ტექინსპექტირება ბათუმში: მისამართი, სამუშაო საათები და სხვა საჭირო ინფორმაცია
„გრინვეი“ ბათუმში მძღოლებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისს სთავაზობს. ამიტომ ის უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე გადავიდა, რათა ავტომფლობელებს ვიზიტისთვის ნაკლები დრო და ძალისხმევა დასჭირვებოდათ.
„გრინვეის“ სერვისცენტრები ბათუმში
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოქმედ „გრინვეის“ ტექინსპექტირების ცენტრებს შორის ერთ-ერთი ბათუმში, შალვა დადიანის ქუჩის 3 ნომერში მდებარეობს, ბაგრატიონისა და დადიანის ქუჩების კვეთასთან, ბენზინგასამართ სადგურ „ქონექთის“ გვერდით.
ფილიალი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობს, შაბათს კი 10:00 საათიდან 15:00 საათამდე. აქ ტექინსპექტირებას გადიან M1, M2 და M3 კატეგორიის სამგზავრო ავტომობილები, N1, N2 და N3 კატეგორიის სატვირთო ავტომობილები, ასევე O3 და O4 კატეგორიის მისაბმელები.
„გრინვეის“ კიდევ ერთი სერვისცენტრი ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩის 18 ნომერში მდებარეობს. ეს ფილიალი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ქობულეთში ან აჭარის ჩრდილოეთ ნაწილში გადაადგილდება. სამუშაო საათები ბათუმის ფილიალის განრიგს ემთხვევა და ტექინსპექტირებას აქაც იმავე კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები გადიან.
რას ამოწმებენ ინსპექტირებისას?
მანქანის ტექინსპექტირება დაახლოებით 15 წუთი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში სპეციალისტები რამდენიმე ძირითად სისტემასა და დეტალს ამოწმებენ.
შემოწმება ავტომობილის საბუთებისა და ფაქტობრივი მონაცემების შედარებით იწყება. ცენტრში ამოწმებენ VIN კოდს, სახელმწიფო ნომერსა და ტექპასპორტში მითითებულ ინფორმაციას. ამავე ეტაპზე ყურადღება ექცევა საწვავის ტიპს, ქარხნული კატალიზატორის არსებობას და იმასაც, ხომ არ არის ავტომობილის კონსტრუქციაში თვითნებური ცვლილება შეტანილი.
მომდევნო ნაბიჯი სამუხრუჭო სისტემის შეფასებაა, სადაც დისკების მდგომარეობას, სითხის რაოდენობასა და ხელის მუხრუჭს აფასებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში მოძრაობისას მძღოლებს ინტენსიური დამუხრუჭება უწევთ, ეს კომპონენტები ხარვეზების საკმაოდ გავრცელებული მიზეზია.
საჭით მართვის სისტემის შემოწმებისას ყურადღება ექცევა მის რეაგირებასა და თავისუფალ სვლას. დაგვიანებული რეაქცია ან ზედმეტად დიდი თავისუფალი სვლა შეიძლება ავტომობილის დახარვეზების მიზეზი გახდეს.
ხილვადობისა და განათების ბლოკში ფარების, სამუხრუჭო შუქების, მოხვევის მაჩვენებლების, სარკეებისა და საწმენდების მუშაობას აკვირდებიან. საქარე მინასაც საგანგებოდ ათვალიერებენ, რადგან მასზე არსებული ნებისმიერი თვალსაჩინო ბზარი თუ დაზიანება ავტომობილის მართვისას თვალთახედვის არეს ზღუდავს და უსაფრთხოების რისკებს აჩენს.
საბურავების შემთხვევაში კონტროლდება მათი ზომა, გამოშვების წელი, ცვეთის ხარისხი და ღარების სიღრმე. წესის თანახმად, ერთსა და იმავე ღერძზე აუცილებლად იდენტური ტიპისა და პარამეტრების საბურავები უნდა ეყენოს.
ყველაფერი კი შასის, დაკიდების სისტემის, გამონაბოლქვის, უსაფრთხოების ღვედებისა და აირბაგების ინდიკატორების შემოწმებით სრულდება.
როგორ უნდა მოიქცე, თუ ავტომობილი დახარვეზდა?
თუ ავტომობილი ტექინსპექტირებას პირველივე ცდაზე ვერ გაივლის, ხარვეზების გამოსასწორებლად 30 დღე გეძლევა. ამ პერიოდში განმეორებითი შემოწმებისთვის „გრინვეის“ ნებისმიერ ფილიალს შეგიძლია მიმართო. იმავე სერვისცენტრში დაბრუნება სავალდებულო არ არის. ხელახალი ვიზიტისას მხოლოდ იმ ნაწილებს შეამოწმებენ, რომელთა გამოც ავტომობილი დახარვეზდა.
გაითვალისწინე, რომ სახიფათო გაუმართაობის აღმოჩენისას, ავტომობილის მართვა იკრძალება.
თუ ავტომობილი შემოწმებას მეორედაც ვერ გაივლის, ხარვეზების გამოსასწორებლად დამატებით 10 დღე გეძლევა. იგივე ვადა მოქმედებს ყოველი მომდევნო შემოწმების შემდეგაც, სანამ ავტომობილი ტექინსპექტირებას წარმატებით არ გაივლის.
რა საბუთებია საჭირო შემოწმებისთვის?
სერვისცენტრში მისვლისას ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა, იგივე ტექპასპორტი დაგჭირდება. ორიგინალის წაღება აუცილებელი არ არის, რადგან საკმარისია მისი ასლი ან ტელეფონში გადაღებული ფოტოც. პირადობის მოწმობაც სასურველია თან გქონდეს, თუმცა ტექინსპექტირების გავლა მის გარეშეც შეგიძლია.
თუ ავტომობილი აირზე მუშაობს, CNG, LPG ან LNG სისტემით, დამატებით გაზის მოწყობილობის გამართულობის მოწმობაც უნდა წარადგინო. ამასთან, სარეგისტრაციო მოწმობაში საწვავის ტიპად „ბენზინი-აირი“ უნდა იყოს მითითებული.
ავტომობილის სერვისცენტრში მიყვანა მფლობელის გარდა სხვა ადამიანსაც შეუძლია. ამისთვის მინდობილობა ან დამატებითი საბუთი საჭირო არ არის. საკმარისია, თან ჰქონდეს ავტომობილის გასაღები და ტექპასპორტი, თუნდაც ელექტრონული სახით.
რა სიხშირით უნდა გაიაროს ავტომობილმა ტექინსპექტირება?
ტექინსპექტირების სიხშირე ავტომობილის ასაკსა და კატეგორიაზეა დამოკიდებული. მაგალითად, გამოშვებიდან 4 წლამდე ასაკის მსუბუქი ავტომობილები, M1 კატეგორია, შემოწმებისგან თავისუფლდებიან. 4 დან 8 წლამდე ასაკის ავტომობილებმა ტექინსპექტირება ორ წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ, 8 წელზე უფროსმა მანქანებმა კი ყოველწლიურად.
უფრო ხშირი შემოწმება უწევთ იმ სამგზავრო ავტომობილებს, რომლებშიც მძღოლის გარდა 8 ზე მეტი ადგილია, ანუ M2 და M3 კატეგორიებს. ისინი პირველ ტექინსპექტირებას გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ გადიან, შემდეგ ყოველწლიურად, ხოლო 4 წლის შემდეგ ექვს თვეში ერთხელ. ასეთივე სიხშირით მოწმდება ლიცენზირებული ტაქსებიც, მათი ასაკის მიუხედავად.
პორტის სიახლოვის გამო, ბათუმში ბევრი ახლად შემოყვანილი ავტომობილი მოძრაობს. საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი ტრანსპორტისთვის სპეციალური პირობა მოქმედებს, რადგან მათი შემოწმება განბაჟებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მოესწროს. ამ დროის ამოწურვის შემდეგ, ავტომობილი ავტომატურად ვადაგადაცილებულად ჩაითვლება.
დაგეგმე ვიზიტი ბათუმის ან ქობულეთის ცენტრში
„გრინვეის“ ბათუმის ფილიალში ტექინსპექტირება ევროპული სტანდარტების შესაბამისად ტარდება. ავტომობილის შესამოწმებლად სერვისცენტრში ფრანგული წარმოების MULLER AUTOMOTIVE-ის თანამედროვე დანადგარები გამოიყენება.
თუ რიგში მოცდა არ გსურს, ავტომობილის ტექინსპექტირების დაჯავშნა წინასწარ შეგიძლია და შენთვის სასურველი დროც შეარჩიო. წინასწარი ჩაწერა სავალდებულო არ არის და სერვისცენტრში ცოცხალი რიგით მისვლაც შეგიძლია.
თუ ტექინსპექტირების ვადა ახლოვდება და დამატებითი ინფორმაციის მიღება გჭირდება, დეტალებს greenway.ge-ზე გაეცნობი ან საინფორმაციო ცენტრს ნომერზე 032 2 99 77 77 დაუკავშირდები.