რატომ მოწმდება ავტომობილის ტექინსპექტირებისას ხმაურის დონე?
ავტომობილის ტექინსპექტირებისას მოწმდება არა მხოლოდ მუხრუჭები, საბურავები, განათების სისტემა და გამონაბოლქვი, არამედ ხმაურის დონეც. „გრინვეიში“ ტექინსპექტირების დროს იზომება ავტომობილის მუშაობისას წარმოქმნილი ხმაური და მოწმდება, შეესაბამება თუ არა მიღებული მაჩვენებელი დადგენილ ნორმას.
რატომ არის მნიშვნელოვანი ავტომობილის ხმაურის დონის კონტროლი?
ხმაურის დონის კონტროლი კანონით დადგენილი მოთხოვნაა, თუმცა მისი მიზანი მხოლოდ რეგულაციების დაცვა არ არის. ზედმეტი ხმაური გავლენას ახდენს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, ისე გარემოზე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც ავტოტრანსპორტის რაოდენობა ძალიან მაღალია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებით, საგზაო ტრანსპორტის ხმაურის საშუალო ზემოქმედება 53 დეციბელზე ნაკლები უნდა იყოს, ღამის პერიოდში კი 45 დეციბელზე ნაკლები. როდესაც ხმაური ამ მაჩვენებლებს აჭარბებს და ადამიანი მის ზემოქმედებას ხანგრძლივად განიცდის, შესაძლოა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა განვითარდეს. ამ გავლენაზე მიუთითებს ბოლო წლებში ჩატარებული არაერთი კვლევაც. ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) 2024 წლის მიმოხილვის მიხედვით, ხმაურიან გარემოში ხანგრძლივად ყოფნა დაკავშირებულია ძილის დარღვევასთან, ჰიპერტენზიასთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და ინსულტთან.
ეს პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევია ქალაქებში, სადაც ხმაურის მთავარი წყარო ტრანსპორტია. ავტომობილების, მატარებლებისა და საჰაერო მიმოსვლის ხმა ურბანულ გარემოზე საგრძნობ გავლენას ახდენს, ამიტომ ტრანსპორტის კონტროლი საერთო აკუსტიკური ფონის შესამცირებლად მნიშვნელოვანია. ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის ხმის დონის შემოწმებაც ამ მიზანს ემსახურება.
ხმაურის გარდა, ტექინსპექტირებისას მოწმდება ავტომობილის სხვა მაჩვენებლებიც, მათ შორის გამონაბოლქვი. თუ გაინტერესებთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ შემოწმებას და რა მოთხოვნები მოქმედებს, წაიკითხეთ ბლოგი: რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას გამონაბოლქვი?
რა არის ავტომობილის დასაშვები ხმაურის ნორმა?
ტექინსპექტირებისას დასაშვები ხმაურის დონე ავტომობილის კატეგორიასა და ძრავის ტიპზეა დამოკიდებული. M1 კატეგორიაში მსუბუქი ავტომობილები შედის, M2 და M3 ავტობუსებს მოიცავს, ხოლო N1, N2 და N3 სხვადასხვა ზომის სატვირთო ავტომობილებს. დადგენილი ზღვრის გადაჭარბება შეიძლება შეფასდეს როგორც უმნიშვნელო ან მნიშვნელოვანი ხარვეზი.
მსუბუქი ავტომობილებისა და მცირე სატვირთოებისთვის (M1, N1), რომლებსაც ბენზინის ძრავა აქვთ, 95-დან 105 დეციბელამდე მაჩვენებელი უმნიშვნელო ხარვეზად ითვლება, 105 დეციბელზე მეტი კი მნიშვნელოვან ხარვეზად. დიზელის ძრავის შემთხვევაში ორივე ზღვარი 5 დეციბელით მაღალია.
ავტობუსებისა და საშუალო ზომის სატვირთოებისთვის (M2, N2) ბენზინის ძრავზე უმნიშვნელო ხარვეზის ზღვარი 100-დან 110 დეციბელამდეა, ხოლო 110-ზე მეტი მაჩვენებელი მნიშვნელოვან ხარვეზად ფასდება. დიზელის ძრავის შემთხვევაში ეს ზღვარი 105-დან 115-მდე იზრდება, 115-ზე მეტი კი უკვე სერიოზულ ხარვეზად ითვლება. დიდი ავტობუსებისა და მძიმე სატვირთოებისთვის (M3, N3) შესაბამისი მაჩვენებლები ბენზინის ძრავზე 105-დან 115-მდეა, დიზელის ძრავზე კი 110-დან 120-მდე.
მნიშვნელოვანი ხარვეზი ფიქსირდება მაშინაც, როცა ავტომობილის ხმა მწარმოებლის მიერ დადგენილ ნორმას 10 დეციბელზე მეტით აჭარბებს. თუ ქარხნული მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის, შეფასებისას ზემოთ მითითებული ზედა ზღვრები გამოიყენება.
რომელ ავტომობილებს არ ეხება ხმაურის დონის შემოწმება?
ხმაურის დონის შემოწმება ყველა ტიპის ტრანსპორტზე არ ვრცელდება. O1, O2 და L კატეგორიებში შემავალი სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის მისაბმელები და გარკვეული ტიპის მოტოტრანსპორტი, სხვა წესებით მოწმდება.
გამონაკლისია კლასიკური ავტომობილებიც, რომელთა გამოშვებიდან 40 წელზე მეტია გასული. იგივე წესი ვრცელდება ტრანსპორტზე, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 25 კმ/სთ-ს არ აღემატება, ასევე იმ ავტომობილებზე, რომელთა ექსპლუატაციაც მფლობელს ოფიციალურად აქვს შეჩერებული.
განსხვავებული მოთხოვნები მოქმედებს სპორტული დანიშნულების ავტომობილებისთვისაც, თუმცა მხოლოდ სპეციალურ, კანონით განსაზღვრულ ტრასებზე გადაადგილების დროს.
თუ თქვენი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების დრო ახლოვდება, ტექინსპექტირების ვიზიტის დაჯავშნა ონლაინ Greenway-ის ვებგვერდიდან შეგიძლიათ.
როგორ იზომება ავტომობილის ხმაურის დონე?
ტექინსპექტირებისას ძრავის მუშაობას სხვადასხვა რეჟიმში ამოწმებენ, მათ შორის უქმ სვლასა და მაღალ ბრუნზე. ხმაურის დონე დეციბელებში იზომება, მიღებული მაჩვენებელი კი ავტომობილის კატეგორიისთვის დადგენილ ნორმას შედარდება.
ამასთან ერთად მოწმდება გამონაბოლქვის სისტემაც. ინსპექტორი ყურადღებას აქცევს მის მთლიანობას, ასევე კატალიზატორისა და ხმის ჩამხშობის მდგომარეობას. მთლიან შემოწმებას დაახლოებით 10-დან15 წუთამდე სჭირდება.
თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ეჭვი გაუჩნდება, რომ გზაზე მოძრავი ავტომობილის ხმა დასაშვებ ზღვარს აჭარბებს, ის ხმაურის დონეს სპეციალურად დაკალიბრებული და სერტიფიცირებული პორტატული მოწყობილობით ამოწმებს. მიღებული შედეგი აჩვენებს, შეესაბამება თუ არა ავტომობილის ხმა დადგენილ ნორმას.
რა მიზეზით შეიძლება ავტომობილმა ხმაურის ტესტი ვერ გაიაროს?
დასაშვები ხმაურის ზღვრის გადაჭარბებას რამდენიმე გავრცელებული მიზეზი აქვს:
- ხმის ჩამხშობის დაზიანება: გახვრეტილმა, გატეხილმა ან გაცვეთილმა ხმის ჩამხშობმა ავტომობილის ხმა შეიძლება საგრძნობლად გაზარდოს;
- გამონაბოლქვის სისტემიდან გაჟონვა: მილის დაზიანება ან შეერთების ადგილებში არსებული ნაპრალები ხმაურს აძლიერებს და სისტემის გამართულ მუშაობას უშლის ხელს;
- არასტანდარტული მოდიფიკაციები: სპორტული ან შეცვლილი ხმის ჩამხშობი ზოგჯერ ავტომობილის ხმას განზრახ აძლიერებს. თუ ამის გამო მაჩვენებელი დადგენილ ზღვარს სცდება, ავტომობილს ხარვეზი დაუფიქსირდება;
- გამონაბოლქვის სისტემის ნაწილების ამოღება ან შეცვლა: სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა შეიძლება როგორც ხმაურზე, ისე გამონაბოლქვზე იმოქმედოს;
- ძრავის გაუმართაობა: უჩვეულო ხმა ან ძლიერი ვიბრაცია ზოგჯერ ძრავის ცალკეული დეტალების ცვეთაზე მიუთითებს და ავტომობილის საერთო ხმაურსაც ზრდის.
როგორ უნდა მოამზადო ავტომობილი ხმაურის შემოწმებისთვის?
ინსპექტირებამდე ავტომობილის წინასწარ შემოწმება ხელს უწყობს ისეთი ხარვეზების აღმოჩენას, რომლებმაც შეიძლება ხმაურის ტესტის შედეგზე გავლენა მოახდინოს.
პირველ რიგში, სასურველია გამონაბოლქვის სისტემის დათვალიერება. მილზე არ უნდა იყოს ნახვრეტები, ბზარები ან კოროზიით დაზიანებული ადგილები. ყურადღება უნდა მიექცეს ძრავის ხმასაც. მუშაობისას ის თანაბარი უნდა იყოს, ხრაშუნისა და ძლიერი ვიბრაციის გარეშე. მოლურჯო ან შავი კვამლი კი შეიძლება სისტემის გაუმართაობაზე მიუთითებდეს.
თუ შემოწმებისას დაზიანებული დეტალი გამოვლინდა, ინსპექტირებამდე მისი შეკეთება სჯობს. დაზიანებული ხმის ჩამხშობი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს, ხოლო კატალიზატორის გამართულ მდგომარეობაში ყოფნა მნიშვნელოვანია როგორც ხმაურის, ისე გამონაბოლქვის მხრივ. ძრავის გამართულ მუშაობაზე გავლენას ახდენს ზეთისა და ფილტრების დროული შეცვლაც.
დაჯავშნე ტექინსპექტირება „გრინვეიში“ და შეამოწმე ავტომობილის ხმაურის დონე
„გრინვეიში“ ტექინსპექტირება ევროპული სტანდარტების შესაბამისად ტარდება. ამ სტანდარტების დასაცავად კომპანია თანამშრომლობს Applus+თან, რომელიც ტექინსპექტირების სფეროში მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრებში თანამედროვე აღჭურვილობა გამოიყენება, რომლითაც მოწმდება როგორც ხმაურის დონე, ისე ავტომობილის სხვა ტექნიკური პარამეტრები.
„გრინვეის“ ტექდათვალიერების ცენტრები ქვეყნის მასშტაბით 32 ლოკაციაზე მუშაობს, ამიტომ შეგიძლია შენთვის სასურველი ცენტრი შეარჩიო. ტექინსპექტირების ვადა რომ არ გამოგრჩეს, მოქმედებს SMS შეტყობინების სისტემაც, რომელიც მოახლოებულ თარიღს წინასწარ შეგახსენებს.