რა დოკუმენტები უნდა იქონიო თან ტექინსპექტირებაზე მისვლისას?

დოკუმენტები ტექდათვალიერებაზე მისვლისას

ვიზიტამდე მძღოლები ძირითადად ავტომობილის გამართულობას ამოწმებენ და ყურადღებას საბურავებს, ფარებსა და სამუხრუჭე სისტემას აქცევენ. თუმცა ავტოტრანსპორტის მომზადებასთან ერთად აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტების მოწესრიგებაც, რადგან მათი წარდგენის გარეშე „გრინვეის“ სერვისცენტრში შემოწმება ვერ ჩატარდება.

ტექინსპექტირებაზე ტექპასპორტი თან იქონიე

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად ერთადერთი სავალდებულო დოკუმენტი ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობაა, რომელსაც მძღოლები ტექპასპორტის სახელით იცნობენ. მასში ავტომობილის ძირითადი მონაცემებია მითითებული, მათ შორის VIN კოდი, სახელმწიფო სანომრე ნიშანი, კატეგორია, გამოშვების წელი და საწვავის ტიპი.

ინსპექტორი ამ მონაცემებს ავტომობილის მახასიათებლებს ადარებს და თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, ტექნიკურ შემოწმებას იწყებს. ამიტომ ტექპასპორტის წარდგენის გარეშე ტექინსპექტირება ვერ დაიწყება.

შეიძლება თუ არა ტექპასპორტის ასლის ან ფოტოს წარდგენა?

მიუხედავად იმისა, რომ ტექპასპორტის წარდგენა სავალდებულოა, თან ორიგინალი დოკუმენტის ქონა აუცილებელი არ არის. „გრინვეის“ სერვისცენტრში მიიღება როგორც სარეგისტრაციო მოწმობის ასლი, ისე ტელეფონში შენახული ფოტო. მთავარია, გამოსახულება ხარისხიანი იყოს და დოკუმენტში მითითებული ყველა მონაცემი გარკვევით იკითხებოდეს.

როგორ მოიქცე, თუ ტექპასპორტი დაკარგე?

თუ სარეგისტრაციო მოწმობა დაკარგე ან დაგიზიანდა, ახალი დოკუმენტის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართო. თუმცა, თუ ტექპასპორტის ფოტო ან ასლი შენახული გაქვს, ინსპექტირებაზე მისვლა ახალი დოკუმენტის მიღებამდეც შეგიძლია.

პირადობის მოწმობის წარდგენა სავალდებულოა?

ტექინსპექტირების გასავლელად პირადობის მოწმობის წარდგენა სავალდებულო არ არის. მიუხედავად ამისა, უმჯობესია, თან გქონდეს, რადგან ის შეიძლება დაგჭირდეს ანგარიშსწორებისას, მონაცემების დასაზუსტებლად ან ინსპექტირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხის მოსაგვარებლად.

გაზზე მომუშავე ავტომობილისთვის აირბალონის ვარგისობის დოკუმენტიც მოამზადე

თუ ავტომობილი თხევად ან ბუნებრივ აირზე მუშაობს, ტექპასპორტთან ერთად აირბალონის ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა წარადგინო. მას აირბალონების ინსპექტირების აკრედიტებული ცენტრი გასცემს, სადაც სპეციალისტები ბალონისა და გაზის სისტემის მდგომარეობას ამოწმებენ.

ეს შემოწმება უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, რადგან ბალონი მაღალი წნევის ქვეშაა, დროთა განმავლობაში კი კოროზიამ ან მექანიკურმა დაზიანებამ შეიძლება მისი კედლები დაასუსტოს. ასეთი დაზიანებები გარედან თითქმის არასდროს ჩანს, ამიტომ ბალონის მდგომარეობა სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამის პირობებში მოწმდება.

რამდენ ხანს მოქმედებს აირბალონის ვარგისობის დოკუმენტი?

დოკუმენტის მოქმედების ვადა ბალონის მასალაზეა დამოკიდებული. ნახშირბადიანი ფოლადისა და ლითონპლასტიკის ბალონები 3, ხოლო ლეგირებული ფოლადის ბალონები 5 წელში ერთხელ მოწმდება. თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით ვერ დგინდება, რა მასალისგანაა ბალონი დამზადებული, მისი შემოწმება ყოველ 3 წელშია საჭირო.

რა მოხდება, თუ შესაბამისი დოკუმენტი თან არ გექნება?

თუ აირბალონის ვარგისობის დოკუმენტს ვერ წარადგენ, ინსპექტირება მაინც ჩატარდება, თუმცა დოკუმენტის არქონა ხარვეზად დაფიქსირდება. მის წარსადგენად და განმეორებითი შემოწმების გასავლელად 30 კალენდარული დღე გექნება.

ავტომობილის ინსპექტირებაზე მიყვანა სხვა პირსაც შეგიძლია მიანდო

ტექინსპექტირებაზე ავტომობილის მფლობელის დასწრება სავალდებულო არ არის, ამიტომ მანქანა ცენტრში ოჯახის წევრმა, მეგობარმა ან კომპანიის თანამშრომელმაც შეიძლება მიიყვანოს. მთავარია, თან ჰქონდეს სარეგისტრაციო მოწმობა, მისი ასლი ან ტელეფონში შენახული ფოტო. მინდობილობა ან სხვა დამატებითი დოკუმენტი საჭირო არ არის.

გაითვალისწინე იმპორტირებული და კომპანიის კუთვნილი ავტომობილების ინსპექტირების წესები

სხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილმა ავტომობილმა ინსპექტირება განბაჟებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გაიაროს. ამისთვის ცენტრში მხოლოდ საქართველოში გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის წარდგენაა საჭირო, რომელსაც მფლობელი ავტომობილის რეგისტრაციისას იღებს.

კომპანიის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილიც იმავე დოკუმენტით გადის ინსპექტირებას. მისი ცენტრში მიყვანა კომპანიის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, თუ სარეგისტრაციო მოწმობა თან ექნება.

გადაამოწმე ინსპექტირების ვადა და დაჯავშნე ვიზიტი „გრინვეის“ სერვისცენტრში

ვიზიტის დაგეგმვამდე ინსპექტირების თარიღი გადაამოწმე. ამისთვის „გრინვეის“ ვებგვერდზე ავტომობილის სახელმწიფო ნომერი შეიყვანე, ვადა რომ არ გამოგრჩეს, SMS შეხსენებაც გაააქტიურე.

როცა დოკუმენტები მზად გექნება, შენთვის მოსახერხებელი ცენტრი შეარჩიე და ტექინსპექტირება ონლაინ დაჯავშნე. ასე ვიზიტის დროს წინასწარ დაგეგმავ და რიგში დიდხანს ლოდინი არ დაგჭირდება. „გრინვეის“ ინსპექტირების ცენტრები საქართველოს 32 ლოკაციაზე მუშაობს, ამიტომ შეგიძლია ახლომდებარე ფილიალს ესტუმრო თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ბორჯომში, ახალციხეში, ყვარელში, დუშეთსა თუ სხვა ქალაქში.

ასევე ნახე