ნარჩენების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება
03 December, 2021

უკვე 22 წელია, კომპანია „სანიტარი“ გარემოსათვის მავნე ნარჩენების გადამუშავებას და მართვას ახორციელებს. ის ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე კომპანიაა საქართველოში ნარჩენების გადამუშავების სფეროში. „სანიტარის“ მიერ ნარჩენების მართვის ეფექტურობა ემყარება მრავალწლიან წარმატებულ გამოცდილებას, ცოდნის დაგროვებას და სიახლეების დანერგვას.

 

კომპანია 2005 წლიდან ეწევა ნარჩენების მართვას ბაქო-სუფსის ნავთობსადენისთვის, მოგვიანებით კი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენისთვის. ნარჩენების მართვა იწყება მათი მშენებლობის ფაზიდან და მოიცავს ოპერირების ფაზას. „სანიტარი“ ასევე თანამშრომლობს სხვა ბევრ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიასთან.

 

კომპანიას „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან“ მიღებული აქვს სახიფათო და არასახიფათო ნაჩენების ტრანსპორტირების, მიღების, უტილიზაციისა და ინსინერაციის ნებართვები.

 

„ყველა სახის ნარჩენს სხვადასხვანაირი გადამუშავება სჭირდება, შესაბამისი ინსინერატორი და ნებართვები, მათ შორის როგორიცაა რადიაციული ნარჩენების მართვა, ნავთობიანი მიწის წმენდის ნებართვა და ა.შ.“- ამბობს ლევან კვირკველია, „სანიტარის“ აღმასრულებელი დირექტორი.

 

2015 წელს კომპანიამ 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ქ. რუსთავის მიმდებარედ, ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ქარხნის მშენებლობისთვის. ინსინერატორი 2016 წელს ამუშავდა. პირველი ევროსტანდარტების მქონე ინსინერატორია საქართველოში, რომელსაც  300 კგ საათში წარმადობით, თითქმის ყველა სახის სახიფათო ნარჩენის დაწვა შეუძლია.

 

„ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა იმ გარემოს წინაშე, სადაც ვცხოვრობთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლებელია უმცირესი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გარემოს მოფრთხილების პროცესში: არ დავანაგვიანოთ გარემო, დავზოგოთ ელექტრო ენერგია, შევზღუდოთ წყლის მოხმარება, ვიაროთ ფეხით, გვყავდეს გამართული ავტომობილები... თითქოს ელემენტარულია, მაგრამ ასეთ ქმედებებს შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს ჩვენი ქვეყნისთვის.

 

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სწავლება უნდა დაიწყოს ბაღიდან და სკოლიდან. მოსახლეობა უნდა ეცადოს, რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ნაგავსაყრელებზე და ასევე მნიშვნელოვანია ამ ნარჩენების გადახარისხება. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია და, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში - სწორედ მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა,  გაამკაცროს რეგულაციები და ზედამხედველობები ამ მიმართულებით,“ - ამბობს ლევანი.