რატომ იწყება ტექინსპექტირება ავტომობილის იდენტიფიკაციით?

ავტომობილის იდენტიფიკაცია ტექინსპექტირებისას

ავტომობილის იდენტიფიკაცია ტექინსპექტირების აუცილებელი საწყისი ნაბიჯია. იგი წინ უსწრებს საბურავების შეფასებას, სამუხრუჭე სისტემის შემოწმებასა თუ გამონაბოლქვის დონის გაზომვას, რადგან ამ დროს დგინდება, რამდენად შეესაბამება სერვისცენტრში წარდგენილი ტრანსპორტი მისსავე ოფიციალურ მონაცემებს.

რა არის ავტომობილის იდენტიფიკაცია?

ტექდათვალიერებისას ავტომობილის იდენტიფიკაცია მისი ფიზიკური მახასიათებლებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობის შემოწმებას გულისხმობს. ამ დროს ინსპექტორი ადგილზე ათვალიერებს მანქანაზე დატანილ ნიშნებს და მათ ოფიციალურ მონაცემებთან თანხვედრას ადასტურებს. 

რას მოიცავს ავტომობილის იდენტიფიკაცია?

პირველ რიგში, მოწმდება VIN კოდი, 17 სიმბოლოსგან შემდგარი უნიკალური ნომერი, რომელიც ISO 3779 და ISO 4030 საერთაშორისო სტანდარტებით განისაზღვრება. 1981 წლიდან ყველა ავტომობილს აქვს ეს ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდი და მასში დაშიფრულია ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა მწარმოებელი კომპანია, ქარხანა, მოდელი და სერიული ნომერი.


ამის შემდეგ ინსპექტორი სახელმწიფოს მიერ გაცემულ სარეგისტრაციო ნომერს ათვალიერებს.  გარდა ამისა, ინსპექტორი ათვალიერებს ქარხნულ საინფორმაციო ფირფიტას, ანუ ლითონის ან პლასტმასის დაფას, რომელზეც ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებია დატანილი. ბოლოს კი ვიზუალურად მოწმდება ტრანსპორტის მარკა, მოდელი, კატეგორია და გამოშვების წელი. აუცილებელია, რომ ეს მონაცემები ზედმიწევნით ემთხვეოდეს რეგისტრაციის მოწმობაში დაფიქსირებულ ინფორმაციას.

რატომ არის იდენტიფიკაცია მნიშვნელოვანი ეტაპი? 

VIN კოდის შემოწმებით ინსპექტორს წვდომა აქვს ავტომობილის სრულ ისტორიაზე, მათ შორის ოდომეტრის ჩვენებებზე, ადრე გამოვლენილ ხარვეზებსა თუ კატეგორიაზე.


იდენტიფიკაციის ეტაპი მოპარული ავტომობილების აღმოჩენასაც ემსახურება. არსებობს VIN კოდის კლონირების საფრთხე, როდესაც მოპარულ მანქანაზე კანონიერად რეგისტრირებული ტრანსპორტის მონაცემებს აყალბებენ. ამის თავიდან ასაცილებლად ინსპექტორი ფიზიკურ კოდს დოკუმენტურ მონაცემებს ადარებს. გარდა ამისა, მოწმდება კოდის თანხვედრა სხვადასხვა ადგილას, მაგალითად, ძრავზე, ძარაზე, საქარე მინის ქვედა კუთხეში (დაფაზე) და კარის ჩარჩოზე.


იდენტიფიკაციის კიდევ ერთი დანიშნულება ტექნიკური შესაბამისობის დადგენაა. უშუალოდ VIN კოდში ინახება ინფორმაცია მწარმოებლის, მოდელის, ძრავის ტიპის, ქარხნული კომპლექტაციისა და ემისიის სტანდარტის შესახებ. მიღებული ცნობები ინსპექტორს ეხმარება, ზუსტად განსაზღვროს, რომელი ნორმა უნდა გავრცელდეს კონკრეტულ ავტომობილზე. მაგალითად, 2020 წლის 1 აპრილამდე განბაჟებული ავტომობილებისთვის co-ს დასაშვები ზღვარი უქმ სვლაზე 0.5%-ს შეადგენს, მაღალ ბრუნზე კი - 0.3%-ს. 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ განბაჟებულ ავტომობილებს კი დამატებით მოეთხოვებათ ლამბდა კოეფიციენტის შემოწმება.

რა არის საჭირო ცენტრში მისვლისას?

ტექინსპექტირებაზე მისვლისას აუცილებელია რეგისტრაციის მოწმობა, იგივე ტექნიკური პასპორტი, ან მისი ასლი. დოკუმენტში მითითებულია VIN კოდი, სანომრე ნიშანი, მარკა, მოდელი, გამოშვების წელი და კატეგორია. ინსპექტორი სწორედ ამ მონაცემებს ადარებს ავტომობილის რეალურ მახასიათებლებს.


ამასთან, საჭიროა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილზე აირბალონიანი მოწყობილობაა დამონტაჟებული, სავალდებულოა დამატებითი საბუთების ქონა მთავრობის №80 დადგენილების შესაბამისად.

რა ხდება, თუ VIN კოდი დაზიანებულია ან არ იკითხება? 

როდესაც ქარხნული VIN კოდი დაზიანებულია, გაურკვევლად იკითხება ან მისი განთავსების ადგილი შეცვლილია, სპეციალური წესი მოქმედებს. მსგავს ვითარებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალებაზე კოდის ხელახალი დადამღვის პროცედურას იყენებს.

საქართველოს ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ხარვეზები სამ კატეგორიად იყოფა: უმნიშვნელო, მნიშვნელოვანი და სახიფათო. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორებიცაა კოდი, რომელიც არ იკითხება, მონაცემთა აცდენა ან ნომრის გაყალბების ეჭვი, მნიშვნელოვანი ან სახიფათო დარღვევის კატეგორიაში ხვდება. ასეთ დროს საკითხი შემდგომი მოკვლევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცემა, რათა კოდის ხელახალი დადამღვა დაიგეგმოს.

გაიარეთ ტექინსპექტირება დროულად „გრინვეიში“

საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესს აგრძელებს, რის გამოც ინსპექტირების მოთხოვნები, მათ შორის ავტომობილის იდენტიფიკაციის წესები, წლიდან წლამდე მკაცრდება. რეგულაციების მოსალოდნელი გამკაცრების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ტექდათვალიერების თარიღის „გრინვეის“ ვებგვერდზე გადამოწმება და ვიზიტის წინასწარ დაგეგმვა.

„გრინვეის“ პარტნიორი კომპანია Applus+ გახლავთ, რომელიც ტექინსპექტირების სფეროში მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. ამგვარად, VIN კოდის გადამოწმებისა და იდენტიფიკაციის ჩათვლით, ფილიალებში დანერგილი ტექდათვალიერების მოდელი ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

მომსახურების ცენტრები ქვეყნის მასშტაბით 32 ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი. ფილიალები მოქმედებს თბილისში, ბათუმში, რუსთავის გზატკეცილზე, ფოთში, ბორჯომში, ახალციხეში, ყვარელში, დუშეთში, ქარელში, კასპში, დედოფლისწყაროსა და სხვა ქალაქებში.

ასევე ნახე