რატომ მოწმდება ავტომობილის მაჩვენებელთა დაფა ტექინსპექტირებისას?
ავტომობილის ტექინსპექტირებისას ყურადღება ძირითადად სამუხრუჭე სისტემას, ფარებს, გამონაბოლქვსა და სხვა საკვანძო დეტალებს ეთმობა. თუმცა, ამ ჩამონათვალშია კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც მძღოლის ხედვის არეში მუდმივად ხვდება. საუბარია მაჩვენებელთა დაფაზე, რომლის შემოწმებაც „გრინვეის“ სერვისცენტრებში ტექინსპექტირებისას აუცილებელია.
რა არის მაჩვენებელთა დაფა და როგორ მუშაობს?
მაჩვენებელთა დაფა საჭის უკან განთავსებული პანელია, რომელიც მძღოლს ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას აწვდის. მასზე განლაგებულია სპიდომეტრი, ტაქომეტრი, საწვავის დონისა და გაგრილების სითხის ტემპერატურის ინდიკატორები, ასევე სხვადასხვა ტიპის გამაფრთხილებელი თუ საინფორმაციო სიმბოლო.
თანამედროვე ავტომობილებში ეს მაჩვენებლები ბორტკომპიუტერსა და მრავალრიცხოვან სენსორებს უკავშირდება. მთელი ეს სისტემა OBD II-ზე, ანუ თვითდიაგნოსტიკის მექანიზმზეა აგებული. ის მუდმივად აკონტროლებს ძრავის, გამონაბოლქვისა და სხვა საკვანძო აგრეგატების მუშაობას. გაუმართაობის დაფიქსირებისას ბორტკომპიუტერი შესაბამის დიაგნოსტიკურ კოდს ინახავს და მაჩვენებელთა დაფაზე კონკრეტული სიმბოლოს ანთებით მძღოლს ხარვეზის შესახებ ატყობინებს.
ინდიკატორების ფერები საერთო სტანდარტით განისაზღვრება და ამ წესს ისეთი მსხვილი მწარმოებლებიც იზიარებენ, როგორებიცაა Ford, Volkswagen, Lincoln და Chrysler:
- წითელი სიმბოლოები: მიანიშნებს კრიტიკულ გაუმართაობაზე ან უსაფრთხოების რისკებზე და დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს;
- ყვითელი და ნარინჯისფერი ნათურები: აღნიშნავს იმ ხარვეზებს, რომელთა ანთების ან ციმციმის დროს მოძრაობის გაგრძელება დასაშვებია, თუმცა ავტომობილის დროული შემოწმება აუცილებელია;
- მწვანე, ლურჯი და თეთრი სიმბოლოები: მხოლოდ გააქტიურებულ ფუნქციებს ასახავს და ტექნიკურ დაზიანებასთან კავშირი არ აქვს.
რომელ ნათურებს აქცევს ყურადღებას ინსპექტორი?
პერიოდული ტექდათვალიერებისას ინსპექტორები რამდენიმე კონკრეტულ გამაფრთხილებელ ნათურას აკვირდებიან, ესენია:
- Check Engine (MIL): მიანიშნებს ძრავის ან გამონაბოლქვის სისტემის ხარვეზებზე, რასაც ბორტკომპიუტერი OBD II სისტემის დახმარებით აფიქსირებს;
- ABS (დამუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემა): ასახავს სამუხრუჭე მექანიზმის მდგომარეობასა და მის გამართულ მუშაობას;
- SRS (უსაფრთხოების ბალიშები): ადასტურებს, რომ სისტემა მზადყოფნაშია და საჭიროების შემთხვევაში ბალიშები შეუფერხებლად გაიხსნება;
- ზეთის წნევის, გაგრილების სითხისა და აკუმულატორის ინდიკატორები: გვიჩვენებს იმ საკვანძო კომპონენტების მდგომარეობას, რომელთა მწყობრიდან გამოსვლაც ავტომობილის გაჩერების ხშირი მიზეზია;
- TPMS, ESC და Traction Control: აკონტროლებს საბურავებში ჰაერის წნევას, ავტომობილის წონასწორობასა და გზის საფართან ბორბლების მოჭიდებას.
როგორ მოწმდება მაჩვენებელთა დაფა ტექინსპექტირებისას?
ინსპექტირების ცენტრებში მაჩვენებელთა დაფას, პირველ რიგში, ვიზუალურად ამოწმებენ. ეს პროცესი სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.
თავდაპირველად სისტემა ძრავის ამუშავების გარეშე ირთვება, რათა მაჩვენებელთა დაფაზე ყველა გამაფრთხილებელი სიმბოლო აინთოს. სპეციალისტები ამ საფეხურს „Bulb Check“-ს უწოდებენ და ის თითოეული ნათურის გამართულობას ადასტურებს. თუ რომელიმე ინდიკატორი ამ დროს საერთოდ არ აინთება, ეს შესაძლოა დამწვარ ნათურაზე ან სხვა ელექტრონულ დაზიანებაზე მიუთითებდეს.
მომდევნო ეტაპზე ძრავა ირთვება და ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი მომენტალურად უნდა ჩაქრეს. თუ რომელიმე მათგანი კვლავ ანთებული დარჩება, ინსპექტორი შესაბამისი სისტემის გაუმართაობას აღრიცხავს.
გარდა ვიზუალური შემოწმებისა, ინსპექტორი OBD II დიაგნოსტიკურ სკანერსაც იყენებს. ეს მოწყობილობა ბორტკომპიუტერში შენახულ ხარვეზის კოდებს კითხულობს. სკანირება იმისთვის ტარდება, რომ გამოირიცხოს ნათურის ფიზიკური დაზიანებით ან მისი განზრახ გათიშვით პრობლემის დამალვა.
რატომ აქვს ამ შემოწმებას კავშირი საგზაო უსაფრთხოებასთან?
ვინაიდან მაჩვენებელთა დაფის ინდიკატორების დახმარებით მძღოლი სისტემის გამართულობას აკონტროლებს, ამ სიგნალების უგულებელყოფას ხშირად მძიმე შედეგები მოჰყვება. ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს.
ბრიტანული საგზაო დახმარების კომპანიის, Green Flag-ის კვლევის თანახმად, ანთებული ნათურის უგულებელყოფის გამო მძღოლების 18%-ს ავტომობილი მოულოდნელად გაუჩერდა, 10% საგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა, ხოლო 11%-ის ავტომობილი სერიოზულად დაზიანდა. Halfords-ის მონაცემებით კი, ანთებული ინდიკატორების 18% სამუხრუჭე სისტემაში, ხოლო 16% უსაფრთხოების ბალიშებში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებდა – ეს ორივე კომპონენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის.
რა გავლენას ახდენს ანთებული ნათურა ტექინსპექტირების შედეგზე?
საქართველოს №510 რეგლამენტის მიხედვით, ტექინსპექტირებისას აღმოჩენილი გაუმართაობა სამ კატეგორიად იყოფა. თითოეული მათგანი განსაზღვრავს, ჩაითვლება თუ არა შემოწმება გავლილად და რა ვადაში უნდა მოგვარდეს გამოვლენილი პრობლემა:
- უმნიშვნელო ხარვეზი: ავტომობილი ინსპექტირებას გადის, თუმცა მფლობელმა პრობლემა უახლოეს პერიოდში უნდა მოაგვაროს.
- მნიშვნელოვანი ხარვეზი: ტექდათვალიერება წარმატებით ვერ სრულდება, რის გამოც ავტომფლობელს მდგომარეობის გამოსასწორებლად და განმეორებითი შემოწმებისთვის 30 კალენდარული დღე ეძლევა.
- სახიფათო ხარვეზი: ავტომობილი მოძრაობისთვის დაუყოვნებლივ უვარგისად მიიჩნევა და გზებზე მისი გადაადგილება შეკეთებამდე იკრძალება.
მაჩვენებელთა დაფის დათვალიერებისას, ანთებული SRS ნათურა, რომელიც უსაფრთხოების ბალიშის გაუმართაობაზე მიანიშნებს, მნიშვნელოვან ხარვეზად ფასდება, რადგან ავარიის მომენტში დაზიანებული სისტემა შესაძლოა შეფერხებით ამოქმედდეს. ABS-ის ანთებული ინდიკატორიც დახარვეზების საფუძველია, რადგან ის სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობას აღნიშნავს (თავის მხრივ, სამუხრუჭე სისტემის მაჩვენებელი შეიძლება სითხის დაბალ დონეს, გაცვეთილ ხუნდებს ან ჰიდრავლიკურ პრობლემებს ასახავდეს).
Check Engine-ის მუდმივი ნათება ძრავის ან გამონაბოლქვის სისტემაში არსებულ ხარვეზზე მიუთითებს. ევროპული რეგულაციებით, 2003 წლის ივლისიდან რეგისტრირებული ბენზინისა და 2008 წლის ივლისიდან რეგისტრირებული დიზელის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის MIL (Check Engine) ნათურის ანთების შემთხვევაში ტრანსპორტი ავტომატურად ხარვეზდება.
იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გაივლის, მფლობელს ინსპექტირების ბარათი გადაეცემა, რომელშიც ყველა გამოვლენილი ხარვეზია აღნიშნული. ამ პრობლემების გამოსასწორებლად 30 კალენდარული დღეა გამოყოფილი. განმეორებითი ტექინსპექტირების დაჯავშნა ონლაინაა შესაძლებელი და ამ დროს მხოლოდ ის დეტალები მოწმდება, რომლებიც წინა ეტაპზე ხარვეზად ჩაითვალა.
გაიარე ტექინსპექტირება „გრინვეიში“
ავტომობილის მაჩვენებელთა დაფა სისტემების მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გაწვდის. თითოეული ინდიკატორი იმ მექანიზმების გამართულობას ასახავს, რომლებზეც შენი და მგზავრების უსაფრთხოებაა დამოკიდებული.
სწორედ ამიტომ, დროულად დაგეგმე ტექინსპექტირება „გრინვეიში“ და დარწმუნდი, რომ ავტომობილი სრულად გამართულია. ტექინსპექტირების ცენტრები საქართველოში 32 ლოკაციაზეა განთავსებული – თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ბორჯომში, ახალციხეში, ყვარელში, დუშეთში, ქარელში, კასპში, დედოფლისწყაროსა და სხვა ქალაქებში.