რატომ მოწმდება საჭის სისტემა და სავალი ნაწილი ტექინსპექტირებისას?

რატომ მოწმდება საჭის სისტემა და სავალი ნაწილი

აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) მონაცემებით, წელიწადში 2 000-მდე ავარიის მიზეზი მართვის მექანიზმის მოულოდნელი დაზიანება ხდება. მსგავსი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, პერიოდული ინსპექტირებისას საჭესა და სავალ ნაწილს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. შემოწმების მიზანია, სპეციალისტმა ხარვეზი მანამ აღმოაჩინოს, სანამ პრობლემა მძღოლისთვის სახიფათო გახდება. 

რა არის საჭის მართვის სისტემა და სავალი ნაწილი?

საჭის მართვის სისტემა რთული მექანიკური ან ელექტროჰიდრავლიკური კვანძების ერთობლიობაა. ის საჭის ბრუნვას თვლებს გადასცემს და მას წრფივ მოძრაობად გარდაქმნის. ამ სისტემაში შედის საჭის ღერძი, მექანიზმი, გამწევი ლილვი, ბურთულოვანი სახსრები და გამაძლიერებელი ნაწილები.


სავალი ნაწილი კი უფრო ფართო ცნებაა. ის ძარასა და თვლებს შორის მოთავსებულ ყველა იმ ელემენტს მოიცავს, რომელიც ავტომობილის სტაბილურობას განაპირობებს. ეს კომპონენტებია: დაკიდება, სტაბილიზატორი, თვლის ნახევარღერძები, საილენტბლოკები, საკისრები, შასი, ქვეძარა, საბურავები და დისკები.


თუ დაინტერესდები: გაეცანი ბლოგს და გაიგე, თუ რატომ მოწმდება მაჩვენებელთა დაფა და რა გავლენას ახდენს ის უსაფრთხოებაზე!

რა გავლენას ახდენს გაუმართავი მექანიზმები ავტომობილის მართვასა და უსაფრთოებაზე?

ამ სისტემების გამართულობა განსაზღვრავს ავტომობილის მართვადობასა და იმას, თუ რამდენად ზუსტად დაემორჩილება ის მძღოლის ბრძანებებს. მაგალითად, დაზიანებული ამორტიზატორი სამუხრუჭე მანძილს ზრდის, მწყობრიდან გამოსული ბურთულოვანი სახსარი კი ბორბლის გეომეტრიას ცვლის. მსგავსი ხარვეზები მშვიდი მგზავრობისას თითქმის შეუმჩნეველია, თუმცა დაბრკოლებისთვის მოულოდნელად გვერდის ავლისას ან სველ და მოყინულ გზაზე მოძრაობისას, შესაძლოა, მძიმე შედეგების მიზეზად იქცეს. 


საკითხის აქტუალობას სტატისტიკაც ადასტურებს. NHTSA-ის კვლევის თანახმად, საჭის, დაკიდების, ტრანსმისიისა და ძრავის გაუმართაობა იმ ავარიების 3%-ში ფიქსირდება, სადაც მიზეზად ტექნიკური ხარვეზია დასახელებული. ერთი შეხედვით, ეს მაჩვენებელი მცირეა, თუმცა სპეციალისტები განმარტავენ, რომ მსგავსი პრობლემების აღმოჩენა საგზაო შემთხვევის შემდეგ რთულდება (ბუნებრივი ცვეთისა და შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ზუსტი დიაგნოსტიკა ხშირად ვერ ხერხდება). შესაბამისად, რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მაღალია.

საჭის სისტემისა და სავალი ნაწილის დაზიანების მთავარი ნიშნები 

საჭისა და სავალი ნაწილის გაუმართაობა თავდაპირველად ნაკლებად შესამჩნევია და თავს მცირე ნიშნებით იჩენს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია:


  • ვიბრაცია და რხევა: უსწორმასწორო გზაზე მოძრაობისას ან დამუხრუჭების დროს საჭის ვიბრაცია. დაზიანებას ხშირად ავტომობილის მსუბუქი რხევა ან სწორხაზოვანი მოძრაობისას გვერდზე გაწევაც (გადახვევა) ახასიათებს;
  • წინა ნაწილის დახრა: დამუხრუჭების მომენტში ავტომობილის წინა ნაწილის მკვეთრი დახრა ამორტიზატორების გაუმართაობაზე მიანიშნებს;
  • დაგვიანებული რეაგირება: საჭის მობრუნებისას სიგნალის დაგვიანება მექანიზმში ე.წ. თავისუფალი სვლის გაზრდის ნიშანია;
  • სპეციფიკური ხმები: ორმოებზე გადავლისას ან მოხვევისას გაგონილი ჩხაკუნი თუ გრუხუნი, როგორც წესი, სხვადასხვა კომპონენტის ცვეთას უკავშირდება;
  • საბურავების ცვეთა: არათანაბარი ცვეთა თვლების გეომეტრიის დარღვევის აშკარა მანიშნებელია;
  • საჭის დამძიმება: მართვისას საჭის მოულოდნელი დამძიმება ან რეაგირების შენელება გამაძლიერებელ სისტემაში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს.

თუ შენს ავტომობილს მსგავსი ხარვეზები აღენიშნება, უსაფრთხოებაზე ზრუნვას ნუ გადადებ – დაჯავშნე ტექინსპექტირება ონლაინ და დროულად აღმოფხვერი ხარვეზები.

რას ამოწმებს ინსპექტორი? 

საჭის სისტემის დათვალიერებისას ინსპექტორი აფასებს მექანიზმის მდგომარეობას, თავისუფალ სვლას, ღერძის ფიქსაციას და ბურთულოვანი სახსრებისა თუ გამწევი ლილვების ცვეთას. ჰიდრავლიკურ სისტემაში მოწმდება სითხის შესაძლო გაჟონვა, ელექტრონულში კი – რეაგირების ხარისხი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ რეგისტრირებული ავტომობილებისთვის საჭე მარცხენა მხარეს უნდა მდებარეობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსპექტირება გავლილად ვერ ჩაითვლება. 


დაკიდებისა და შასის შემოწმებისას ინსპექტორი აკვირდება ამორტიზატორების გამართულობას (სითხის გაჟონვასა და ვიბრაციის ჩახშობის უნარს), ზამბარების მთლიანობას, სტაბილიზატორსა და საკისრებს.


ბზარებისა თუ კოროზიის გამოსავლენად, დეტალურად ფასდება შასისა და ქვეძარის მდგომარეობა. დამატებით მოწმდება საბურავებიც, სადაც პროტექტორის მინიმალური დასაშვები სიღრმე 1.6 მილიმეტრია. ყურადღება ექცევა ცვეთის ერთგვაროვნებასა და ზედაპირულ დაზიანებებს, მათ შორის ბზარებსა და ე.წ. შებერილობებს (ამობურცულ ადგილებს).

რა ხდება ხარვეზის აღმოჩენისას და სად უნდა გავიარო ტექდათვალიერება?

ტექინსპექტირებისას აღმოჩენილი ხარვეზები სამ კატეგორიად იყოფა: მცირე, მნიშვნელოვან და საშიშ დაზიანებებად. 


მნიშვნელოვანი ან საშიში ხარვეზების დაფიქსირებისას ავტომობილი შემოწმებას ვერ გადის. პრობლემის გამოსასწორებლად და განმეორებითი ვიზიტისთვის ავტომფლობელს 30-დღიანი ვადა ეძლევა. საშიში კატეგორიის დაზიანებისას (როგორიცაა, მაგალითად, სავალი ნაწილის უკიდურესი ცვეთა), ავტომობილის გზებზე გადაადგილება ხარვეზის მოგვარებამდე აკრძალულია. 


„გრინვეის“ ტექინსპექტირების ცენტრები აკრედიტებულია და სრულად აღჭურვილია საჭისა და სავალი ნაწილის სრულყოფილი შემოწმებისთვის აუცილებელი ტექნიკით. ინსპექტირების მოდელი ევროპულ სტანდარტებს ეყრდნობა, ფილიალები კი ქვეყნის მასშტაბით 32 ლოკაციაზე მდებარეობს, მათ შორის თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ბორჯომში, ახალციხესა და სხვა ქალაქებში.

ასევე ნახე