როგორ განვითარდა „გრინვეის“ ტექდათვალიერების ქსელი რვა წელიწადში?

როგორ განვითარდა Greenway-ს ტექდათვალიერების ქსელი

„გრინვეიმ“ პირველი ავტომობილი 2018 წლის აგვისტოში შეამოწმა. მას შემდეგ რვა წელი გავიდა და შემოწმებული მანქანების საერთო რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა. დღეს კი კომპანიის ცენტრებში ტექდათვალიერებას ყოველწლიურად 700 ათასზე მეტი ავტომობილი გადის.

ამ ზრდას სერვისცენტრების ქსელის გაფართოებამ შეუწყო ხელი. ახალი ცენტრების გახსნასთან ერთად „გრინვეი“ საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავს, თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს და თანამედროვე ციფრულ სერვისებს ქმნს. თითოეულმა ამ ნაბიჯმა თავისი წვლილი შეიტანა იმ შედეგში, რომელსაც კომპანიამ მიაღწია.

ყველაფერი 2018 წელს ტექდათვალიერების რეფორმით დაიწყო

საქართველოში ტექდათვალიერების რეფორმა 2018 წლის იანვარში დაიწყო, როცა შემოწმება სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტისთვის გახდა სავალდებულო. იმავე წლის ივლისიდან ეს მოთხოვნა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილ ავტომობილებზეც გავრცელდა, 2019 წლიდან კი ყველა კატეგორიის ტრანსპორტს შეეხო.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეს რეფორმა მიზნად საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების ამაღლებას ისახავდა. ცვლილებები გარდაუვალი იყო, რადგან იმ პერიოდში საქართველოს გზებზე ყოველწლიურად საშუალოდ 600 მეტი ადამიანი იღუპებოდა, ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ კი სწორედ გაუმართავი ავტოტრანსპორტი მიიჩნეოდა.

„გრინვეიმ“ ავტომობილების ტექინსპექტირება 2018 წლის 15 აგვისტოს დაიწყო. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ათწლიანი საოპერაციო ლიცენზია მიიღო, რომელიც ქვეყანაში ევროპული მოდელის დანერგვას ითვალისწინებდა.

ამ სტანდარტებით მუშაობის დასაწყებად კომპანიას ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყო. ეს პირველ ეტაპზე მთავარი სირთულე იყო, რადგან საჭირო იყო საინსპექციო ცენტრების გახსნა, შესაბამისი აპარატურის შეძენა და სპეციალისტების მომზადება.

32 სერვისცენტრი საქართველოში

ტექდათვალიერება საქართველოში სავალდებულოა, ამიტომ მომსახურება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მძღოლს უახლოეს პუნქტამდე რამდენიმესაათიანი გზის გავლა მოუწევს, ის ხშირად ვერ მოახერხებს ტექინსპექტირების ვადების დაცვას. ამ გამოწვევის გადასაჭრელად „გრინვეიმ“ ქსელი ეტაპობრივად გააფართოვა, თავდაპირველად დედაქალაქში, შემდეგ დიდ ქალაქებში, ბოლოს კი შედარებით მცირე რეგიონულ ცენტრებში.

დღეს „გრინვეი“ ქვეყნის 11 რეგიონში 32 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი. აქედან 13 ფილიალი თბილისში მდებარეობს და 30 საინსპექციო ხაზს მოიცავს, მთლიანი ქსელი კი ჯამში 51 ხაზისგან შედგება. მომსახურების მიღება შესაძლებელია ბათუმში, ქობულეთში, ფოთში, სამტრედიაში, ბორჯომში, ახალციხეში, ყვარელში, დუშეთში, კასპში, ქარელში, დედოფლისწყაროსა და სხვა ქალაქებში.

საერთაშორისო გამოცდილება და ინსპექტირების ხარისხის კონტროლი

700 000 შემოწმებული ავტომობილი შთამბეჭდავი მაჩვენებელია, თუმცა მთავარი მაინც თითოეული ინსპექტირების ხარისხი და სიზუსტეა.

„გრინვეი“ დაარსების დღიდან თანამშრომლობს ესპანურ კომპანია Applus+-თან, რომლის საერთაშორისო მოდელითაც სერვისცენტრები მუშაობს. Applus+ მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს, მათ შორის ესპანეთში, ირლანდიაში, დანიაში, ჩილეში, არგენტინასა და მექსიკაში. ამ პარტნიორობის ფარგლებში „გრინვეის“ ინსპექტორებმა კვალიფიკაცია ესპანეთში აიმაღლეს. 

ამასთან ერთად, ტექინსპექტირების სერვისცენტრებში ფრანგული ბრენდის Muller Automotive-ის თანამედროვე აპარატურაა დამონტაჟებული, რომლის მოვლისა და კალიბრაციის წესებიც გუნდის წევრებმა საფრანგეთში შეისწავლეს.

2019 წელს „გრინვეი“ საერთაშორისო ასოციაცია CITA-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა და წევრობის სერტიფიკატი ბრიუსელში მიიღო. CITA ტექდათვალიერების სფეროში მოქმედი წამყვანი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელია, რომელსაც ევროპის საბჭო, გაეროს ეკონომიკური კომისია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებენ.

მომსახურების სიზუსტეს სახელმწიფო აკრედიტაციის ცენტრიც მკაცრად აკონტროლებს. გეგმური შემოწმება ყოველწლიურად ტარდება და „გრინვეიმ“ ის 2026 წელსაც წარმატებით გაიარა.

ინსპექტორების გადამზადება და „გრინვეი აკადემია“

დღეს „გრინვეის“ გუნდში 300-მდე თანამშრომელია. მათ შორის არიან პირველი ნაკადის ინსპექტორებიც, რომლებმაც გადამზადება 2018 წლის ზაფხულში ესპანეთში გაიარეს. იმ პერიოდში ტექნიკური ინსპექტორის პროფესია საქართველოში ახალი იყო და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები არ მოიძებნებოდა. ამიტომ მათი მომზადება კომპანიის მთავარ ამოცანად იქცა.

2023 წელს, USAID-თან თანამშრომლობით, „გრინვეი აკადემია“ დაარსდა. აკადემია ახალ ინსპექტორებს ამზადებს და გუნდის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ზრუნავს. სასწავლო პროგრამა რამდენიმე მოდულს მოიცავს და ონლაინ პლატფორმაზეც არის განთავსებული, რათა სწავლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ტექდათვალიერების ონლაინ დაჯავშნა, ვადის შემოწმება და SMS შეხსენება

ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან ერთად „გრინვეიმ“ ციფრული სერვისებიც განავითარა. მათი დახმარებით მძღოლები ვიზიტს წინასწარ გეგმავენ, ტექინსპექტირების ვადას ამოწმებენ და შეხსენებებს იღებენ.

ტექდათვალიერების დაჯავშნა ვებგვერდიდან ნებისმიერ დროს შეიძლება. სისტემაში თავისუფალი საათები ჩანს და სასურველი ფილიალისა თუ დროის შერჩევას რამდენიმე წამი სჭირდება. თუმცა წინასწარი ჩაწერა სავალდებულო არ არის და ნებისმიერ სერვისცენტრში მომსახურების მიღება ცოცხალი რიგითაც შეიძლება.

ვებგვერდის მთავარ გვერდზე ავტომობილის სახელმწიფო ნომრის შეყვანით ტექდათვალიერების მომდევნო თარიღის შემოწმებაც არის შესაძლებელი. 

ვებგვერდზე SMS შეხსენების ჩართვაც შესაძლებელია. ამისთვის ავტომობილისა და ტელეფონის ნომრის რეგისტრაციაა საჭირო. მძღოლი თავად ირჩევს, როდის მიიღოს შეტყობინებები: ინსპექტირებამდე 14 და 1 დღით ადრე ან 30 და 3 დღით ადრე.

დაბოლოს, ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რისკის შემცირებაა. შემოწმებისას ფასდება მუხრუჭების, საჭის მექანიზმის, საბურავებისა და სხვა კომპონენტების მდგომარეობა. აღმოჩენილი ხარვეზების დროული შეკეთება კი უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია.

„გრინვეი“ ყოველწლიურად 700 000-ზე მეტი ავტომობილის შემოწმებით დადებითი ცვლილებების მუდმივი და აქტიური მონაწილეა.

ასევე ნახე