რატომ მოწმდება ავტომობილის ტექინსპექტირებისას ძრავის ნაკვეთური?
ძრავის ნაკვეთური კაპოტის ქვეშ არსებული სივრცეა, სადაც ძრავასთან ერთად მისი მუშაობისთვის საჭირო სისტემები და ნაწილები მდებარეობს. მათ შორისაა საწვავის მიწოდების, გაგრილების, შეზეთვისა და ელექტრომომარაგების სისტემები, ასევე აკუმულატორი, ჰაერის ფილტრი, ამძრავი ღვედები, სხვადასხვა სითხის ავზები და გამონაბოლქვის სისტემის რამდენიმე ნაწილი.
ძრავის მუშაობისას ამ სივრცეში მაღალი ტემპერატურა, ვიბრაცია და მექანიკური დატვირთვა იქმნება, რის გამოც რეზინის მილები, ელექტროკაბელები, შეერთებები და შუასადებები დროთა განმავლობაში ცვდება. დაზიანებულმა ნაწილმა შეიძლება სითხის გაჟონვა, ელექტრული ხარვეზი ან სხვა მექანიკური პრობლემა გამოიწვიოს. ამ მიზეზით, ძრავის ნაკვეთურის მდგომარეობის შემოწმება „გრინვეიში“ ტექინსპექტირების ერთ-ერთი სავალდებულო ეტაპია.
რას ამოწმებენ ძრავის ნაკვეთურში ტექინსპექტირებისას?
ძრავის ნაკვეთურის შემოწმებისას ინსპექტორი რამდენიმე ძირითად დეტალს აკვირდება:
- გაჟონვის კვალი: მოწმდება, ხომ არ ჟონავს საწვავი, ზეთი ან სხვა სითხე. მათმა ცხელ დეტალებზე მოხვედრამ შეიძლება ხანძრის საფრთხე შექმნას, სითხის ნაკლებობის შემთხვევაში კი შესაბამისმა სისტემამ გამართულად ვეღარ იმუშაოს;
- ღვედები და მილები: ინსპექტორი ამოწმებს, ხომ არ არის ღვედი გაცვეთილი ან მოშვებული და მილი დაზიანებული. მსგავსმა დაზიანებამ შეიძლება ძრავის გაუმართაობა ან სითხის გაჟონვა გამოიწვიოს;
- ჰაერის ფილტრი: ძლიერ დაბინძურებული ფილტრი ძრავში ჰაერის მიწოდებას აფერხებს. შედეგად, საწვავი სრულად ვერ იწვის და ავტომობილიდან მეტი მავნე გამონაბოლქვი გამოიყოფა;
- სითხეების დონე: მოწმდება ძრავის ზეთის, გამაგრილებლის, სამუხრუჭე და საჭის ჰიდრავლიკური სითხეების დონე. რომელიმე მათგანის ნაკლებობა შეიძლება შესაბამის სისტემაში არსებულ ხარვეზზე ან გაჟონვაზე მიუთითებდეს;
- აკუმულატორი: მოწმდება აკუმულატორის მდგომარეობა, კაბელები და კონტაქტები. კოროზიამ ან მოშვებულმა შეერთებამ შეიძლება ძრავის ჩართვა გაართულოს ან ელექტროსისტემაში გაუმართაობა გამოიწვიოს.
რატომ მოწმდება გამონაბოლქვთან დაკავშირებული ნაწილები ძრავის ნაკვეთურში?
ძრავის ნაკვეთურში და მის სიახლოვეს მოთავსებულია რამდენიმე ნაწილი, რომელიც გამონაბოლქვის რაოდენობასა და შემადგენლობაზე მოქმედებს. მათ შორისაა კატალიზატორი და ჟანგბადის სენსორი. თუ რომელიმე მათგანი დაზიანებულია ან გამართულად არ მუშაობს, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. მაგალითად, დაზიანებული ან ავტომობილიდან ამოღებული კატალიზატორის შემთხვევაში გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO) შემცველობა იმატებს და ავტომობილი შესაძლოა დადგენილ ნორმებს ვეღარ აკმაყოფილებდეს.
ამ ნაწილების მდგომარეობის შემოწმება მნიშვნელოვანია გარემოს დაბინძურების მხრივაც, რადგან ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა. რაც უფრო მეტი გაუმართავი ავტომობილი გადაადგილდება გზებზე, მით მეტი მავნე ნივთიერება ხვდება ჰაერში. ამიტომ ძრავის ნაკვეთურის დათვალიერებისას ინსპექტორი გამონაბოლქვთან დაკავშირებული ნაწილების მდგომარეობასაც ამოწმებს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად წაიკითხე ბლოგი ტექინსპექტირებისას გამონავოლქვის შემოწმების შესახებ
რატომ არის მნიშვნელოვანი ძრავის ნაკვეთურის დროული შემოწმება?
ძრავის ნაკვეთურში არსებული გაუმართაობა ყოველთვის მაშინვე შესამჩნევი არ არის. ზეთის გაჟონვა, ჰაერის ფილტრის დაბინძურება ან აკუმულატორის ტერმინალზე კოროზია თავდაპირველად ავტომობილის მუშაობაზე შეიძლება არც აისახოს. დროთა განმავლობაში კი ასეთი ცვლილებები უფრო სერიოზულ ტექნიკურ პრობლემებს იწვევს.
მაგალითად, გამაგრილებლის მილიდან სითხის გაჟონვის შემთხვევაში მისი დონე თანდათან იკლებს, რამაც შესაძლოა ძრავის გადახურება გამოიწვიოს. კომპონენტების რეგულარული შემოწმება მსგავსი ნიშნების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას და უფრო მძიმე შედეგების თავიდან აცილებას ემსახურება.
მორიგი ტექინსპექტირების ვადა რომ მოგიახლოვდება, ვიზიტი ტექინსპექტირების ცენტრში წინასწარ დაჯავშნე.
გაიარე ტექინსპექტირება დროულად „გრინვეიში“
ტექინსპექტირებისას ავტომობილის სხვადასხვა სისტემაში არსებული ხარვეზები შეიძლება ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდეს, სანამ პრობლემა უფრო სერიოზულ დაზიანებამდე მივა. ამიტომ მორიგი შემოწმების გადადება არ ღირს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტომობილის რომელიმე ნაწილში გაუმართაობა უკვე შეინიშნება.
შემოწმებისას მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა სტანდარტებით მუშაობს ტექდათვალიერების ცენტრი. „გრინვეი“ თანამშრომლობს Applus+-თან, რომელიც ტექინსპექტირების სფეროში მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. ამ გამოცდილების საფუძველზე, „გრინვეის“ ფილიალებში ავტომობილის შემოწმება, მათ შორის ძრავის ნაკვეთური, ევროპული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს.
ამავე სტანდარტის მომსახურების მიღება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშია შესაძლებელი, რადგან „გრინვეის“ ტექდათვალიერების ცენტრები 32 ლოკაციაზე მუშაობს. ფილიალები მდებარეობს თბილისში, ბათუმში, რუსთავის მაგისტრალზე, ფოთში, ბორჯომში, ახალციხეში, ყვარელში, დუშეთში, ქარელში, კასპში, დედოფლისწყაროსა და სხვა ქალაქებში.