტორი გამონაბოლქვთან დაკავშირებული ნაწილების მდგომარეობასაც ამოწმებს.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად წაიკითხე ბლოგი ტექინსპექტირებისას გამონავოლქვის შემოწმების შესახებ

რატომ არის მნიშვნელოვანი ძრავის ნაკვეთურის დროული შემოწმება? 

ძრავის ნაკვეთურში არსებული გაუმართაობა ყოველთვის მაშინვე შესამჩნევი არ არის. ზეთის გაჟონვა, ჰაერის ფილტრის დაბინძურება ან აკუმულატორის ტერმინალზე კოროზია თავდაპირველად ავტომობილის მუშაობაზე შეიძლება არც აისახოს. დროთა განმავლობაში კი ასეთი ცვლილებები უფრო სერიოზულ ტექნიკურ პრობლემებს იწვევს.

მაგალითად, გამაგრილებლის მილიდან სითხის გაჟონვის შემთხვევაში მისი დონე თანდათან იკლებს, რამაც შესაძლოა ძრავის გადახურება გამოიწვიოს. კომპონენტების რეგულარული შემოწმება მსგავსი ნიშნების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას და უფრო მძიმე შედეგების თავიდან აცილებას ემსახურება.

მორიგი ტექინსპექტირების ვადა რომ მოგიახლოვდება, ვიზიტი ტექინსპექტირების ცენტრში წინასწარ დაჯავშნე.

გაიარე ტექინსპექტირება დროულად „გრინვეიში“

ტექინსპექტირებისას ავტომობილის სხვადასხვა სისტემაში არსებული ხარვეზები შეიძლება ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდეს, სანამ პრობლემა უფრო სერიოზულ დაზიანებამდე მივა. ამიტომ მორიგი შემოწმების გადადება არ ღირს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტომობილის რომელიმე ნაწილში გაუმართაობა უკვე შეინიშნება. 

შემოწმებისას მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა სტანდარტებით მუშაობს ტექდათვალიერების ცენტრი. „გრინვეი“ თანამშრომლობს Applus+-თან, რომელიც ტექინსპექტირების სფეროში მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. ამ გამოცდილების საფუძველზე, „გრინვეის“ ფილიალებში ავტომობილის შემოწმება, მათ შორის ძრავის ნაკვეთური, ევროპული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს.

ამავე სტანდარტის მომსახურების მიღება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშია შესაძლებელი, რადგან „გრინვეის“ ტექდათვალიერების ცენტრები 32 ლოკაციაზე მუშაობს. ფილიალები მდებარეობს თბილისში, ბათუმში, რუსთავის მაგისტრალზე, ფოთში, ბორჯომში, ახალციხეში, ყვარელში, დუშეთში, ქარელში, კასპში, დედოფლისწყაროსა და სხვა ქალაქებში.

გაიგე მეტი arrow-right icon

რატომ ირჩევს Greenway-ს ათასობით მძღოლი?

საქართველოში ავტომობილების ტექინსპექტირება სავალდებულოა, რადგან მისი მიზანი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და გზებზე ტექნიკურად გამართული ავტომობილების გადაადგილებაა. თუმცა მძღოლისთვის მხოლოდ კანონის მოთხოვნის შესრულება არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ სად და რა პირობებში გაივლის ავტომობილი შემოწმებას.

ყოველწლიურად „გრინვეის“ ნახევარ მილიონზე მეტი მძღოლი ირჩევს. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია, რომელთა გამოც ტექინსპექტირების პროცესი უფრო ორგანიზებული და მძღოლისთვის მოსახერხებელია. ქვემოთ განვიხილავთ, რა გამოარჩევს „გრინვეის“ და რატომ ანდობს მას ავტომობილის შემოწმებას ამდენი მძღოლი.

ინსპექტირება საერთაშორისო სტანდარტებით

„გრინვეი“ 2019 წლიდან საერთაშორისო ასოციაცია CITA-ს წევრია, რომელიც სავალდებულო ტექინსპექტირების სფეროში მომუშავე წამყვან ორგანიზაციებს აერთიანებს. ასოციაცია აღიარებულია ევროპის საბჭოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ეკონომიკური საბჭოს მიერ.

ტექინსპექტირება საქართველოში დადგენილი მოთხოვნების მიხედვით ტარდება, „გრინვეი“ კი მომსახურების პროცესში საერთაშორისო გამოცდილებასაც ეყრდნობა. კომპანიის მთავარი პარტნიორია Applus+, რომელიც ტექინსპექტირების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და 70-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. მომსახურების მოდელი მის მრავალწლიან გამოცდილებასა და საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. სერვისცენტრები კი ფრანგული ბრენდის, MULLER AUTOMOTIVE-ის თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი.

ამ სტანდარტებთან შესაბამისობას აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად ამოწმებს. 2026 წლის შემოწმებაც წარმატებით დასრულდა და დადასტურდა, რომ „გრინვეის“ საქმიანობა დადგენილ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

32 სერვისცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით

საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში „გრინვეის“ 32 ტექინსპექტირების ცენტრი ფუნქციონირებს. მხოლოდ თბილისში 13 ფილიალია განთავსებული, მათ შორის ვაკე-საბურთალოზე, გლდანში, ისანში, დიდუბესა და ვარკეთილში.

თბილისის გარდა, ფილიალები ფუნქციონირებს ბათუმში, ფოთში, ბორჯომში, ახალციხეში, ყვარელში, დუშეთში, ქარელში, კასპში, დედოფლისწყაროსა და ამბროლაურში. მათი დიდი ნაწილი ცენტრალურ გზატკეცილებთან და ავტომაგისტრალებთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ გზად მყოფ მძღოლებს ტექინსპექტირების გასავლელად გზიდან შორს გადახვევა არ უწევთ. 

კომპანია ყურადღებას აქცევს იმასაც, რომ ტექინსპექტირება შორეულ და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მძღოლებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს. ამ მიზნით აჭარაში, სამეგრელოსა და სამცხე ჯავახეთში სამი მობილური სადგური ფუნქციონირებს.

ტექინსპექტირებას დაახლოებით 15-20 წუთი სჭირდება

ტექინსპექტირების გავლას საშუალოდ 15 წუთი სჭირდება. ამ დროის განმავლობაში მოწმდება ავტომობილის ძირითადი სისტემები და ნაწილები, მათ შორის სამუხრუჭო მექანიზმი, საჭე, განათება, საბურავები, გამონაბოლქვი და შასი.

პროცედურისთვის ბევრი დოკუმენტის მომზადება არ არის აუცილებელი. სერვისცენტრში საკმარისია ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის ან მისი ფოტოსურათის წარდგენა. აირზე მომუშავე ავტომობილის შემთხვევაში დამატებით გაზის აპარატურის გამართულობის მოწმობაცაა საჭირო.

ავტომობილის მესაკუთრის ადგილზე ყოფნა სავალდებულო არ არის. შემოწმებაზე მანქანა სხვა პირმაც შეიძლება მიიყვანოს. მას თან უნდა ჰქონდეს სარეგისტრაციო მოწმობა ან მისი ასლი და ავტომობილის გასაღები.

ტექინსპექტირებას ბევრი დრო არ სჭირდება, თუმცა ამ რამდენიმე წუთს საგზაო უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ გაინტერესებს, რა კავშირია ტექნიკურ შემოწმებასა და ავარიების შემცირებას შორის, წაიკითხე ბლოგი: რატომ ამცირებს ტექინსპექტირება ავტოავარიების რიცხვს?

ციფრული სერვისები, რომლებიც შემოწმებას კიდევ უფრო აადვილებს

„გრინვეის“ ვებგვერდზე ტექინსპექტირების ვადის გადამოწმება მხოლოდ მანქანის სახელმწიფო ნომრით შეგიძლია. მონაცემები ეკრანზე რამდენიმე წამში ჩნდება და მარტივად ნახავ, როდის უწევს შენს ავტომობილს მომდევნო ტექინსპექტირება.

ვებგვერდზე SMS შეხსენების გააქტიურებაც შეიძლება. თავად ირჩევ, რამდენი ხნით ადრე მიიღო შეტყობინება, მაგალითად, 14 და 1 დღით ადრე ან 1 თვითა და 3 დღით ადრე. ამ ფუნქციის გასააქტიურებლად ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითება საჭირო.

ტექინსპექტირებამდე ვიზიტის წინასწარ დაჯავშნაც შეგიძლია. ონლაინ ჩაწერისას ირჩევ რეგიონს, ფილიალსა და შენთვის ხელსაყრელ საათს, რის შემდეგაც ჯავშნის დასტური ტელეფონის ნომერზე მოგივა. წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულო არ არის და ტექინსპექტირების გავლა ამის გარეშეც შეიძლება, თუმცა წინასწარი რიგში ლოდინის დროს ამცირებს.

აღსანიშნავის ისიც, რომ ტექინსპექტირების მონაცემები ავტომობილის VIN კოდზეა მიბმული და არა სანომრე ნიშანზე. შესაბამისად, მანქანის გადაფორმების ან ნომრის შეცვლის შემდეგ შემოწმების ვადა არ იცვლება. ახალ მფლობელზეც ძალაში რჩება ის თარიღი, რომელიც ავტომობილს მანამდე ჰქონდა განსაზღვრული.

გამოცდილი და საერთაშორისოდ მომზადებული გუნდი

„გრინვეის“ გუნდში ქვეყნის მასშტაბით 300-მდე პროფესიონალი მუშაობს. კომპანიის ინსპექტორებმა სპეციალური მომზადება ესპანეთში, Applus+-ის ბაზაზე, ხოლო აპარატურის ტექნიკური მოვლისა და გამართვის სპეციალური კურსი საფრანგეთში გაიარეს.

თანამშრომლების ცოდნისა და პროფესიული უნარების განვითარებისთვის კომპანიაში „გრინვეი აკადემია“ შეიქმნა. ამ შიდა სასწავლო პლატფორმაზე 2026 წლის საგანმანათლებლო კურსები უკვე მიმდინარეობს. გარდა ამისა, რეგიონებში მოქმედებს უფასო სტაჟირების პროგრამა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალი პროფესიის შესწავლა და სამუშაო გამოცდილების მიღება შეუძლიათ.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ავტომფლობელი „გრინვეის“ ირჩევს. საერთაშორისო სტანდარტები, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სერვისცენტრები, სწრაფი მომსახურება და ციფრული სერვისები ამ არჩევანის მთავარი მიზეზებია.

გაიგე მეტი arrow-right icon