ტექინსპექტირება ტაქსებისთვის: ვადები, რეგულაციები და საჭირო დოკუმენტაცია

ტექინსპექტირება ტაქსებისთვის

საქართველოში ტაქსით მომსახურება მგზავრთა უსაფრთხოების დასაცავად მკაცრად კონტროლდება, რაც ავტომობილების რეგულარულ ტექდათვალიერებასაც ითვალისწინებს. ამიტომ, ბლოგში დეტალურად მიმოვიხილავთ შემოწმების ვადებს, საჭირო დოკუმენტაციასა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში უნდა გადაიდგას.

რა სიხშირით უნდა გაიაროს ტაქსიმ ტექინსპექტირება? 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, M1 კატეგორიის მსუბუქი ტრანსპორტი პირველ შემოწმებას გამოშვებიდან 4 წლის შემდეგ გადის. 4-დან 8 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის პროცედურა ორ წელიწადში ერთხელ არის სავალდებულო, ხოლო 8 წელზე უფროსი მანქანები ინსპექტირებას ყოველწლიურად ექვემდებარება.

ტაქსების შემთხვევაში რეგულაცია გაცილებით მკაცრია. აღნიშნული კატეგორიის ტრანსპორტი, ისევე როგორც სასწრაფო დახმარების მანქანები, პირველ შემოწმებას გამოშვებიდან ერთი წლის თავზე გადიან. ამის შემდეგ კი, მანქანის ასაკის მიუხედავად, ტექდათვალიერება ყოველ ექვს თვეში ერთხელ ტარდება.

აღნიშნული მიდგომა საქმიანობის სპეციფიკით აიხსნება. ვინაიდან ტაქსის ავტომობილები ყოველდღიურად დიდ მანძილს გადიან, ხშირი გაჩერება და დაძვრა მათი დეტალების სწრაფ ცვეთას იწვევს.

რა დოკუმენტაცია სჭირდება ტაქსის მძღოლს ტექინსპექტირებისთვის?

ტექნიკური შემოწმების გასავლელად წარსადგენი საბუთების ნუსხა საკმაოდ მოკლეა. სავალდებულოა ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის წარდგენა, თუმცა დედანის არქონის შემთხვევაში მისი ასლი ან ფოტოსურათიც მისაღებია. გარდა ამისა, რეკომენდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა.

იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ბუნებრივ აირზე ან თხევად გაზზეა გადაყვანილი, შესაბამისი მოწმობის წარდგენა ყოველი შემოწმებისას აუცილებელი პირობაა. ეს წესი ვრცელდება მოგვიანებით დამონტაჟებულ აირბალონიან აღჭურვილობაზეც. 

ამასთან, სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული მონაცემები ავტომობილის რეალურ მდგომარეობას უნდა შეესაბამებოდეს. თუ მანქანა გაზს მოიხმარს, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია დოკუმენტურად არ დასტურდება, ამ შემთხვევაში ,,გრინვეის” ინსპექტორი ხარვეზს დააფიქსირებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილის ინსპექტირებაზე წარდგენა უშუალოდ მფლობელისგან არ მოითხოვება. პროცედურის გავლა ნებისმიერ პირს შეუძლია, ვისაც თან ექნება სარეგისტრაციო მოწმობა ან მისი ასლი. ამრიგად, დამატებითი მინდობილობის ან სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება საჭირო არ არის.

რა ხდება მაშინ, თუ ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გაივლის?

ტაქსის მძღოლისთვის შემოწმების წარუმატებლად დასრულება პირდაპირ უკავშირდება საქმიანობისა და შემოსავლის დროებით შეჩერებას. ამიტომ, თუ ავტოტრანსპორტმა პირველადი დათვალიერება ვერ გაიარა, მფლობელს ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30 კალენდარული დღე ეძლევა. განმეორებითი ვიზიტისას მხოლოდ ის კონკრეტული კომპონენტები მოწმდება, რომლებიც დახარვეზდა და სრული პროცედურის თავიდან გავლის საჭიროება აღარ არსებობს.

იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდა ან განმეორებითი ინსპექტირებაც უარყოფითი შედეგით დასრულდა, მძღოლს შეუძლია პირველადი ინსპექტირება ხელახლა დაგეგმოს. ამ გზით ხარვეზების გამოსასწორებლად ახალი 30-დღიანი პერიოდი აითვლება.

ტექინსპექტირებაგაუვლელი ავტომობილით გადაადგილება ფულად სანქციებს ითვალისწინებს, რაც ფიზიკური პირისთვის 50 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის 200 ლარს შეადგენს. გასათვალისწინებელია, რომ ქალაქში მოქმედი ვიდეოკონტროლის სისტემა ვადაგადაცილებულ ტრანსპორტს ავტომატურად აფიქსირებს, ამიტომ ჯარიმის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია. 

რომელ კომპონენტებს უნდა მიაქციოს ტაქსის მძღოლმა ყურადღება ტექინსპექტირებამდე?

ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ტექინსპექტირების გავლა ექვს თვეში ერთხელ უწევთ, ავტომობილის ძირითადი კომპონენტების გამართულობას მუდმივად ყურადღებას აქცევენ. პროცედურის ფარგლებში რამდენიმე მიმართულება მოწმდება, რომელთა მდგომარეობაც ინსპექტირების საბოლოო შედეგს განაპირობებს.

  • სამუხრუჭო სისტემა: ეს კომპონენტი დახარვეზების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. პროცედურისას ფასდება მექანიზმის გამართულობა, დისკების მდგომარეობა, სითხის დონე და სადგომი მუხრუჭის მდგომარეობა. ვინაიდან ტაქსი ქალაქში  ინტენსიური დამუხრუჭებით გადაადგილდება, აღნიშნული ნაწილი მუდმივ დაკვირვებას საჭიროებს;
  • საბურავები: ყურადღება ექცევა ღარების სიღრმეს, გამოშვების წელს, ზომასა და სიმტკიცეს. გაცვეთილი საბურავი ზრდის მოცურების რისკს, ხოლო ძველი რეზინი გასკდომის საფრთხეს შეიცავს. აუცილებელია, რომ თითოეულ ღერძზე იდენტური ზომისა და ტიპის საბურავები იყოს დამონტაჟებული;
  • საჭით მართვის მექანიზმი: ფასდება რეაგირების სისწრაფე და თავისუფალი სვლის მოცულობა. თუ საჭე დაგვიანებით რეაგირებს ან ზედმეტად დიდი თავისუფალი სვლა აქვს, მკვეთრი მანევრირებისას მძღოლი ტრანსპორტის კონტროლს სათანადოდ ვერ შეძლებს;
  • განათება და ხილვადობა: კონტროლდება ფარები, მოხვევის მაჩვენებლები, სამუხრუჭო შუქები და უკუსვლის განათება. ასევე ფასდება საქარე მინის მდგომარეობა, რადგან ნებისმიერი ბზარი ან დეფორმაცია ზღუდავს ხილვადობას და უარყოფითი დასკვნის საფუძველი ხდება;
  • გამონაბოლქვის სისტემის შემოწმება: 2025 წლის იანვრიდან გამკაცრდა ნორმატივები იმ ბენზინზე მომუშავე ტრანსპორტისთვის, რომელმაც პირველადი რეგისტრაცია 2020 წლის აპრილამდე გაიარა. ძველი საწვავის სისტემის მქონე ავტომობილმა შესაძლოა ახალი სტანდარტები ვეღარ დააკმაყოფილოს;
  • კორპუსი და დაკიდების სისტემა: შემოწმებისას ავტომობილის ქვედა ნაწილიც კონტროლდება. დაზიანებული ელემენტების ან სითხის ჟონვის აღმოჩენა ხშირად ხდება უარყოფითი პასუხის მიღების მიზეზი.

რატომ არის ინსპექტირება სავალდებულო ტაქსის ლიცენზიის შესანარჩუნებლად? 

თბილისში ტაქსით მომსახურების სანებართვო სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა. A კატეგორიის ნებართვის მფლობელებს კონკრეტული პირობების დაცვა მართებთ, რაც თეთრი ფერის, მარცხენასაჭიან ავტომობილს, სპეციალურ სტიკერებსა და მანათობელ ნიშანს გულისხმობს.

აღნიშნული კრიტერიუმების პარალელურად, მოქმედი ტექინსპექტირების სტატუსი ლიცენზირებული ტრანსპორტისთვის სავალდებულო მოთხოვნაა. ინსპექტირების ვადის დარღვევისას მძღოლი ფულადი სანქციის მიღებასთან ერთად ნებართვის წესებსაც არღვევს, რაც შესაბამისი ზომების გატარებას იწვევს.

მსგავსი რეგულაციები რეგიონებშიც აქტუალური ხდება. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ტაქსის სანებართვო სისტემის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

გაიარე ტექინსპექტირება „გრინვეიში“ მთელი საქართველოს მასშტაბით

ტაქსის მძღოლებისთვის, რომლებიც ამ პროცედურას წელიწადში ორჯერ გადიან, მომსახურების სისწრაფე და ხელმისაწვდომობა პრიორიტეტია. ამიტომ, „გრინვეის“ სერვისცენტრები ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტ ლოკაციაზე ფუნქციონირებს. ვიზიტის წინასწარ დასაგეგმად ვებგვერდი greenway.ge/booking მუდმივად ხელმისაწვდომია, თუმცა მომსახურების მიღება დაჯავშნის გარეშეც, ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

უშუალოდ ინსპექტირების პროცესი დაახლოებით 15 ან 20 წუთს მოითხოვს. მძღოლების ინფორმირებულობისთვის ასევე მოქმედებს SMS შეხსენების სერვისი, რომელიც ვადის მოახლოების შესახებ წინასწარ აგზავნის შეტყობინებას. 

აღსანიშნავია, რომ დახარვეზების შემთხვევაში, განმეორებითი ვიზიტისთვის შეგიძლია „გრინვეის“ ნებისმიერი ფილიალი შეარჩიო, რადგან თავდაპირველ სერვისცენტრში დაბრუნების ვალდებულება არ არსებობს.

თუ ტექინსპექტირების თარიღი გიახლოვდება, ვიზიტის დაგეგმვა „გრინვეის“ ვებგვერდიდან დღესვე შეგიძლია.

ასევე ნახე