star icon

ბლოგი

ტექინსპექტირება ბათუმში: მისამართი, სამუშაო საათები და სხვა საჭირო ინფორმაცია

„გრინვეი“ ბათუმში მძღოლებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისს სთავაზობს. ამიტომ ის უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე გადავიდა, რათა ავტომფლობელებს ვიზიტისთვის ნაკლები დრო და ძალისხმევა დასჭირვებოდათ. 

„გრინვეის“ სერვისცენტრები ბათუმში

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოქმედ „გრინვეის“ ტექინსპექტირების ცენტრებს შორის ერთ-ერთი ბათუმში, შალვა დადიანის ქუჩის 3 ნომერში მდებარეობს, ბაგრატიონისა და დადიანის ქუჩების კვეთასთან, ბენზინგასამართ სადგურ „ქონექთის“ გვერდით.

ფილიალი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობს, შაბათს კი 10:00 საათიდან 15:00 საათამდე. აქ ტექინსპექტირებას გადიან M1, M2 და M3 კატეგორიის სამგზავრო ავტომობილები, N1, N2 და N3 კატეგორიის სატვირთო ავტომობილები, ასევე O3 და O4 კატეგორიის მისაბმელები.

„გრინვეის“ კიდევ ერთი სერვისცენტრი ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩის 18 ნომერში მდებარეობს. ეს ფილიალი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ქობულეთში ან აჭარის ჩრდილოეთ ნაწილში გადაადგილდება. სამუშაო საათები ბათუმის ფილიალის განრიგს ემთხვევა და ტექინსპექტირებას აქაც იმავე კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები გადიან.

რას ამოწმებენ ინსპექტირებისას?

მანქანის ტექინსპექტირება დაახლოებით 15 წუთი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში სპეციალისტები რამდენიმე ძირითად სისტემასა და დეტალს ამოწმებენ.

შემოწმება ავტომობილის საბუთებისა და ფაქტობრივი მონაცემების შედარებით იწყება. ცენტრში ამოწმებენ VIN კოდს, სახელმწიფო ნომერსა და ტექპასპორტში მითითებულ ინფორმაციას. ამავე ეტაპზე ყურადღება ექცევა საწვავის ტიპს, ქარხნული კატალიზატორის არსებობას და იმასაც, ხომ არ არის ავტომობილის კონსტრუქციაში თვითნებური ცვლილება შეტანილი.

მომდევნო ნაბიჯი სამუხრუჭო სისტემის შეფასებაა, სადაც დისკების მდგომარეობას, სითხის რაოდენობასა და ხელის მუხრუჭს აფასებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში მოძრაობისას მძღოლებს ინტენსიური დამუხრუჭება უწევთ, ეს კომპონენტები ხარვეზების საკმაოდ გავრცელებული მიზეზია.

საჭით მართვის სისტემის შემოწმებისას ყურადღება ექცევა მის რეაგირებასა და თავისუფალ სვლას. დაგვიანებული რეაქცია ან ზედმეტად დიდი თავისუფალი სვლა შეიძლება ავტომობილის დახარვეზების მიზეზი გახდეს.

ხილვადობისა და განათების ბლოკში ფარების, სამუხრუჭო შუქების, მოხვევის მაჩვენებლების, სარკეებისა და საწმენდების მუშაობას აკვირდებიან. საქარე მინასაც საგანგებოდ ათვალიერებენ, რადგან მასზე არსებული ნებისმიერი თვალსაჩინო ბზარი თუ დაზიანება ავტომობილის მართვისას თვალთახედვის არეს ზღუდავს და უსაფრთხოების რისკებს აჩენს. 

საბურავების შემთხვევაში კონტროლდება მათი ზომა, გამოშვების წელი, ცვეთის ხარისხი და ღარების სიღრმე. წესის თანახმად, ერთსა და იმავე ღერძზე აუცილებლად იდენტური ტიპისა და პარამეტრების საბურავები უნდა ეყენოს.

ყველაფერი კი შასის, დაკიდების სისტემის, გამონაბოლქვის, უსაფრთხოების ღვედებისა და აირბაგების ინდიკატორების შემოწმებით სრულდება.

როგორ უნდა მოიქცე, თუ ავტომობილი დახარვეზდა?

თუ ავტომობილი ტექინსპექტირებას პირველივე ცდაზე ვერ გაივლის, ხარვეზების გამოსასწორებლად 30 დღე გეძლევა. ამ პერიოდში განმეორებითი შემოწმებისთვის „გრინვეის“ ნებისმიერ ფილიალს შეგიძლია მიმართო. იმავე სერვისცენტრში დაბრუნება სავალდებულო არ არის. ხელახალი ვიზიტისას მხოლოდ იმ ნაწილებს შეამოწმებენ, რომელთა გამოც ავტომობილი დახარვეზდა.

გაითვალისწინე, რომ სახიფათო გაუმართაობის აღმოჩენისას, ავტომობილის მართვა იკრძალება. 

თუ ავტომობილი შემოწმებას მეორედაც ვერ გაივლის, ხარვეზების გამოსასწორებლად დამატებით 10 დღე გეძლევა. იგივე ვადა მოქმედებს ყოველი მომდევნო შემოწმების შემდეგაც, სანამ ავტომობილი ტექინსპექტირებას წარმატებით არ გაივლის.

რა საბუთებია საჭირო შემოწმებისთვის?

სერვისცენტრში მისვლისას ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა, იგივე ტექპასპორტი დაგჭირდება. ორიგინალის წაღება აუცილებელი არ არის, რადგან საკმარისია მისი ასლი ან ტელეფონში გადაღებული ფოტოც. პირადობის მოწმობაც სასურველია თან გქონდეს, თუმცა ტექინსპექტირების გავლა მის გარეშეც შეგიძლია.

თუ ავტომობილი აირზე მუშაობს, CNG, LPG ან LNG სისტემით, დამატებით გაზის მოწყობილობის გამართულობის მოწმობაც უნდა წარადგინო. ამასთან, სარეგისტრაციო მოწმობაში საწვავის ტიპად „ბენზინი-აირი“ უნდა იყოს მითითებული.

ავტომობილის სერვისცენტრში მიყვანა მფლობელის გარდა სხვა ადამიანსაც შეუძლია. ამისთვის მინდობილობა ან დამატებითი საბუთი საჭირო არ არის. საკმარისია, თან ჰქონდეს ავტომობილის გასაღები და ტექპასპორტი, თუნდაც ელექტრონული სახით.

რა სიხშირით უნდა გაიაროს ავტომობილმა ტექინსპექტირება?

ტექინსპექტირების სიხშირე ავტომობილის ასაკსა და კატეგორიაზეა დამოკიდებული. მაგალითად, გამოშვებიდან 4 წლამდე ასაკის მსუბუქი ავტომობილები, M1 კატეგორია, შემოწმებისგან თავისუფლდებიან. 4 დან 8 წლამდე ასაკის ავტომობილებმა ტექინსპექტირება ორ წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ, 8 წელზე უფროსმა მანქანებმა კი ყოველწლიურად.

უფრო ხშირი შემოწმება უწევთ იმ სამგზავრო ავტომობილებს, რომლებშიც მძღოლის გარდა 8 ზე მეტი ადგილია, ანუ M2 და M3 კატეგორიებს. ისინი პირველ ტექინსპექტირებას გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ გადიან, შემდეგ ყოველწლიურად, ხოლო 4 წლის შემდეგ ექვს თვეში ერთხელ. ასეთივე სიხშირით მოწმდება ლიცენზირებული ტაქსებიც, მათი ასაკის მიუხედავად.

პორტის სიახლოვის გამო, ბათუმში ბევრი ახლად შემოყვანილი ავტომობილი მოძრაობს. საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი ტრანსპორტისთვის სპეციალური პირობა მოქმედებს, რადგან მათი შემოწმება განბაჟებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მოესწროს. ამ დროის ამოწურვის შემდეგ, ავტომობილი ავტომატურად ვადაგადაცილებულად ჩაითვლება.

დაგეგმე ვიზიტი ბათუმის ან ქობულეთის ცენტრში

„გრინვეის“ ბათუმის ფილიალში ტექინსპექტირება ევროპული სტანდარტების შესაბამისად ტარდება. ავტომობილის შესამოწმებლად სერვისცენტრში ფრანგული წარმოების MULLER AUTOMOTIVE-ის თანამედროვე დანადგარები გამოიყენება.

თუ რიგში მოცდა არ გსურს, ავტომობილის ტექინსპექტირების დაჯავშნა წინასწარ შეგიძლია და შენთვის სასურველი დროც შეარჩიო. წინასწარი ჩაწერა სავალდებულო არ არის და სერვისცენტრში ცოცხალი რიგით მისვლაც შეგიძლია.

თუ ტექინსპექტირების ვადა ახლოვდება და დამატებითი ინფორმაციის მიღება გჭირდება, დეტალებს greenway.ge-ზე გაეცნობი ან საინფორმაციო ცენტრს ნომერზე 032 2 99 77 77 დაუკავშირდები.

გაიგე მეტი arrow-right icon

შესაძლებელია თუ არა გამონაბოლქვში CO-ს ხელოვნურად შემცირება ტექინსპექტირების წინ?

2019 წელს, როდესაც საქართველოში პერიოდული ტექინსპექტირება სავალდებულო გახდა, გაჩნდა არაერთი რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა ინსპექტირების დღეს CO-ს მაჩვენებლის შემცირება ავტომობილის ხარვეზის აღმოფხვრის გარეშე. ამ საკითხზე სხვადასხვა რეკომენდაცია დღემდე ვრცელდება. 

ამ ბლოგში „გრინვეის“ ინსპექტორები ხუთ ასეთ გავრცელებულ მეთოდს განიხილავენ და განმარტავენ, რატომ არის ეს მეთოდები არა მხოლოდ არაეფექტური, არამედ საფრთხის შემცველიც. 

ავზში სპირტის ჩასხმა CO-ს მაჩვენებელს შეამცირებს 

ამ რჩევას გარკვეული საფუძველი აქვს. სპირტის დამატებამ შესაძლოა წვის პროცესზე დროებით იმოქმედოს და გაზოანალიზატორმა CO-ს შედარებით დაბალი მაჩვენებელი დააფიქსიროს. თუმცა ეს ეფექტი დროებითია და პრობლემის გამომწვევ მიზეზს ვერ აგვარებს. ამიტომ, როგორც კი სპირტის ეფექტი გაივლის, CO-ს მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება. მეტიც, სპირტის თვითნებურად დამატებამ საწვავის სისტემის ზოგიერთი დეტალიც შეიძლება დააზიანოს, განსაკუთრებით იმ ავტომობილებში, რომელთა სისტემა ასეთი ნარევისთვის არ არის გათვლილი.


თუ დაინტერესდები: გაეცანი ბლოგს და გაიგე, რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას გამონაბოლქვი და რა ზიანი მოაქვს ჭარბ CO-ს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ემულატორის დაყენება ტექინსპექტირების შედეგს შეცვლის

კატალიზატორის მოხსნის ან დაზიანების შემდეგ ბორტკომპიუტერი ხარვეზს აფიქსირებს და პანელზე Check Engine-ის ინდიკატორი ინთება. მის ჩასაქრობად ხშირად იყენებენ ემულატორს. ეს არის მექანიკური ან ელექტრონული მოწყობილობა, რომლის გამოყენებისას ბორტკომპიუტერმა შეიძლება მიიღოს ისეთი სიგნალი, თითქოს კატალიზატორი გამართულად მუშაობს.

ემულატორმა შესაძლოა ბორტკომპიუტერი შეცდომაში შეიყვანოს და ინდიკატორი ჩააქროს, თუმცა ტექინსპექტირების შედეგზე გავლენას ვერ ახდენს. გაზოანალიზატორი ხარვეზის კოდებს არ ამოწმებს. ის უშუალოდ გამოსაბოლქვი მილიდან გამოსული აირის შემადგენლობას ზომავს, რომელსაც ემულატორი ვერ ცვლის. ამიტომ მაჩვენებელთა დაფაზე გაფრთხილება შეიძლება აღარ ჩანდეს, მაგრამ CO კვლავ ნორმაზე მაღალი იქნება. 

ამიტომ ტექინსპექტირების დაჯავშნამდე მხოლოდ Check Engine-ის ინდიკატორის ჩაქრობაზე ზრუნვა საკმარისი არ არის. თუ კატალიზატორი მოხსნილი ან დაზიანებულია, CO-ს მაჩვენებელი კვლავ დასაშვებ ნორმაზე მაღალი დარჩება. 

კატალიზატორის მოხსნა CO-ს პრობლემას მოაგვარებს 

გავრცელებულია მოსაზრება, რომ დაბინძურებული კატალიზატორის მოხსნა და მის ნაცვლად ალის ჩამქრობის დაყენება გამონაბოლქვის პრობლემას მოაგვარებს. სინამდვილეში ამ ორ დეტალს განსხვავებული ფუნქცია აქვს: ალის ჩამქრობი მხოლოდ გამონაბოლქვის ნაკადსა და ხმაურს ამცირებს, კატალიზატორი კი ნახშირჟანგს, ნახშირწყალბადებსა და აზოტის ოქსიდებს ნაკლებად მავნე ნაერთებად გარდაქმნის. 

ამიტომ კატალიზატორის მოხსნა CO-ს მაღალ მაჩვენებელს ვერ შეამცირებს. პირიქით, გამონაბოლქვის სისტემა კარგავს კომპონენტს, რომელიც მავნე ნივთიერებების შემცირებაზეა პასუხისმგებელი. შედეგად, ბენზინის ძრავის მქონე ავტომობილი გაზოანალიზატორით შემოწმებისას, დამატებითი მცდელობის მიუხედავად, დადგენილ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს. 

პრემიუმ საწვავი CO-ს მაჩვენებელს შეამცირებს 

მაღალი ოქტანური რიცხვი საწვავის ნაადრევი აალებისადმი მდგრადობაზე მიუთითებს და არა მის ხარისხზე. ამ თვისების გამო მაღალოქტანური საწვავი იმ ძრავებისთვისაა განკუთვნილი, რომლებშიც შეკუმშვის ხარისხი მაღალია. 

თუ ავტომობილის ძრავა მაღალოქტანურ საწვავს არ საჭიროებს, მხოლოდ პრემიუმ საწვავზე გადასვლა CO-ს მაღალ მაჩვენებელს ვერ გამოასწორებს. ამიტომ ავტომობილი მწარმოებლის მიერ რეკომენდებული ოქტანობის საწვავით უნდა შეივსოს როგორც ტექინსპექტირების წინ, ისე ყოველდღიური გამოყენებისას.

სპეციალური დანამატი CO-ს მაღალ მაჩვენებელს გამოასწორებს 

ბაზარზე მრავალი დანამატი იყიდება, რომლის დანიშნულებაც გამონაბოლქვის შემცირებაა. მათი დიდი ნაწილი საწვავის სისტემაში დაგროვილ ნადებს, მათ შორის საქშენებზე წარმოქმნილ ჭუჭყს, აშორებს. ამიტომ, თუ CO-ს მაღალი მაჩვენებელი დაბინძურებულ საქშენებს უკავშირდება, ასეთმა საშუალებამ შესაძლოა შედეგი მართლაც გამოიღოს. 

თუმცა დანამატი მხოლოდ ამ კონკრეტულ მიზეზზე მოქმედებს. ის ვერ შეცვლის გაცვეთილ სანთლებს, ვერ შეაკეთებს ლამბდა სენსორს და ვერც დაზიანებულ კატალიზატორს აღადგენს. ამიტომ გამოყენებამდე ჯერ CO-ს მომატების მიზეზი უნდა დადგინდეს.

რა იწვევს CO-ს მაღალ მაჩვენებელს და როგორ უნდა გამოსწორდეს პრობლემა ტექინსპექტირებამდე? 

CO-ს მაღალი მაჩვენებელი ყველაზე ხშირად შემდეგ მიზეზებს უკავშირდება: 

  • გაცვეთილი სანთლები ნაპერწკალს ასუსტებს, რის გამოც საწვავი სრულად ვერ იწვის;
  • დაბინძურებული ჰაერის ფილტრი ძრავში ჰაერის მიწოდებას აფერხებს და საწვავისა და ჰაერის თანაფარდობას არღვევს;
  • დაბინძურებული საქშენები საწვავს არათანაბრად აფრქვევს, რაც წვის პროცესზე უარყოფითად აისახება;
  • გაუმართავი ლამბდა სენსორი ელექტრონულ ბლოკს არასწორ მონაცემებს გადასცემს, რის გამოც ძრავას ჭარბი საწვავი მიეწოდება;
  • დაზიანებული კატალიზატორი გამონაბოლქვში ნახშირჟანგის რაოდენობას სათანადოდ ვეღარ ამცირებს;
  • დაძველებული ძრავის ზეთი ნახშირწყალბადებით არის გაჯერებული და შესაძლოა გამონაბოლქვის მაჩვენებლებზე უარყოფითად აისახოს.

ხარვეზის დროულად გამოსწორების შემდეგ ავტომობილი ნაკლებ საწვავს მოიხმარს, გარემოს ნაკლებად აბინძურებს და ტექინსპექტირებისთვისაც სათანადოდ არის მომზადებული. 

პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ ვიზიტი წინასწარ დაგეგმე და შეამოწმე, აკმაყოფილებს თუ არა ავტომობილი დადგენილ ნორმებს. „გრინვეის“ სერვისცენტრები ქვეყნის მასშტაბით 32 ლოკაციაზე მუშაობს, მათ შორის თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, ფოთში, ბორჯომში, ახალციხესა და სხვა ქალაქებში.

გაიგე მეტი arrow-right icon

რატომ მოწმდება ავტომობილის ტექინსპექტირებისას წინა ფარები, ნათურები და ციმციმის სიხშირე?

ღამით და ცუდი ხილვადობის პირობებში ავტომობილის განათების სისტემა უსაფრთხო გადაადგილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წინა ფარები გზის ხილვადობას აუმჯობესებს, სასიგნალო განათება კი მოხვევის, დამუხრუჭებისა და უკან სვლის მანიშნებელია.

თუ ფარები არასწორადაა დარეგულირებული, რომელიმე ნათურა არ მუშაობს ან ციმციმის სიხშირე დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, გზაზე ხილვადობა და სხვა მძღოლებისთვის სიგნალის სწორად აღქმა რთულდება. სწორედ ამის გამო ტექინსპექტირებისას მოწმდება როგორც წინა ფარებისა და ნათურების მდგომარეობა, ისე მოხვევის მაჩვენებლების ციმციმის სიხშირე.

რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას წინა ფარები?

ღამით ან ცუდი ხილვადობის პირობებში მძღოლი გზას წინა ფარების დახმარებით აღიქვამს. თუმცა, აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) მონაცემებით, ავტომობილების ნახევარზე მეტში განათების სისტემა არასწორადაა დარეგულირებული. ასეთ დროს სინათლის ნაკადი 20-40%-ით იკლებს, რის გამოც ჩაბნელებული გზა კარგად ვერ აღიქმება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 110 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას მძღოლს საფრთხეზე რეაგირებისთვის დაახლოებით 1 წამით ნაკლები დრო რჩება.

ავტომობილის ტექინსპექტირებისას ფასდება, რამდენად ნათლად ჩანს გზა და ხომ არ უშლის შუქის ნაკადი ხილვადობას შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მძღოლებს. საერთაშორისო ავტოინსპექტირების კომიტეტის №25 რეკომენდაციის თანახმად, ფარების ვერტიკალური დახრა -0.5%-დან -3.5%-მდე უნდა იყოს. დადგენილი ნორმიდან გადახრა პრობლემურია, რადგან ზემოთ მიმართული სინათლე სხვა მძღოლებს თვალს ჭრის, ზედმეტად დაბლა დახრილი კი გზის საფარის დანახვას აფერხებს. ამიტომ ტექინსპექტირების ცენტრებში სპეციალური აპარატით აფასებენ როგორც დახრას, ისე განათების ფერს.

რატომ მოწმდება ქარხნულად გათვალისწინებული ნათურები?

ავტომობილის განათება, სამუხრუჭე სიგნალები, უკან სვლის შუქი, ნისლსაწინააღმდეგო ფარები და ნომრის განათება მძღოლებს შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალებაა. ერთი ელემენტის გაუმართაობაც კი საფრთხეს ქმნის, რადგან სხვა მძღოლმა შესაძლოა სამუხრუჭე სიგნალი ვერ დაინახოს ან მანქანის რეალური ზომა ვერ განსაზღვროს. 


საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მოწმდება ყველა ქარხნული ნათურა. თუ რომელიმე მათგანი მწყობრიდანაა გამოსული ან ავტომობილზე თვითნებურად დამონტაჟებულია არასტანდარტული LED და ლაზერული ფარები, ეს დარღვევად მიიჩნევა. 

რატომ მოწმდება ციმციმის სიხშირე და რატომ არის ზღვარი 60–120?

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მოხვევის მაჩვენებლის ციმციმის სიხშირე წუთში 60-დან 120-მდე უნდა მერყეობდეს.


60-ზე ნაკლები სიხშირის დროს ადამიანის თვალი სიგნალს დაგვიანებით აღიქვამს, რის გამოც სხვა მძღოლმა შესაძლოა მოსალოდნელი მანევრი დროულად ვერ შეამჩნიოს. წუთში 120-ზე მეტი ციმციმი კი საპირისპირო შედეგს იწვევს. ასეთ დროს სინათლე თითქმის უწყვეტად მოჩანს, რაც მძღოლს ყურადღებას უფანტავს და თვალს ადვილად ღლის. გარდა ამისა, ზედმეტად სწრაფი ტემპი ბევრი ადამიანისთვის დისკომფორტის მომტანია და სიგნალის გარჩევას ართულებს. 


ციმციმის სიხშირის შემოწმებას ტექნიკური დატვირთვაც აქვს. ციმციმის მკვეთრი აჩქარება ხშირად ნათურის გადაწვის ნიშანია. ვინაიდან სისტემა კონკრეტულ წინაღობაზეა გათვლილი, ერთი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლისას ნათურის ციმციმის სიჩქარე იზრდება. შესაბამისად, ამ პარამეტრის გაზომვით სიგნალის გამართულობა და ნათურების მდგომარეობა ერთდროულად მოწმდება.


რეგულაცია ასევე მოითხოვს, რომ ავტომობილის ერთ მხარეს განლაგებული ყველა მიმთითებელი სინქრონულად ინთებოდეს და ქრებოდეს.


ისარგებლე „გრინვეის“ სერვისებით და დაჯავშნე ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში ტექინსპექტირების გასავლელად.

რა მოხდება, თუ განათების სისტემის გაუმართაობის გამო ავტომობილი ტექინსპექტირებას წარმატებით ვერ გაივლის?

განათების სისტემის ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მფლობელს გაუმართაობის გამოსასწორებლად 30 კალენდარული დღე ეძლევა. განმეორებითი ინსპექტირების დროს ავტომობილი მოწმდება ვიზუალურად და იმ აღმოჩენილ ხარვეზებზე, რაც დაფიქსირდა პირველადი ინსპექტირების დროს.


განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ფარებს. მათი განათება მარცხენამხრივი მოძრაობისთვისაა შექმნილი, რის გამოც მოპირდაპირე მხარეს მიმავალ მძღოლებს ხილვადობას უზღუდავს. საქართველოში, სადაც მსგავსი იმპორტი ხშირია, ეს საკითხი დახარვეზების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 

ტექინსპექტირების დროული გავლა „გრინვეის“ სერვისცენტრებში

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტექინსპექტირებისას განათების სისტემის გაუმართაობის გამო საკმაოდ ბევრი ავტომობილი ხარვეზდება. ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პარალელურად რეგულაციები ეტაპობრივად მკაცრდება, ამიტომ ინსპექტირების თარიღის „გრინვეის“ პლატფორმაზე შერჩევა და ვიზიტის წინასწარ დაგეგმვა პროცესის მშვიდად გავლის საუკეთესო წინაპირობაა.

„გრინვეი“ საერთაშორისო ბრენდ Applus+-ის პარტნიორია, რომელიც ტექინსპექტირების სფეროში მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. შესაბამისად, ფილიალებში მოქმედი შემოწმების მოდელი, განათების სისტემის დიაგნოსტიკის ჩათვლით, ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

ტექინსპექტირების ცენტრები საქართველოს მასშტაბით 32 წერტილში ფუნქციონირებს. ფილიალები განთავსებულია თბილისში, ბათუმში, რუსთავის გზატკეცილზე, ფოთში, ბორჯომში, ახალციხეში, ყვარელში, დუშეთში, ქარელში, კასპში, დედოფლისწყაროსა და სხვა ქალაქებში.

გაიგე მეტი arrow-right icon

რატომ იწყება ტექინსპექტირება ავტომობილის იდენტიფიკაციით?

ავტომობილის იდენტიფიკაცია ტექინსპექტირების აუცილებელი საწყისი ნაბიჯია. იგი წინ უსწრებს საბურავების შეფასებას, სამუხრუჭე სისტემის შემოწმებასა თუ გამონაბოლქვის დონის გაზომვას, რადგან ამ დროს დგინდება, რამდენად შეესაბამება სერვისცენტრში წარდგენილი ტრანსპორტი მისსავე ოფიციალურ მონაცემებს.

რა არის ავტომობილის იდენტიფიკაცია?

ტექდათვალიერებისას ავტომობილის იდენტიფიკაცია მისი ფიზიკური მახასიათებლებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობის შემოწმებას გულისხმობს. ამ დროს ინსპექტორი ადგილზე ათვალიერებს მანქანაზე დატანილ ნიშნებს და მათ ოფიციალურ მონაცემებთან თანხვედრას ადასტურებს. 

რას მოიცავს ავტომობილის იდენტიფიკაცია?

პირველ რიგში, მოწმდება VIN კოდი, 17 სიმბოლოსგან შემდგარი უნიკალური ნომერი, რომელიც ISO 3779 და ISO 4030 საერთაშორისო სტანდარტებით განისაზღვრება. 1981 წლიდან ყველა ავტომობილს აქვს ეს ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდი და მასში დაშიფრულია ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა მწარმოებელი კომპანია, ქარხანა, მოდელი და სერიული ნომერი.


ამის შემდეგ ინსპექტორი სახელმწიფოს მიერ გაცემულ სარეგისტრაციო ნომერს ათვალიერებს.  გარდა ამისა, ინსპექტორი ათვალიერებს ქარხნულ საინფორმაციო ფირფიტას, ანუ ლითონის ან პლასტმასის დაფას, რომელზეც ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებია დატანილი. ბოლოს კი ვიზუალურად მოწმდება ტრანსპორტის მარკა, მოდელი, კატეგორია და გამოშვების წელი. აუცილებელია, რომ ეს მონაცემები ზედმიწევნით ემთხვეოდეს რეგისტრაციის მოწმობაში დაფიქსირებულ ინფორმაციას.

რატომ არის იდენტიფიკაცია მნიშვნელოვანი ეტაპი? 

VIN კოდის შემოწმებით ინსპექტორს წვდომა აქვს ავტომობილის სრულ ისტორიაზე, მათ შორის ოდომეტრის ჩვენებებზე, ადრე გამოვლენილ ხარვეზებსა თუ კატეგორიაზე.


იდენტიფიკაციის ეტაპი მოპარული ავტომობილების აღმოჩენასაც ემსახურება. არსებობს VIN კოდის კლონირების საფრთხე, როდესაც მოპარულ მანქანაზე კანონიერად რეგისტრირებული ტრანსპორტის მონაცემებს აყალბებენ. ამის თავიდან ასაცილებლად ინსპექტორი ფიზიკურ კოდს დოკუმენტურ მონაცემებს ადარებს. გარდა ამისა, მოწმდება კოდის თანხვედრა სხვადასხვა ადგილას, მაგალითად, ძრავზე, ძარაზე, საქარე მინის ქვედა კუთხეში (დაფაზე) და კარის ჩარჩოზე.


იდენტიფიკაციის კიდევ ერთი დანიშნულება ტექნიკური შესაბამისობის დადგენაა. უშუალოდ VIN კოდში ინახება ინფორმაცია მწარმოებლის, მოდელის, ძრავის ტიპის, ქარხნული კომპლექტაციისა და ემისიის სტანდარტის შესახებ. მიღებული ცნობები ინსპექტორს ეხმარება, ზუსტად განსაზღვროს, რომელი ნორმა უნდა გავრცელდეს კონკრეტულ ავტომობილზე. მაგალითად, 2020 წლის 1 აპრილამდე განბაჟებული ავტომობილებისთვის co-ს დასაშვები ზღვარი უქმ სვლაზე 0.5%-ს შეადგენს, მაღალ ბრუნზე კი - 0.3%-ს. 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ განბაჟებულ ავტომობილებს კი დამატებით მოეთხოვებათ ლამბდა კოეფიციენტის შემოწმება.

რა არის საჭირო ცენტრში მისვლისას?

ტექინსპექტირებაზე მისვლისას აუცილებელია რეგისტრაციის მოწმობა, იგივე ტექნიკური პასპორტი, ან მისი ასლი. დოკუმენტში მითითებულია VIN კოდი, სანომრე ნიშანი, მარკა, მოდელი, გამოშვების წელი და კატეგორია. ინსპექტორი სწორედ ამ მონაცემებს ადარებს ავტომობილის რეალურ მახასიათებლებს.


ამასთან, საჭიროა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილზე აირბალონიანი მოწყობილობაა დამონტაჟებული, სავალდებულოა დამატებითი საბუთების ქონა მთავრობის №80 დადგენილების შესაბამისად.

რა ხდება, თუ VIN კოდი დაზიანებულია ან არ იკითხება? 

როდესაც ქარხნული VIN კოდი დაზიანებულია, გაურკვევლად იკითხება ან მისი განთავსების ადგილი შეცვლილია, სპეციალური წესი მოქმედებს. მსგავს ვითარებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალებაზე კოდის ხელახალი დადამღვის პროცედურას იყენებს.

საქართველოს ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ხარვეზები სამ კატეგორიად იყოფა: უმნიშვნელო, მნიშვნელოვანი და სახიფათო. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორებიცაა კოდი, რომელიც არ იკითხება, მონაცემთა აცდენა ან ნომრის გაყალბების ეჭვი, მნიშვნელოვანი ან სახიფათო დარღვევის კატეგორიაში ხვდება. ასეთ დროს საკითხი შემდგომი მოკვლევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცემა, რათა კოდის ხელახალი დადამღვა დაიგეგმოს.

გაიარეთ ტექინსპექტირება დროულად „გრინვეიში“

საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესს აგრძელებს, რის გამოც ინსპექტირების მოთხოვნები, მათ შორის ავტომობილის იდენტიფიკაციის წესები, წლიდან წლამდე მკაცრდება. რეგულაციების მოსალოდნელი გამკაცრების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ტექდათვალიერების თარიღის „გრინვეის“ ვებგვერდზე გადამოწმება და ვიზიტის წინასწარ დაგეგმვა.

„გრინვეის“ პარტნიორი კომპანია Applus+ გახლავთ, რომელიც ტექინსპექტირების სფეროში მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. ამგვარად, VIN კოდის გადამოწმებისა და იდენტიფიკაციის ჩათვლით, ფილიალებში დანერგილი ტექდათვალიერების მოდელი ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

მომსახურების ცენტრები ქვეყნის მასშტაბით 32 ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი. ფილიალები მოქმედებს თბილისში, ბათუმში, რუსთავის გზატკეცილზე, ფოთში, ბორჯომში, ახალციხეში, ყვარელში, დუშეთში, ქარელში, კასპში, დედოფლისწყაროსა და სხვა ქალაქებში.

გაიგე მეტი arrow-right icon