გრინვეი გარემოსთვის
10 February, 2022

უსაფრთხო გარემო, ადამიანების ჯანმრთელობა და მაღალი პასუხისმგებლობა - ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომელზეც კომპანია „გრინვეი“ დგას.

 

ჩვენი პროექტის "გარემოსთვის" ფარგლებში, გიამბეთ იმ ადამიანებზე, რომელთა საქმიანობაც ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობითაა გამსჭვალული და ხელშესახები სარგებელი მოაქვთ გარემოს უსაფრთხოებისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის.


 

„ზერო ეფექტი“, ნული ნარჩენის პირველი სივრცეა საქართველოში, რომელიც გარემოზე ზრუნვას ემსახურება, ნარჩენების შემცირებით და ნული ნარჩენის ცხოვრების სტილის წახალისებით.

 

საკუთარი საქმიანობის შესახებ გრინვეის ესაუბრა ანი ჭყოიძე, კომპანია „ზერო ეფექტის“ თანადამფუძნებელი:

 

"სივრცის შექმნის იდეა გაჩნდა სწორედ მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში, ძალიან რთული იყო ადამიანის ნეგატიური კვალის შემცირება გარემოზე. დავიწყეთ პლასტმასას ამოღება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან და მივხვდით, რომ არ არსებობდა ალტერნატივები და სივრცე, სადაც თავმოყრილი იქნებოდა გარემოსთან მეგობრული, მდგრადი ნივთები. ასევე, ხელმისაწვდომი არ იყო ნული ნარჩენის ცხოვრების სტილზე ინფორმაცია ქართულ ენაზე. ზოგადადაც, ნაკლები იყო ინტერესი იმ პრობლემის მიმართ, რის წინაშეც დგას ჩვენი პლანეტა. 

 

გადავწყვიტეთ, ამ პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიებაში ჩავრთულიყავით, ვყოფილიყავით ინიციატორები და დაგვეწყო პირველი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ  ჩვენივე რესურსით და ძალისხმევით შევქმენით „ზერო ეფექტი“, სოციალური საწარმო და სოციალური მოძრაობა."

 

სრული ბლოგი იხილეთ ბმულზე



 

საქართველოში, ყოველწლიურად საშუალოდ 30.000 ტონა გამონაცვალი საბურავის ნარჩენი გროვდება, რომელიც გარემოში 50-80 წელი რჩება და აზიანებს მას. ამ პრობლემასთან გამკლავებას საბურავების გადადამუშავებელი კომპანია TRC ცდილობს. 

 

კომპანიის თამადამფუძნებელთან, ზურა ბაზღაძესთან საუბარში მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა:

 

„კომპანიის მიზანი  და დამფუძნებლების ხედვაც ყოველთვის იყო ისეთი ბიზნესის წარმოება, რომელიც ნეგატიურად არ აისახება გარემოზე, არ დააზიანებს ბუნებას და, შესაბამისად, ადამიანებს. კომპანია 4 წლის წინ შეიქმნა და დაარსების პირველივე წელს 1000 ტონა საბურავის ნარჩენი გადაამუშავა. გადამუშავებული საბურავების ბოჭკოებით შესაძლებელია მოდერნიზებული, საკმაოდ გამძლე ასფალტის შექმნა, კალათბურთის მოედნებისა და ჩოგბურთის კორტების მოწყობა. ჩვენი საქმიანობით, ერთის მხრივ, ვზრუნავთ გარემოზე, მეორეს მხრივ კი, გადამუშავებული ნარჩენებით ხელს ვუწყობთ სპორტული ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებას. თხევადი კაუჩუკისგან უკვე რამდენიმე კალათბურთის მოედანი შევქმენით, რითაც ძალიან ვამაყობთ,”  - ამბობს ზურა ბაზღაძე.

 

სრული ბლოგი იხილეთ ბმულზე


 

ბუნების სიყვარული და გარემოზე ზრუნვა, დიდი სურვილისა და სათანადო შრომის საფუძველზე, შესაძლოა შემოსავლის წყაროდაც იქცეს. ამის ნათელი მაგალითი ნიკა ბაგალიშვილია, რომელმაც ბიო წარმოება "სამყურა" დაარსა. 

 

"უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის და ბუნების დიდი სიყვარულის საფუძველზე შევძელი, საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ გადამექცია. საქმის წამოწყებიდან მალევე, ჩემს პატარა ბიზნესს ბევრი ერთგული მომხმარებელი გამოუჩნდა. ჯანსაღ პროდუქტზე მოთხოვნა ძალიან დიდია, თუმცა, როგორც ყველა დამწყები მეწარმე, მეც რამდენიმე პრობლემას გადავაწყდი. ნაწარმისთვის მეტი მრავალფეროვნების შეძენა ფინანსურ ხარჯთან და სამუშაო ძალის გაზრდასთან არის დაკავშირებული, რაზეც ეტაპობრივად ვზრუნავ. ასევე, ხშირად რთულია ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება, ვინაიდან რთულია, ბოსტნეული ერთი ლოკაციიდან მეორეზე პირვანდელ მდგომარეობაში მიიტანო. ამ ეტაპზე, დისტრიბუციის ნაწილიც ჩემს თავზე მაქვს აღებული და ყოველ კვირას საკუთარი სატვირთო მანქანით მოვდივარ დედაქალაქში, " - ნიკა ბაგალიშვილი.

 

სრული ბლოგი იხილეთ ბმულზე

 

საქართველოში ნარჩენების გადამუშავებისა და მართვის საკითხში „სანიტარი“ მოწინავე კომპანია, რომელიც  მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ამცირებს ადამიანის ნეგატიურ ზეგავლენას დედამიწაზე. 

 

“2015 წელს კომპანიამ 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ქ. რუსთავის მიმდებარედ, ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ქარხნის მშენებლობისთვის. ინსინერატორი 2016 წელს ამუშავდა. ის ევროსტანდარტების მქონე პირველი ინსინერატორია საქართველოში, რომელსაც  300 კგ/საათში წარმადობით, თითქმის ყველა სახის სახიფათო ნარჩენის დაწვა შეუძლია”, - ლევან კვირკველია, „სანიტარის“ აღმასრულებელი დირექტორი.

 

სრული ბლოგი იხილეთ ბმულზე



 

სოციალურმა საწარმომ "მწვანე საჩუქარი" მოახერხა, და არაერთი კომპანია გააერთიანა გარემოსდაცვით საქმიანობაში. სოციალური საწარმო ემსახურება მაკულატურის შეგროვებასა და მის გადამუშავებას. გადამუშავებული ქაღალდიდან კი იწარმოება ეკომეგობრული პროდუქტები, რომელთა სამომავლოდ გადამუშავება კვლავ შესაძლებელია. 

 

“ამ ეტაპზე 250-მდე პარტნიორი, ანუ როგორც ჩვენ ვეძახით, „მეგობარი ორგანიზაცია“ გვყავს. ყველა ასეთ ორგანიზაციაში განთავსებული გვაქვს მწვანე ყუთები, სადაც სამუშაო პროცესში დაგროვილი ნებისმიერ ტიპის ქაღალდი ხვდება: ჟურნალი, გაზეთი, წიგნი, ბროშურა და სხვა. გარკვეული პერიოდულობით ჩვენი თანამშრომლები სატვირთო მანქანით დადიან გავსებული ყუთების დასაცლელად, მაკულატურა უკვე ჩვენს საწარმოში მოდის და იწყება გადამუშავების პროცესი,” - ამბობს დაჩი ჯანელიძე,  სოციალური საწარმოს თანადამფუძნებელი.

 

სრული ბლოგი იხილეთ ბმულზე



 

გარემოზე ზრუნვისთვის ხშირად ადამიანებს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაც კი უწევთ. 

 

გარემოზე და საკუთარ საქმიანობაზე შეყვარებული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი, დემე ლაცაბიძე, გრინვეის მისი საქმიანობის ყოველდღიურ გამოწვევებსა და საზოგადო სარგებელზე უყვება:

 

"რეინჯერის მთავარი მიზანი ბუნების დაცვაა, რაც მოიცავს ყოველდღიურად ჩატარებულ ღონიძიებებს. ხელს ვუშლით ადამიანებს, ხეების მოჭრაში, ცხოველების ხოცვაში, ვუფრთხილდებით ტყეს და მის მობინადრეებს." 

 


 

ყველა ადამიანს, რომელიც გარემოს ემსახურება, ერთი ფილოსოფია აერთიანებს - მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანმა მცირედით მაინც ვიზრუნოთ გარემოზე და საკუთარი წვლილი შევიტანოთ მის დაცვაში.