რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას გამონაბოლქვი?
2016 წლის მონაცემებით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% ავტოტრანსპორტის ემისიების შედეგია. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა მას შემდეგ თითქმის გაორმაგდა, ეს მაჩვენებელი დღეისთვის სავარაუდოდ უფრო მაღალია. ამ რეალობის გათვალისწინებით, პერიოდული ტექინსპექტირების ფარგლებში გამონაბოლქვი და ტრანსპორტის ზოგადი გამართულობა მოწმდება, რათა ზუსტად განისაზღვროს ჰაერში გაფრქვეული ტოქსიკური ნივთიერებების მოცულობა.
რა გამოიყოფა გამონაბოლქვიდან და რატომ არის ეს საშიში?
ტექინსპექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნახშირჟანგს (CO). ეს არის უფერო და უსუნო აირი, რომელიც საწვავის არასრული წვის შედეგად ჩნდება და მაღალი კონცენტრაციისას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. პარალელურად წარმოიქმნება დაუწველი ნახშირწყალბადები (HC), რომლებიც მზის სხივებთან რეაქციაში შედის, მიწისპირა ოზონს წარმოქმნის და ტოქსიკურ ნისლს. წვის პროცესისა და მაღალი ტემპერატურის გამო აზოტის ოქსიდებიც გამოიყოფა, რაც მჟავა წვიმებისა და სმოგის გავრცელებას განაპირობებს.
ჩამოთვლილი ნივთიერებები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები საერთაშორისო ნორმებს მკვეთრად აჭარბებს, რის გამოც დედაქალაქში რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარება ფიქსირდება. იმავე დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ PM2.5 მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის თუნდაც 1მკგ/მ³-ით მატება რესპირატორული პრობლემებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 2.2%-იან ზრდას იწვევს.
თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების დაკვირვებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი პიკის საათებში, ავტომობილების ინტენსიური მოძრაობისას იმატებს, უქმე დღეებში კი საგრძნობლად იკლებს. ეს კი იმას მოწმობს, რომ ჰაერის ხარისხის გაუარესებას სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებები იწვევს.
როგორ მოწმდება გამონაბოლქვი და რა ნორმები მოქმედებს?
ბენზინის ძრავის შემთხვევაში გამონაბოლქვს სპეციალური გაზანალიზატორით აფასებენ. მოწყობილობა ნახშირჟანგის (CO) შემცველობას ორ რეჟიმში, კერძოდ, უქმ სვლასა და მაღალ ბრუნზე (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) ამოწმებს. ამასთანავე, მოწმდება ლამბდა (λ) კოეფიციენტიც, რომელიც ჰაერისა და საწვავის ნარევის ბალანსს განსაზღვრავს.
დიზელის ძრავების შემოწმებისას განსხვავებული მიდგომა გამოიყენება. ამ დროს ოპაციმეტრით ადგენენ გამონაბოლქვის სიმჭიდროვეს, რაც სინათლის შთანთქმის პრინციპს ეფუძნება, ანუ რაც უფრო მუქია კვამლი, მით მაღალია დაბინძურების მაჩვენებელი.
მოქმედი რეგულაციების თანახმად, 2020 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებული ბენზინის ძრავიანი ავტომობილებისთვის ნახშირჟანგის ზღვარი ორივე რეჟიმში 0.6%-ს შეადგენს. 2020 წლის აპრილის შემდეგ რეგისტრირებული ტრანსპორტისთვის მოთხოვნები უფრო მკაცრია, რაც დაბალ ბრუნზე 0.5%-ს, ხოლო მაღალზე 0.3%-ს გულისხმობს. აირზე (CNG/LPG/LNG) მომუშავე ავტომობილებისთვისაც მსგავსი სტანდარტები მოქმედებს. დიზელის ძრავებისთვის ჩვეულებრივი აგრეგატის სიმჭიდროვის ნორმა 2.5 m⁻¹-ით განისაზღვრება, ტურბოჩაბერვიანისთვის კი ეს ციფრი 3.0 m⁻¹-ს უდრის.
დაჯავშნე სერვის ცენტრში ვიზიტი ონლაინ და გაიარე ტექინსპექტირება რიგების გარეშე
რატომ ვერ გადის ავტომობილი შემოწმებას და რას ნიშნავს კვამლის ფერი?
ბენზინის ძრავების შემთხვევაში ნახშირჟანგის (CO) მაღალი მაჩვენებელი ხშირად კატალიზატორის არარსებობას ან მის გაუმართაობას უკავშირდება. როდესაც აღნიშნული დეტალი ამოღებული ან დაზიანებულია, მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია დადგენილ ნორმას საგრძნობლად აჭარბებს ხოლმე.
ხშირია ჰაერის ფილტრის დაბინძურების შემთხვევებიც, რადგან წვისთვის საჭირო ჰაერის ნაკლებობა ემისიების მატებას განაპირობებს. პრობლემების ჩამონათვალს ემატება ავტომობილის ანთების სისტემის ხარვეზები, მათ შორის გაცვეთილი სანთლები ან დაზიანებული კაბელები. დიზელის ძრავების შეფერხებას კი ძირითადად ინჟექტორების, ტურბოკომპრესორისა და მყარი ნაწილაკების ფილტრის (DPF) გაუმართაობა იწვევს.
მავნე ნივთიერებების შემცველობას საწვავის ხარისხიც განსაზღვრავს. ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ამ მიმართულებით კონტროლი არასაკმარისია. ასევე, აღნიშნავენ, რომ მძღოლთა ნაწილი ტექინსპექტირების წინ საწვავს სხვადასხვა დანამატით აზავებს, თუმცა ეს მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა, რადგან სტანდარტული საწვავის გამოყენებისას ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ იმატებს და საფრთხის შემცველია.
გამონაბოლქვის ფერი ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობასაც ავლენს:
- შავი კვამლი საწვავის არასრული წვის შედეგია, რაც ხშირად ჰაერის ფილტრის ან ინპექტორების დაზიანებას უკავშირდება;
- ლურჯი ან მოცისფრო ელფერი ძრავის ზეთის წვაზე მიუთითებს, რაც დგუშის რგოლების ან სარქველების ცვეთით აიხსნება;
- ნაცრისფერი გამონაბოლქვი შესაძლოა ავტომატური გადაცემათა კოლოფის სითხის წვაზე მიანიშნებდეს.
სამივე შემთხვევაში ავტომობილი ტექდათვალიერებისას დახარვეზდება და შემოწმებას წარმატებით ვერ გაივლის.
წაიკითხეთ ბლოგი და გაიგეთ, რატომ ამცირებს ტექინსპექტირება ავტოავარიების რიცხვს
გაიარე ტექინსპექტირება დროულად „გრინვეიში“
საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესშია, რის გამოც 2023 წლის სექტემბრიდან დიდ ქალაქებში, კერძოდ თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, ხილული გამონაბოლქვის მკაცრი ზედამხედველობა უკვე მიმდინარეობს. ვინაიდან სამომავლოდ რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება, უმჯობესია ინსპექტირების თარიღი „გრინვეის“ ვებგვერდის დახმარებით გადაამოწმო და ვიზიტი წინასწარ დაგეგმო.
„გრინვეის“ პარტნიორი კომპანია Applus+-ია, რომელიც ტექინსპექტირების სფეროში მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. შესაბამისად, გამონაბოლქვის შემოწმების ჩათვლით, „გრინვეის“ ფილიალებში დანერგილი ტექდათვალიერების მოდელი ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
ტექდათვალიერების ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით 32 ლოკაციაზე მდებარეობს, მათ შორის თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ბორჯომში, ახალციხეში, ყვარელში, დუშეთში, ქარელში, კასპში, დედოფლისწყაროსა და სხვა ქალაქებში.