რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას ავტომობილის საქარე მინის საწმენდების მდგომარეობა?

რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას საქარე მინის საწმენდები

ავტომობილის მართვისას მიღებული გადაწყვეტილებების თითქმის 90% ვიზუალურ ინფორმაციას ეფუძნება, რადგან მძღოლი მანძილს, სიჩქარეს, გზაზე არსებულ დაბრკოლებებს, სხვა ავტომობილებსა თუ ქვეითებს საკუთარი თვალით აფასებს. ამიტომ „გრინვეიში“ პერიოდული ტექინსპექტირებისას საქარე მინის სისუფთავე და კარგი ხილვადობა დიდი ყურადღებით მოწმდება. 

რა როლი აქვს საქარე მინის საწმენდ სისტემას და რა კავშირი აქვს მას ხილვადობასთან? 

საქარე მინის საწმენდი სისტემა ორი ნაწილისგან შედგება: საწმენდი პირებისა და სარეცხი მექანიზმისგან. საწმენდი პირები მინას წვიმის, თოვლის, ტალახისა და მწერებისგან წმენდს, ხოლო სარეცხი მექანიზმი მშრალი ჭუჭყის მოსაცილებლად ზედაპირზე სპეციალურ სითხეს აფრქვევს.

გაცვეთილი ან დეფორმირებული რეზინით მინა კარგად არ იწმინდება. ზედაპირზე რჩება წყლის ზოლები, ბუნდოვანი თუ სრულიად გაუწმენდავი ადგილები, რაც მძღოლს გზის დანახვას უძნელებს. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია ძლიერი წვიმის დროს, რადგან დაზიანებული საწმენდი წყლის ნაკადის დროულად მოცილებას ვეღარ ასწრებს. შედეგად, მინაზე წყლის სქელი ფენა გროვდება, ხილვადობა მკვეთრად მცირდება და ავარიის საფრთხე იზრდება.

ავტომობილის ღამით მართვისას ეს პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს. ძველი საწმენდების მიერ მინაზე დატოვებული მიკრონაკაწრები შემხვედრი ავტომობილების ფარების შუქს არეკლავს და მძღოლს თვალს ჭრის. ეს კი ხილვადობას სწორედ იმ მომენტში ამცირებს, როდესაც გზის მკაფიოდ დანახვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

სარეცხი სისტემის ნებისმიერი ხარვეზი, მაგალითად, სითხის ნაკლებობა, შესხურების არასწორი მიმართულება თუ ტუმბოს დაზიანება, საწმენდების მუშაობის ეფექტურობას ამცირებს. მშრალ ზედაპირზე საწმენდების ჩართვისას მტვერი და ტალახი მინაზე უბრალოდ იდღაბნება.

როგორ მოწმდება საქარე მინის საწმენდები ტექინსპექტირებისას და რა მოთხოვნები მოქმედებს? 

პერიოდული ტექდათვალიერების დროს საწმენდების კონტროლი ხილვადობის კატეგორიაში შედის. ამ ნაწილში, საწმენდებთან ერთად, ინსპექტორები საქარე მინის მდგომარეობას, სარკეებსა და ყველა იმ დეტალს აფასებენ, რომელიც მძღოლის თვალთახედვის არეს უკავშირდება.

ევროკავშირის 2014/45/EU დირექტივა, რომელსაც საქართველოს ტექინსპექტირების მოდელი ეფუძნება, რამდენიმე ძირითადი პარამეტრის შემოწმებას ითვალისწინებს. ინსპექტორი, პირველ რიგში, საწმენდი პირების რეზინის მთლიანობას აკვირდება, რათა გამორიცხოს ბზარები, დეფორმაცია ან გამოშრობა. პარალელურად ფასდება თავად მექანიზმის გამართულობაც, კერძოდ, ბერკეტის ზეწოლა მინაზე, მოძრაობის თანაბრობა და სიჩქარის რეჟიმები. მოწმდება სარეცხი სისტემაც.

ევროკავშირის რეგულაციის (EU No 1008/2010) მიხედვით, საწმენდი პირები ხილვადობის ძირითად, ანუ A ზონას, მინიმუმ 98%-ით უნდა წმენდდეს, ხოლო მეორეულ, B ზონას, არანაკლებ 80%-ით. გარდა ამისა, სისტემას სულ მცირე ორი სიჩქარის რეჟიმი უნდა ჰქონდეს, რომელთა შორისაც სხვაობა წუთში არანაკლებ 15 ციკლი იქნება.

შემოწმებისას აღმოჩენილი ხარვეზები სამ კატეგორიად იყოფა. მცირე ხარვეზი ავტომობილის უსაფრთხოებაზე ნაკლებად აისახება, თუმცა მისი მოგვარება მაინც აუცილებელია. მნიშვნელოვან ხარვეზად მიიჩნევა ისეთი დეფექტი, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეებს საფრთხეს უქმნის. ყველაზე მძიმე, საშიში ხარვეზი კი უშუალო რისკებზე მიუთითებს, რის გამოც ავტომობილით გადაადგილება კანონით იკრძალება.

დაჯავშნეთ ინსპექტირება „გრინვეიში“ წინასწარ და ისარგებლეთ სერვისით რიგში მოცდის გარეშე.

რა იწვევს საქარე მინის საწმენდების ცვეთას და რატომ ვერ გადის ავტომობილი შემოწმებას? 

საქარე მინის საწმენდების რეზინზე ამინდის ცვლილება მოქმედებს:

  • სიცხე და მზის სხივები: მზის ულტრაიისფერი სხივები საწმენდის რეზინს აშრობს, ელასტიკურობას უკარგავს და დროთა განმავლობაში აზიანებს;
  • ოზონის ზემოქმედება: ჰაერში არსებულ ოზონთან შეხებისას რეზინის ზედაპირზე უხილავი, წვრილი ბზარები ჩნდება, რაც დროთა განმავლობაში მასალას ფიტავს და აზიანებს;
  • ყინვა და სიცივე: დაბალ ტემპერატურაზე რეზინი უხეშდება, კარგავს დრეკადობას და მინის ზედაპირს მჭიდროდ ვეღარ ეკვრის;
  • მშრალ მინაზე მუშაობა: ზედაპირზე არსებული მტვერი, ქვიშა თუ სხვა წვრილი ნაწილაკები აბრაზივის მსგავსად მოქმედებს და რეზინის სწორ კიდეებს აზიანებს.

მწარმოებლების რეკომენდაციით, საწმენდი პირები 6-12 თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს. საქართველოს კლიმატის პირობებში, რომელიც ცხელი ზაფხულით, ცივი ზამთრითა და უხვი ნალექით გამოირჩევა, ეს ვადა კიდევ უფრო მცირეა.

როგორ უნდა ამოიცნო საქარე მინის საწმენდების ცვეთა ტექინსპექტირებამდე? 

ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი მინაზე წყლის ზოლების დატოვებაა. თუ საწმენდის გადასმის შემდეგ ზედაპირზე სველი ადგილები რჩება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რეზინის კიდე არათანაბრად არის გაცვეთილი და მინას მჭიდროდ ვეღარ ეჭიდება.

ყურადღება უნდა მიაქციო ხმაურსაც. საწმენდების ჩართვისას გაჩენილი ჭრიალი ან უსიამოვნო ხახუნი, როგორც წესი, რეზინის გამოშრობაზე მეტყველებს, რადგან მასალა, რომელმაც ელასტიკურობა დაკარგა, ზედაპირზე თანაბრად ვეღარ სრიალებს.

კიდევ ერთი ნიშანია საწმენდების ე.წ. ხტუნვა – როდესაც საწმენდი მინას შეუფერხებლად არ მიჰყვება, ზოგან ზედაპირს სწყდება და გაუწმენდავ ადგილებს ტოვებს. ეს მაშინ ხდება, როდესაც რეზინმა პირვანდელი ფორმა დაკარგა და მინის დახრილობას ვეღარ ერგება.

დაზიანება ხშირად ვიზუალურადაც შესამჩნევია, რადგან ბზარები, გამოშრობა ან კიდეების არათანაბარი ფორმა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. შესამოწმებლად ეს მარტივი ხერხი გამოიყენე: რეზინის კიდე თითით ოდნავ მოხარე და თუ ის თავდაპირველ ფორმას ნელა დაუბრუნდება ან საერთოდ აღარ გასწორდება, ესე იგი, შესაცვლელია.

ამასთანავე, არ უნდა დაგავიწყდეს სარეცხი სისტემის კონტროლიც. ტექინსპექტირების დროს სპეციალისტები სითხის დონესთან ერთად შესხურების მიმართულებასა და ტუმბოს გამართულობასაც აფასებენ, რადგან მინაზე სითხის თანაბარი განაწილების გარეშე საწმენდები სრულფასოვნად ვერ იმუშავებს.

საქარე მინის საწმენდებს რომ შეამოწმებ და საჭიროებისას ახლით შეცვლი, ტექინსპექტირების გასავლელად „გრინვეის“ უნდა ეწვიო.

„გრინვეის“ ფილიალები მთელ საქართველოში, 32 სხვადასხვა წერტილში დაგხვდება, მათ შორის: თბილისში, ბათუმში, რუსთავის გზატკეცილზე, ფოთში, ბორჯომში, ახალციხეში, ყვარელში, დუშეთში, ქარელში, კასპში, დედოფლისწყაროსა და სხვა ქალაქებში. დროის დასაზოგად ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა greenway.ge/booking-ზე ნებისმიერ დროს შეგიძლია, თუმცა მომსახურებას წინასწარი ჩაწერის გარეშეც, ნებისმიერ ფილიალში უპრობლემოდ მიიღებ.

ასევე ნახე