შესაძლებელია თუ არა გამონაბოლქვში CO-ს ხელოვნურად შემცირება ტექინსპექტირების წინ?

CO-ს ხელოვნურად შემცირება

2019 წელს, როდესაც საქართველოში პერიოდული ტექინსპექტირება სავალდებულო გახდა, გაჩნდა არაერთი რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა ინსპექტირების დღეს CO-ს მაჩვენებლის შემცირება ავტომობილის ხარვეზის აღმოფხვრის გარეშე. ამ საკითხზე სხვადასხვა რეკომენდაცია დღემდე ვრცელდება. 

ამ ბლოგში „გრინვეის“ ინსპექტორები ხუთ ასეთ გავრცელებულ მეთოდს განიხილავენ და განმარტავენ, რატომ არის ეს მეთოდები არა მხოლოდ არაეფექტური, არამედ საფრთხის შემცველიც. 

ავზში სპირტის ჩასხმა CO-ს მაჩვენებელს შეამცირებს 

ამ რჩევას გარკვეული საფუძველი აქვს. სპირტის დამატებამ შესაძლოა წვის პროცესზე დროებით იმოქმედოს და გაზოანალიზატორმა CO-ს შედარებით დაბალი მაჩვენებელი დააფიქსიროს. თუმცა ეს ეფექტი დროებითია და პრობლემის გამომწვევ მიზეზს ვერ აგვარებს. ამიტომ, როგორც კი სპირტის ეფექტი გაივლის, CO-ს მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება. მეტიც, სპირტის თვითნებურად დამატებამ საწვავის სისტემის ზოგიერთი დეტალიც შეიძლება დააზიანოს, განსაკუთრებით იმ ავტომობილებში, რომელთა სისტემა ასეთი ნარევისთვის არ არის გათვლილი.


თუ დაინტერესდები: გაეცანი ბლოგს და გაიგე, რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას გამონაბოლქვი და რა ზიანი მოაქვს ჭარბ CO-ს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ემულატორის დაყენება ტექინსპექტირების შედეგს შეცვლის

კატალიზატორის მოხსნის ან დაზიანების შემდეგ ბორტკომპიუტერი ხარვეზს აფიქსირებს და პანელზე Check Engine-ის ინდიკატორი ინთება. მის ჩასაქრობად ხშირად იყენებენ ემულატორს. ეს არის მექანიკური ან ელექტრონული მოწყობილობა, რომლის გამოყენებისას ბორტკომპიუტერმა შეიძლება მიიღოს ისეთი სიგნალი, თითქოს კატალიზატორი გამართულად მუშაობს.

ემულატორმა შესაძლოა ბორტკომპიუტერი შეცდომაში შეიყვანოს და ინდიკატორი ჩააქროს, თუმცა ტექინსპექტირების შედეგზე გავლენას ვერ ახდენს. გაზოანალიზატორი ხარვეზის კოდებს არ ამოწმებს. ის უშუალოდ გამოსაბოლქვი მილიდან გამოსული აირის შემადგენლობას ზომავს, რომელსაც ემულატორი ვერ ცვლის. ამიტომ მაჩვენებელთა დაფაზე გაფრთხილება შეიძლება აღარ ჩანდეს, მაგრამ CO კვლავ ნორმაზე მაღალი იქნება. 

ამიტომ ტექინსპექტირების დაჯავშნამდე მხოლოდ Check Engine-ის ინდიკატორის ჩაქრობაზე ზრუნვა საკმარისი არ არის. თუ კატალიზატორი მოხსნილი ან დაზიანებულია, CO-ს მაჩვენებელი კვლავ დასაშვებ ნორმაზე მაღალი დარჩება. 

კატალიზატორის მოხსნა CO-ს პრობლემას მოაგვარებს 

გავრცელებულია მოსაზრება, რომ დაბინძურებული კატალიზატორის მოხსნა და მის ნაცვლად ალის ჩამქრობის დაყენება გამონაბოლქვის პრობლემას მოაგვარებს. სინამდვილეში ამ ორ დეტალს განსხვავებული ფუნქცია აქვს: ალის ჩამქრობი მხოლოდ გამონაბოლქვის ნაკადსა და ხმაურს ამცირებს, კატალიზატორი კი ნახშირჟანგს, ნახშირწყალბადებსა და აზოტის ოქსიდებს ნაკლებად მავნე ნაერთებად გარდაქმნის. 

ამიტომ კატალიზატორის მოხსნა CO-ს მაღალ მაჩვენებელს ვერ შეამცირებს. პირიქით, გამონაბოლქვის სისტემა კარგავს კომპონენტს, რომელიც მავნე ნივთიერებების შემცირებაზეა პასუხისმგებელი. შედეგად, ბენზინის ძრავის მქონე ავტომობილი გაზოანალიზატორით შემოწმებისას, დამატებითი მცდელობის მიუხედავად, დადგენილ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს. 

პრემიუმ საწვავი CO-ს მაჩვენებელს შეამცირებს 

მაღალი ოქტანური რიცხვი საწვავის ნაადრევი აალებისადმი მდგრადობაზე მიუთითებს და არა მის ხარისხზე. ამ თვისების გამო მაღალოქტანური საწვავი იმ ძრავებისთვისაა განკუთვნილი, რომლებშიც შეკუმშვის ხარისხი მაღალია. 

თუ ავტომობილის ძრავა მაღალოქტანურ საწვავს არ საჭიროებს, მხოლოდ პრემიუმ საწვავზე გადასვლა CO-ს მაღალ მაჩვენებელს ვერ გამოასწორებს. ამიტომ ავტომობილი მწარმოებლის მიერ რეკომენდებული ოქტანობის საწვავით უნდა შეივსოს როგორც ტექინსპექტირების წინ, ისე ყოველდღიური გამოყენებისას.

სპეციალური დანამატი CO-ს მაღალ მაჩვენებელს გამოასწორებს 

ბაზარზე მრავალი დანამატი იყიდება, რომლის დანიშნულებაც გამონაბოლქვის შემცირებაა. მათი დიდი ნაწილი საწვავის სისტემაში დაგროვილ ნადებს, მათ შორის საქშენებზე წარმოქმნილ ჭუჭყს, აშორებს. ამიტომ, თუ CO-ს მაღალი მაჩვენებელი დაბინძურებულ საქშენებს უკავშირდება, ასეთმა საშუალებამ შესაძლოა შედეგი მართლაც გამოიღოს. 

თუმცა დანამატი მხოლოდ ამ კონკრეტულ მიზეზზე მოქმედებს. ის ვერ შეცვლის გაცვეთილ სანთლებს, ვერ შეაკეთებს ლამბდა სენსორს და ვერც დაზიანებულ კატალიზატორს აღადგენს. ამიტომ გამოყენებამდე ჯერ CO-ს მომატების მიზეზი უნდა დადგინდეს.

რა იწვევს CO-ს მაღალ მაჩვენებელს და როგორ უნდა გამოსწორდეს პრობლემა ტექინსპექტირებამდე? 

CO-ს მაღალი მაჩვენებელი ყველაზე ხშირად შემდეგ მიზეზებს უკავშირდება: 

  • გაცვეთილი სანთლები ნაპერწკალს ასუსტებს, რის გამოც საწვავი სრულად ვერ იწვის;
  • დაბინძურებული ჰაერის ფილტრი ძრავში ჰაერის მიწოდებას აფერხებს და საწვავისა და ჰაერის თანაფარდობას არღვევს;
  • დაბინძურებული საქშენები საწვავს არათანაბრად აფრქვევს, რაც წვის პროცესზე უარყოფითად აისახება;
  • გაუმართავი ლამბდა სენსორი ელექტრონულ ბლოკს არასწორ მონაცემებს გადასცემს, რის გამოც ძრავას ჭარბი საწვავი მიეწოდება;
  • დაზიანებული კატალიზატორი გამონაბოლქვში ნახშირჟანგის რაოდენობას სათანადოდ ვეღარ ამცირებს;
  • დაძველებული ძრავის ზეთი ნახშირწყალბადებით არის გაჯერებული და შესაძლოა გამონაბოლქვის მაჩვენებლებზე უარყოფითად აისახოს.

ხარვეზის დროულად გამოსწორების შემდეგ ავტომობილი ნაკლებ საწვავს მოიხმარს, გარემოს ნაკლებად აბინძურებს და ტექინსპექტირებისთვისაც სათანადოდ არის მომზადებული. 

პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ ვიზიტი წინასწარ დაგეგმე და შეამოწმე, აკმაყოფილებს თუ არა ავტომობილი დადგენილ ნორმებს. „გრინვეის“ სერვისცენტრები ქვეყნის მასშტაბით 32 ლოკაციაზე მუშაობს, მათ შორის თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, ფოთში, ბორჯომში, ახალციხესა და სხვა ქალაქებში.

ასევე ნახე