star icon

ბლოგი

რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას ავტომობილის საქარე მინის საწმენდების მდგომარეობა?

ავტომობილის მართვისას მიღებული გადაწყვეტილებების თითქმის 90% ვიზუალურ ინფორმაციას ეფუძნება, რადგან მძღოლი მანძილს, სიჩქარეს, გზაზე არსებულ დაბრკოლებებს, სხვა ავტომობილებსა თუ ქვეითებს საკუთარი თვალით აფასებს. ამიტომ „გრინვეიში“ პერიოდული ტექინსპექტირებისას საქარე მინის სისუფთავე და კარგი ხილვადობა დიდი ყურადღებით მოწმდება. 

რა როლი აქვს საქარე მინის საწმენდ სისტემას და რა კავშირი აქვს მას ხილვადობასთან? 

საქარე მინის საწმენდი სისტემა ორი ნაწილისგან შედგება: საწმენდი პირებისა და სარეცხი მექანიზმისგან. საწმენდი პირები მინას წვიმის, თოვლის, ტალახისა და მწერებისგან წმენდს, ხოლო სარეცხი მექანიზმი მშრალი ჭუჭყის მოსაცილებლად ზედაპირზე სპეციალურ სითხეს აფრქვევს.

გაცვეთილი ან დეფორმირებული რეზინით მინა კარგად არ იწმინდება. ზედაპირზე რჩება წყლის ზოლები, ბუნდოვანი თუ სრულიად გაუწმენდავი ადგილები, რაც მძღოლს გზის დანახვას უძნელებს. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია ძლიერი წვიმის დროს, რადგან დაზიანებული საწმენდი წყლის ნაკადის დროულად მოცილებას ვეღარ ასწრებს. შედეგად, მინაზე წყლის სქელი ფენა გროვდება, ხილვადობა მკვეთრად მცირდება და ავარიის საფრთხე იზრდება.

ავტომობილის ღამით მართვისას ეს პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს. ძველი საწმენდების მიერ მინაზე დატოვებული მიკრონაკაწრები შემხვედრი ავტომობილების ფარების შუქს არეკლავს და მძღოლს თვალს ჭრის. ეს კი ხილვადობას სწორედ იმ მომენტში ამცირებს, როდესაც გზის მკაფიოდ დანახვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

სარეცხი სისტემის ნებისმიერი ხარვეზი, მაგალითად, სითხის ნაკლებობა, შესხურების არასწორი მიმართულება თუ ტუმბოს დაზიანება, საწმენდების მუშაობის ეფექტურობას ამცირებს. მშრალ ზედაპირზე საწმენდების ჩართვისას მტვერი და ტალახი მინაზე უბრალოდ იდღაბნება.

როგორ მოწმდება საქარე მინის საწმენდები ტექინსპექტირებისას და რა მოთხოვნები მოქმედებს? 

პერიოდული ტექდათვალიერების დროს საწმენდების კონტროლი ხილვადობის კატეგორიაში შედის. ამ ნაწილში, საწმენდებთან ერთად, ინსპექტორები საქარე მინის მდგომარეობას, სარკეებსა და ყველა იმ დეტალს აფასებენ, რომელიც მძღოლის თვალთახედვის არეს უკავშირდება.

ევროკავშირის 2014/45/EU დირექტივა, რომელსაც საქართველოს ტექინსპექტირების მოდელი ეფუძნება, რამდენიმე ძირითადი პარამეტრის შემოწმებას ითვალისწინებს. ინსპექტორი, პირველ რიგში, საწმენდი პირების რეზინის მთლიანობას აკვირდება, რათა გამორიცხოს ბზარები, დეფორმაცია ან გამოშრობა. პარალელურად ფასდება თავად მექანიზმის გამართულობაც, კერძოდ, ბერკეტის ზეწოლა მინაზე, მოძრაობის თანაბრობა და სიჩქარის რეჟიმები. მოწმდება სარეცხი სისტემაც.

ევროკავშირის რეგულაციის (EU No 1008/2010) მიხედვით, საწმენდი პირები ხილვადობის ძირითად, ანუ A ზონას, მინიმუმ 98%-ით უნდა წმენდდეს, ხოლო მეორეულ, B ზონას, არანაკლებ 80%-ით. გარდა ამისა, სისტემას სულ მცირე ორი სიჩქარის რეჟიმი უნდა ჰქონდეს, რომელთა შორისაც სხვაობა წუთში არანაკლებ 15 ციკლი იქნება.

შემოწმებისას აღმოჩენილი ხარვეზები სამ კატეგორიად იყოფა. მცირე ხარვეზი ავტომობილის უსაფრთხოებაზე ნაკლებად აისახება, თუმცა მისი მოგვარება მაინც აუცილებელია. მნიშვნელოვან ხარვეზად მიიჩნევა ისეთი დეფექტი, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეებს საფრთხეს უქმნის. ყველაზე მძიმე, საშიში ხარვეზი კი უშუალო რისკებზე მიუთითებს, რის გამოც ავტომობილით გადაადგილება კანონით იკრძალება.

დაჯავშნეთ ინსპექტირება „გრინვეიში“ წინასწარ და ისარგებლეთ სერვისით რიგში მოცდის გარეშე.

რა იწვევს საქარე მინის საწმენდების ცვეთას და რატომ ვერ გადის ავტომობილი შემოწმებას? 

საქარე მინის საწმენდების რეზინზე ამინდის ცვლილება მოქმედებს:

  • სიცხე და მზის სხივები: მზის ულტრაიისფერი სხივები საწმენდის რეზინს აშრობს, ელასტიკურობას უკარგავს და დროთა განმავლობაში აზიანებს;
  • ოზონის ზემოქმედება: ჰაერში არსებულ ოზონთან შეხებისას რეზინის ზედაპირზე უხილავი, წვრილი ბზარები ჩნდება, რაც დროთა განმავლობაში მასალას ფიტავს და აზიანებს;
  • ყინვა და სიცივე: დაბალ ტემპერატურაზე რეზინი უხეშდება, კარგავს დრეკადობას და მინის ზედაპირს მჭიდროდ ვეღარ ეკვრის;
  • მშრალ მინაზე მუშაობა: ზედაპირზე არსებული მტვერი, ქვიშა თუ სხვა წვრილი ნაწილაკები აბრაზივის მსგავსად მოქმედებს და რეზინის სწორ კიდეებს აზიანებს.

მწარმოებლების რეკომენდაციით, საწმენდი პირები 6-12 თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს. საქართველოს კლიმატის პირობებში, რომელიც ცხელი ზაფხულით, ცივი ზამთრითა და უხვი ნალექით გამოირჩევა, ეს ვადა კიდევ უფრო მცირეა.

როგორ უნდა ამოიცნო საქარე მინის საწმენდების ცვეთა ტექინსპექტირებამდე? 

ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი მინაზე წყლის ზოლების დატოვებაა. თუ საწმენდის გადასმის შემდეგ ზედაპირზე სველი ადგილები რჩება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რეზინის კიდე არათანაბრად არის გაცვეთილი და მინას მჭიდროდ ვეღარ ეჭიდება.

ყურადღება უნდა მიაქციო ხმაურსაც. საწმენდების ჩართვისას გაჩენილი ჭრიალი ან უსიამოვნო ხახუნი, როგორც წესი, რეზინის გამოშრობაზე მეტყველებს, რადგან მასალა, რომელმაც ელასტიკურობა დაკარგა, ზედაპირზე თანაბრად ვეღარ სრიალებს.

კიდევ ერთი ნიშანია საწმენდების ე.წ. ხტუნვა – როდესაც საწმენდი მინას შეუფერხებლად არ მიჰყვება, ზოგან ზედაპირს სწყდება და გაუწმენდავ ადგილებს ტოვებს. ეს მაშინ ხდება, როდესაც რეზინმა პირვანდელი ფორმა დაკარგა და მინის დახრილობას ვეღარ ერგება.

დაზიანება ხშირად ვიზუალურადაც შესამჩნევია, რადგან ბზარები, გამოშრობა ან კიდეების არათანაბარი ფორმა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. შესამოწმებლად ეს მარტივი ხერხი გამოიყენე: რეზინის კიდე თითით ოდნავ მოხარე და თუ ის თავდაპირველ ფორმას ნელა დაუბრუნდება ან საერთოდ აღარ გასწორდება, ესე იგი, შესაცვლელია.

ამასთანავე, არ უნდა დაგავიწყდეს სარეცხი სისტემის კონტროლიც. ტექინსპექტირების დროს სპეციალისტები სითხის დონესთან ერთად შესხურების მიმართულებასა და ტუმბოს გამართულობასაც აფასებენ, რადგან მინაზე სითხის თანაბარი განაწილების გარეშე საწმენდები სრულფასოვნად ვერ იმუშავებს.

საქარე მინის საწმენდებს რომ შეამოწმებ და საჭიროებისას ახლით შეცვლი, ტექინსპექტირების გასავლელად „გრინვეის“ უნდა ეწვიო.

„გრინვეის“ ფილიალები მთელ საქართველოში, 32 სხვადასხვა წერტილში დაგხვდება, მათ შორის: თბილისში, ბათუმში, რუსთავის გზატკეცილზე, ფოთში, ბორჯომში, ახალციხეში, ყვარელში, დუშეთში, ქარელში, კასპში, დედოფლისწყაროსა და სხვა ქალაქებში. დროის დასაზოგად ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა greenway.ge/booking-ზე ნებისმიერ დროს შეგიძლია, თუმცა მომსახურებას წინასწარი ჩაწერის გარეშეც, ნებისმიერ ფილიალში უპრობლემოდ მიიღებ.

გაიგე მეტი arrow-right icon

რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას ავტომობილის საბურავები?

საბურავი ერთადერთი დეტალია, რომელიც ავტომობილს გზის ზედაპირთან უშუალოდ აკავშირებს. სწორედ მასზეა დამოკიდებული სამუხრუჭე მანძილი, ტრანსპორტის მდგრადობა სველ საფარზე და უსაფრთხო გადაადგილება ნებისმიერ ამინდში. ამდენად, ტექინსპექტირებისას ამ კომპონენტის შემოწმება სავალდებულო და უმნიშვნელოვანესია.. 

რომელი კრიტერიუმებით ფასდება საბურავის მდგომარეობა „გრინვეიში“? 

„გრინვეის“ სერვისცენტრებში საბურავების მდგომარეობა ოთხი ძირითადი მახასიათებლით ფასდება:

  • ასაკი: საბურავის დამზადებიდან 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული;
  • წარმოების თარიღის ხილვადობა: ოთხივე საბურავის გვერდითა კედელზე არსებული DOT კოდი მკაფიოდ უნდა ჩანდეს;
  • სიმეტრიულობა: სავალდებულოა ან ოთხივე საბურავის სრული იდენტურობა, ან წინა და უკანა ღერძებზე ერთნაირი წყვილების გამოყენება. დაუშვებელია შერეული კომბინაცია;
  • პროტექტორის სიღრმე: ზედმეტად გაცვეთილი ზედაპირი, რომელიც დადგენილ მინიმალურ ზღვარზე დაბალია, ხარვეზად მიიჩნევა.

რატომ ექცევა ამ 4 დეტალს განსაკუთრებული ყურადღება? 

ამ ოთხ მოთხოვნას ერთი მთავარი მიზანი აქვს – დაადგინოს, არის თუ არა საბურავი იმ მდგომარეობაში, რომ საკუთარი ფუნქცია სრულყოფილად შეასრულოს და ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში გზის საფარს საიმედოდ მოეჭიდოს.

პროტექტორის სიღრმე

საბურავის მდგომარეობის შემოწმებისას უმნიშვნელოვანესია პროტექტორის სიღრმე, რომლის მინიმალური დასაშვები ზღვარი 1.6 მმ-ით არის განსაზღვრული. შედარებისთვის, 

ზაფხულის ახალი საბურავის პროტექტორი 8 ან 9 მმ-ია, ხოლო ზამთრის მოდელებში ეს მაჩვენებელი 9-დან 11 მმ-მდე მერყეობს. 


პროტექტორის ღარები წვიმის წყალს მიმართულებას უცვლის, მას გვერდით ატარებს და ამით ავტომობილს გზის საფარზე მოჭიდებას უნარჩუნებს. საბურავის ცვეთის შედეგად მისი ეფექტურობა იკლებს, რის გამოც ასფალტსა და საბურავს შორის წყლის ფენა გროვდება და ავტომობილი ცურვას იწყებს. ეს საშიშია, რადგან მძღოლი ავტომობილზე კონტროლს კარგავს, უძნელდება დამუხრუჭება და მოძრაობის მიმართულების შეცვლა. 

ასაკი და DOT კოდის ხილვადობა 

ასაკთან დაკავშირებით არსებობს ერთი მცდარი შეხედულება, თითქოს მცირე გარბენისა და დაუზიანებელი ზედაპირის მქონე საბურავი 12 ან 15 წლის შემდეგაც უსაფრთხოა. სინამდვილეში, რეზინი დროთა განმავლობაში ქიმიურად ძველდება. ეს მასალა თანდათან ხისტი ხდება, კარგავს ელასტიკურობას, გვერდით კედლებზე უჩნდება მიკრობზარები და შიდა ფოლადის კონსტრუქცია სუსტდება. ეს ცვლილებები შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია, ამიტომ DOT კოდი საბურავის რეალური მდგომარეობის შესაფასებლად ერთადერთი ობიექტური მაჩვენებელია. 


საქართველოს კანონმდებლობით, საბურავის გამოყენების მაქსიმალურ ვადად 10 წელია მიჩნეული. ეს მოთხოვნა საერთაშორისო ინდუსტრიის სტანდარტებს ეფუძნება და მას წამყვანი მწარმოებლებიც იზიარებენ. თუმცა, ისეთი ბრენდები, როგორებიცაა BMW, Toyota და Hyundai, ავტომობილების მფლობელებს საბურავების შეცვლას კიდევ უფრო მკაცრ, 6-წლიან პერიოდში ურჩევენ. 

სიმეტრიულობა 

საბურავების სიმეტრიულობა ავტომობილის სტაბილურობასა და მართვადობაზე დიდ გავლენას ახდენს. განსხვავებული ბრენდის ან სხვადასხვა ასაკის მოდელები დამუხრუჭებაზე, მკვეთრ მანევრსა თუ სველ საფარზე განსხვავებულად რეაგირებს. ასეთ დროს ავტომობილმა შესაძლოა იმ მხარეს გადაუხვიოს, სადაც მოჭიდება უკეთესია, ან მოხვევისას ბალანსი საერთოდ დაკარგოს. 

რას ამოწმებს ინსპექტორი ვიზუალური დათვალიერებისას?

ძირითად კრიტერიუმებთან ერთად, ინსპექტორი საბურავებს ვიზუალურადაც ამოწმებს. განსაკუთრებულ საფრთხეს გვერდითა კედელზე გაჩენილი ე.წ. შებერილობა ქმნის. ეს დეფექტი ორმოში ან ბორდიურზე ძლიერი დარტყმის შედეგად ჩნდება, როდესაც საბურავის შიდა კონსტრუქცია ზიანდება და ჰაერი რეზინის ფენებს შორის გროვდება. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად ეს შეიძლება მცირე დაზიანებად მოგვეჩვენოს, მაღალი სიჩქარით მოძრაობისას საბურავი შესაძლოა უეცრად გასკდეს.


საბურავის კედლებზე გაჩენილი ბზარები მასალის მოძველებაზე მიუთითებს. ეს ძირითადად იმ საბურავებს უჩნდება, რომლებსაც, ფორმალურად, ჯერ კიდევ აქვთ საექსპლუატაციო ვადა, თუმცა მათი ტექნიკური მდგრადობა უკვე საეჭვოა. 

რისი შემოწმება შეგიძლია სერვისცენტრში მისვლამდე დამოუკიდებლად?

მანამ, სანამ ტექინსპექტირების ვიზიტს დაჯავშნი, საბურავები დამოუკიდებლად შეამოწმე. ეს პროცესი სულ რამდენიმე წუთს წაგართმევს და ამისთვის სპეციალური აღჭურვილობაც არ დაგჭირდება.

თავდაპირველად გადაამოწმე DOT კოდი. საბურავის გვერდითა კედელზე იპოვე სიმბოლოები, რომელთა ბოლო ოთხი ციფრი წარმოების კვირასა და წელზე მიგითითებს. მაგალითად, კომბინაცია „2519“ 2019 წლის 25-ე კვირაზე მიანიშნებს. თუ კოდი წაშლილია ან წარმოებიდან 10 წელი უკვე გავიდა, საბურავი აუცილებლად უნდა შეცვალო. 


შემდეგ ეტაპზე პროტექტორი და საბურავის ზედაპირი უნდა დაათვალიერო. თუ რაიმე დაზიანებას აღმოაჩენ, ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი ტექინსპექტირებისთვის მზად არ არის და, უპირველესად, პრობლემის აღმოფხვრაზე უნდა იზრუნო. 

ამავდროულად, ყურადღება მიაქციე ცვეთის ფორმასაც. არათანაბარი ცვეთა ხშირად სავალი ნაწილის დამატებით გაუმართაობაზე მიანიშნებს, რისი მოგვარებაც ვიზიტამდეა სასურველი.

ამრიგად, ის, რაც ვიზუალურად კარგად გამოიყურება, რეალურად შესაძლოა ვადაგასული, ასიმეტრიული ან გაცვეთილი იყოს. სწორედ ასეთი ფარული თუ აშკარა ხარვეზების გამოსავლენად ტარდება ავტომობილის ტექდათვალიერება „გრინვეის“ სერვისცენტრებში. 


თუ საბურავები დადგენილ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ხარვეზის გამოსასწორებლად და განმეორებითი შემოწმებისთვის 30 კალენდარული დღე მოგეცემა. თუმცა უნდა გახსოვდეს, რომ ამ პერიოდში ავტომობილით საერთო სარგებლობის გზებზე გადაადგილება აკრძალულია. ამიტომ, ნუ გადადებ ტექინსპექტირებას, რადგან ხარვეზების უგულებელყოფა გაცილებით მეტ რისკსა და დანახარჯთან არის დაკავშირებული, ვიდრე მათი დროული მოგვარება.

გაიგე მეტი arrow-right icon

რატომ მოწმდება საჭის სისტემა და სავალი ნაწილი ტექინსპექტირებისას?

აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) მონაცემებით, წელიწადში 2 000-მდე ავარიის მიზეზი მართვის მექანიზმის მოულოდნელი დაზიანება ხდება. მსგავსი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, პერიოდული ინსპექტირებისას საჭესა და სავალ ნაწილს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. შემოწმების მიზანია, სპეციალისტმა ხარვეზი მანამ აღმოაჩინოს, სანამ პრობლემა მძღოლისთვის სახიფათო გახდება. 

რა არის საჭის მართვის სისტემა და სავალი ნაწილი?

საჭის მართვის სისტემა რთული მექანიკური ან ელექტროჰიდრავლიკური კვანძების ერთობლიობაა. ის საჭის ბრუნვას თვლებს გადასცემს და მას წრფივ მოძრაობად გარდაქმნის. ამ სისტემაში შედის საჭის ღერძი, მექანიზმი, გამწევი ლილვი, ბურთულოვანი სახსრები და გამაძლიერებელი ნაწილები.


სავალი ნაწილი კი უფრო ფართო ცნებაა. ის ძარასა და თვლებს შორის მოთავსებულ ყველა იმ ელემენტს მოიცავს, რომელიც ავტომობილის სტაბილურობას განაპირობებს. ეს კომპონენტებია: დაკიდება, სტაბილიზატორი, თვლის ნახევარღერძები, საილენტბლოკები, საკისრები, შასი, ქვეძარა, საბურავები და დისკები.


თუ დაინტერესდები: გაეცანი ბლოგს და გაიგე, თუ რატომ მოწმდება მაჩვენებელთა დაფა და რა გავლენას ახდენს ის უსაფრთხოებაზე!

რა გავლენას ახდენს გაუმართავი მექანიზმები ავტომობილის მართვასა და უსაფრთოებაზე?

ამ სისტემების გამართულობა განსაზღვრავს ავტომობილის მართვადობასა და იმას, თუ რამდენად ზუსტად დაემორჩილება ის მძღოლის ბრძანებებს. მაგალითად, დაზიანებული ამორტიზატორი სამუხრუჭე მანძილს ზრდის, მწყობრიდან გამოსული ბურთულოვანი სახსარი კი ბორბლის გეომეტრიას ცვლის. მსგავსი ხარვეზები მშვიდი მგზავრობისას თითქმის შეუმჩნეველია, თუმცა დაბრკოლებისთვის მოულოდნელად გვერდის ავლისას ან სველ და მოყინულ გზაზე მოძრაობისას, შესაძლოა, მძიმე შედეგების მიზეზად იქცეს. 


საკითხის აქტუალობას სტატისტიკაც ადასტურებს. NHTSA-ის კვლევის თანახმად, საჭის, დაკიდების, ტრანსმისიისა და ძრავის გაუმართაობა იმ ავარიების 3%-ში ფიქსირდება, სადაც მიზეზად ტექნიკური ხარვეზია დასახელებული. ერთი შეხედვით, ეს მაჩვენებელი მცირეა, თუმცა სპეციალისტები განმარტავენ, რომ მსგავსი პრობლემების აღმოჩენა საგზაო შემთხვევის შემდეგ რთულდება (ბუნებრივი ცვეთისა და შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ზუსტი დიაგნოსტიკა ხშირად ვერ ხერხდება). შესაბამისად, რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მაღალია.

საჭის სისტემისა და სავალი ნაწილის დაზიანების მთავარი ნიშნები 

საჭისა და სავალი ნაწილის გაუმართაობა თავდაპირველად ნაკლებად შესამჩნევია და თავს მცირე ნიშნებით იჩენს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია:


  • ვიბრაცია და რხევა: უსწორმასწორო გზაზე მოძრაობისას ან დამუხრუჭების დროს საჭის ვიბრაცია. დაზიანებას ხშირად ავტომობილის მსუბუქი რხევა ან სწორხაზოვანი მოძრაობისას გვერდზე გაწევაც (გადახვევა) ახასიათებს;
  • წინა ნაწილის დახრა: დამუხრუჭების მომენტში ავტომობილის წინა ნაწილის მკვეთრი დახრა ამორტიზატორების გაუმართაობაზე მიანიშნებს;
  • დაგვიანებული რეაგირება: საჭის მობრუნებისას სიგნალის დაგვიანება მექანიზმში ე.წ. თავისუფალი სვლის გაზრდის ნიშანია;
  • სპეციფიკური ხმები: ორმოებზე გადავლისას ან მოხვევისას გაგონილი ჩხაკუნი თუ გრუხუნი, როგორც წესი, სხვადასხვა კომპონენტის ცვეთას უკავშირდება;
  • საბურავების ცვეთა: არათანაბარი ცვეთა თვლების გეომეტრიის დარღვევის აშკარა მანიშნებელია;
  • საჭის დამძიმება: მართვისას საჭის მოულოდნელი დამძიმება ან რეაგირების შენელება გამაძლიერებელ სისტემაში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს.

თუ შენს ავტომობილს მსგავსი ხარვეზები აღენიშნება, უსაფრთხოებაზე ზრუნვას ნუ გადადებ – დაჯავშნე ტექინსპექტირება ონლაინ და დროულად აღმოფხვერი ხარვეზები.

რას ამოწმებს ინსპექტორი? 

საჭის სისტემის დათვალიერებისას ინსპექტორი აფასებს მექანიზმის მდგომარეობას, თავისუფალ სვლას, ღერძის ფიქსაციას და ბურთულოვანი სახსრებისა თუ გამწევი ლილვების ცვეთას. ჰიდრავლიკურ სისტემაში მოწმდება სითხის შესაძლო გაჟონვა, ელექტრონულში კი – რეაგირების ხარისხი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ რეგისტრირებული ავტომობილებისთვის საჭე მარცხენა მხარეს უნდა მდებარეობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსპექტირება გავლილად ვერ ჩაითვლება. 


დაკიდებისა და შასის შემოწმებისას ინსპექტორი აკვირდება ამორტიზატორების გამართულობას (სითხის გაჟონვასა და ვიბრაციის ჩახშობის უნარს), ზამბარების მთლიანობას, სტაბილიზატორსა და საკისრებს.


ბზარებისა თუ კოროზიის გამოსავლენად, დეტალურად ფასდება შასისა და ქვეძარის მდგომარეობა. დამატებით მოწმდება საბურავებიც, სადაც პროტექტორის მინიმალური დასაშვები სიღრმე 1.6 მილიმეტრია. ყურადღება ექცევა ცვეთის ერთგვაროვნებასა და ზედაპირულ დაზიანებებს, მათ შორის ბზარებსა და ე.წ. შებერილობებს (ამობურცულ ადგილებს).

რა ხდება ხარვეზის აღმოჩენისას და სად უნდა გავიარო ტექდათვალიერება?

ტექინსპექტირებისას აღმოჩენილი ხარვეზები სამ კატეგორიად იყოფა: მცირე, მნიშვნელოვან და საშიშ დაზიანებებად. 


მნიშვნელოვანი ან საშიში ხარვეზების დაფიქსირებისას ავტომობილი შემოწმებას ვერ გადის. პრობლემის გამოსასწორებლად და განმეორებითი ვიზიტისთვის ავტომფლობელს 30-დღიანი ვადა ეძლევა. საშიში კატეგორიის დაზიანებისას (როგორიცაა, მაგალითად, სავალი ნაწილის უკიდურესი ცვეთა), ავტომობილის გზებზე გადაადგილება ხარვეზის მოგვარებამდე აკრძალულია. 


„გრინვეის“ ტექინსპექტირების ცენტრები აკრედიტებულია და სრულად აღჭურვილია საჭისა და სავალი ნაწილის სრულყოფილი შემოწმებისთვის აუცილებელი ტექნიკით. ინსპექტირების მოდელი ევროპულ სტანდარტებს ეყრდნობა, ფილიალები კი ქვეყნის მასშტაბით 32 ლოკაციაზე მდებარეობს, მათ შორის თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ბორჯომში, ახალციხესა და სხვა ქალაქებში.

გაიგე მეტი arrow-right icon

რატომ მოწმდება ავტომობილის მაჩვენებელთა დაფა ტექინსპექტირებისას?

ავტომობილის ტექინსპექტირებისას ყურადღება ძირითადად სამუხრუჭე სისტემას, ფარებს, გამონაბოლქვსა და სხვა საკვანძო დეტალებს ეთმობა. თუმცა, ამ ჩამონათვალშია კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც მძღოლის ხედვის არეში მუდმივად ხვდება. საუბარია მაჩვენებელთა დაფაზე, რომლის შემოწმებაც „გრინვეის“ სერვისცენტრებში ტექინსპექტირებისას აუცილებელია.

რა არის მაჩვენებელთა დაფა და როგორ მუშაობს?

მაჩვენებელთა დაფა საჭის უკან განთავსებული პანელია, რომელიც მძღოლს ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას აწვდის. მასზე განლაგებულია სპიდომეტრი, ტაქომეტრი, საწვავის დონისა და გაგრილების სითხის ტემპერატურის ინდიკატორები, ასევე სხვადასხვა ტიპის გამაფრთხილებელი თუ საინფორმაციო სიმბოლო. 


თანამედროვე ავტომობილებში ეს მაჩვენებლები ბორტკომპიუტერსა და მრავალრიცხოვან სენსორებს უკავშირდება. მთელი ეს სისტემა OBD II-ზე, ანუ თვითდიაგნოსტიკის მექანიზმზეა აგებული. ის მუდმივად აკონტროლებს ძრავის, გამონაბოლქვისა და სხვა საკვანძო აგრეგატების მუშაობას. გაუმართაობის დაფიქსირებისას ბორტკომპიუტერი შესაბამის დიაგნოსტიკურ კოდს ინახავს და მაჩვენებელთა დაფაზე კონკრეტული სიმბოლოს ანთებით მძღოლს ხარვეზის შესახებ ატყობინებს. 


ინდიკატორების ფერები საერთო სტანდარტით განისაზღვრება და ამ წესს ისეთი მსხვილი მწარმოებლებიც იზიარებენ, როგორებიცაა Ford, Volkswagen, Lincoln და Chrysler: 


  • წითელი სიმბოლოები: მიანიშნებს კრიტიკულ გაუმართაობაზე ან უსაფრთხოების რისკებზე და დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს;
  • ყვითელი და ნარინჯისფერი ნათურები: აღნიშნავს იმ ხარვეზებს, რომელთა ანთების ან ციმციმის დროს მოძრაობის გაგრძელება დასაშვებია, თუმცა ავტომობილის დროული შემოწმება აუცილებელია;
  • მწვანე, ლურჯი და თეთრი სიმბოლოები: მხოლოდ გააქტიურებულ ფუნქციებს ასახავს და ტექნიკურ დაზიანებასთან კავშირი არ აქვს.

რომელ ნათურებს აქცევს ყურადღებას ინსპექტორი?

პერიოდული ტექდათვალიერებისას ინსპექტორები რამდენიმე კონკრეტულ გამაფრთხილებელ ნათურას აკვირდებიან, ესენია: 


  • Check Engine (MIL): მიანიშნებს ძრავის ან გამონაბოლქვის სისტემის ხარვეზებზე, რასაც ბორტკომპიუტერი OBD II სისტემის დახმარებით აფიქსირებს;
  • ABS (დამუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემა): ასახავს სამუხრუჭე მექანიზმის მდგომარეობასა და მის გამართულ მუშაობას;
  • SRS (უსაფრთხოების ბალიშები): ადასტურებს, რომ სისტემა მზადყოფნაშია და საჭიროების შემთხვევაში ბალიშები შეუფერხებლად გაიხსნება;
  • ზეთის წნევის, გაგრილების სითხისა და აკუმულატორის ინდიკატორები: გვიჩვენებს იმ საკვანძო კომპონენტების მდგომარეობას, რომელთა მწყობრიდან გამოსვლაც ავტომობილის გაჩერების ხშირი მიზეზია;
  • TPMS, ESC და Traction Control: აკონტროლებს საბურავებში ჰაერის წნევას, ავტომობილის წონასწორობასა და გზის საფართან ბორბლების მოჭიდებას.

როგორ მოწმდება მაჩვენებელთა დაფა ტექინსპექტირებისას?

ინსპექტირების ცენტრებში მაჩვენებელთა დაფას, პირველ რიგში, ვიზუალურად ამოწმებენ. ეს პროცესი სულ რამდენიმე წუთს გრძელდება. 


თავდაპირველად სისტემა ძრავის ამუშავების გარეშე ირთვება, რათა მაჩვენებელთა დაფაზე ყველა გამაფრთხილებელი სიმბოლო აინთოს. სპეციალისტები ამ საფეხურს „Bulb Check“-ს უწოდებენ და ის თითოეული ნათურის გამართულობას ადასტურებს. თუ რომელიმე ინდიკატორი ამ დროს საერთოდ არ აინთება, ეს შესაძლოა დამწვარ ნათურაზე ან სხვა ელექტრონულ დაზიანებაზე მიუთითებდეს. 


მომდევნო ეტაპზე ძრავა ირთვება და ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი მომენტალურად უნდა ჩაქრეს. თუ რომელიმე მათგანი კვლავ ანთებული დარჩება, ინსპექტორი შესაბამისი სისტემის გაუმართაობას აღრიცხავს. 


გარდა ვიზუალური შემოწმებისა, ინსპექტორი OBD II დიაგნოსტიკურ სკანერსაც იყენებს. ეს მოწყობილობა ბორტკომპიუტერში შენახულ ხარვეზის კოდებს კითხულობს. სკანირება იმისთვის ტარდება, რომ გამოირიცხოს ნათურის ფიზიკური დაზიანებით ან მისი განზრახ გათიშვით პრობლემის დამალვა.

რატომ აქვს ამ შემოწმებას კავშირი საგზაო უსაფრთხოებასთან?

ვინაიდან მაჩვენებელთა დაფის ინდიკატორების დახმარებით მძღოლი სისტემის გამართულობას აკონტროლებს, ამ სიგნალების უგულებელყოფას ხშირად მძიმე შედეგები მოჰყვება. ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. 


ბრიტანული საგზაო დახმარების კომპანიის, Green Flag-ის კვლევის თანახმად, ანთებული ნათურის უგულებელყოფის გამო მძღოლების 18%-ს ავტომობილი მოულოდნელად გაუჩერდა, 10% საგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა, ხოლო 11%-ის ავტომობილი სერიოზულად დაზიანდა. Halfords-ის მონაცემებით კი, ანთებული ინდიკატორების 18% სამუხრუჭე სისტემაში, ხოლო 16% უსაფრთხოების ბალიშებში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებდა – ეს ორივე კომპონენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის.

რა გავლენას ახდენს ანთებული ნათურა ტექინსპექტირების შედეგზე?

საქართველოს №510 რეგლამენტის მიხედვით, ტექინსპექტირებისას აღმოჩენილი გაუმართაობა სამ კატეგორიად იყოფა. თითოეული მათგანი განსაზღვრავს, ჩაითვლება თუ არა შემოწმება გავლილად და რა ვადაში უნდა მოგვარდეს გამოვლენილი პრობლემა: 


  • უმნიშვნელო ხარვეზი: ავტომობილი ინსპექტირებას გადის, თუმცა მფლობელმა პრობლემა უახლოეს პერიოდში უნდა მოაგვაროს.

  • მნიშვნელოვანი ხარვეზი: ტექდათვალიერება წარმატებით ვერ სრულდება, რის გამოც ავტომფლობელს მდგომარეობის გამოსასწორებლად და განმეორებითი შემოწმებისთვის 30 კალენდარული დღე ეძლევა.

  • სახიფათო ხარვეზი: ავტომობილი მოძრაობისთვის დაუყოვნებლივ უვარგისად მიიჩნევა და გზებზე მისი გადაადგილება შეკეთებამდე იკრძალება.

მაჩვენებელთა დაფის დათვალიერებისას, ანთებული SRS ნათურა, რომელიც უსაფრთხოების ბალიშის გაუმართაობაზე მიანიშნებს, მნიშვნელოვან ხარვეზად ფასდება, რადგან ავარიის მომენტში დაზიანებული სისტემა შესაძლოა შეფერხებით ამოქმედდეს.  ABS-ის ანთებული ინდიკატორიც დახარვეზების საფუძველია, რადგან ის სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობას აღნიშნავს (თავის მხრივ, სამუხრუჭე სისტემის მაჩვენებელი შეიძლება სითხის დაბალ დონეს, გაცვეთილ ხუნდებს ან ჰიდრავლიკურ პრობლემებს ასახავდეს).

Check Engine-ის მუდმივი ნათება ძრავის ან გამონაბოლქვის სისტემაში არსებულ ხარვეზზე მიუთითებს. ევროპული რეგულაციებით, 2003 წლის ივლისიდან რეგისტრირებული ბენზინისა და 2008 წლის ივლისიდან რეგისტრირებული დიზელის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის MIL (Check Engine) ნათურის ანთების შემთხვევაში ტრანსპორტი ავტომატურად ხარვეზდება. 

იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გაივლის, მფლობელს ინსპექტირების ბარათი გადაეცემა, რომელშიც ყველა გამოვლენილი ხარვეზია აღნიშნული. ამ პრობლემების გამოსასწორებლად 30 კალენდარული დღეა გამოყოფილი. განმეორებითი ტექინსპექტირების დაჯავშნა ონლაინაა შესაძლებელი და ამ დროს მხოლოდ ის დეტალები მოწმდება, რომლებიც წინა ეტაპზე ხარვეზად ჩაითვალა. 

გაიარე ტექინსპექტირება „გრინვეიში“

ავტომობილის მაჩვენებელთა დაფა სისტემების მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გაწვდის. თითოეული ინდიკატორი იმ მექანიზმების გამართულობას ასახავს, რომლებზეც შენი და მგზავრების უსაფრთხოებაა დამოკიდებული. 

სწორედ ამიტომ, დროულად დაგეგმე ტექინსპექტირება „გრინვეიში“ და დარწმუნდი, რომ ავტომობილი სრულად გამართულია. ტექინსპექტირების ცენტრები საქართველოში 32 ლოკაციაზეა განთავსებული – თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ბორჯომში, ახალციხეში, ყვარელში, დუშეთში, ქარელში, კასპში, დედოფლისწყაროსა და სხვა ქალაქებში.

გაიგე მეტი arrow-right icon