"მას შემდეგ, რაც თბილისში სასწავლებლად ჩამოვედი, აღმოვაჩინე, რომ დედაქალაქში ჯანსაღი, ბიო პროდუქტის მოპოვება საკმაოდ რთულია. ბიო წარმოებას მხოლოდ ერთეული პირები და კომპანიები ეწევიან. არაჯანსაღი პროდუქტის მიღებისას იმის გარკვევაც კი რთულია, საერთოდ რა შემადგენლობისაა პროდუქტი, რა პირობებშია მოყვანილი და როგორაა დამუშავებული… ამიტომ 3 წლის წინ, ქალაქ წნორში ბიო ბოსტნეულის წარმოება დავიწყე. ჩემი მთავარი მიზანი გახდა დედაქალაქის მაცხოვრებლების ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულით მომარაგება და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში ჩემი წვლილის შეტანა, " - ნიკა ბაგალიშვილი, კომპანია "სამყურას" დამფუძნებელი.
"უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის და ბუნების დიდი სიყვარულის საფუძველზე შევძელი, საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ გადამექცია. საქმის წამოწყებიდან მალევე, ჩემს პატარა ბიზნესს ბევრი ერთგული მომხმარებელი გამოუჩნდა. ჯანსაღ პროდუქტზე მოთხოვნა ძალიან დიდია, თუმცა, როგორც ყველა დამწყები მეწარმე, მეც რამდენიმე პრობლემას გადავაწყდი. ნაწარმისთვის მეტი მრავალფეროვნების შეძენა ფინანსურ ხარჯთან და სამუშაო ძალის გაზრდასთან არის დაკავშირებული, რაზეც ეტაპობრივად ვზრუნავ. ასევე, ხშირად რთულია ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება, ვინაიდან რთულია, ბოსტნეული ერთი ლოკაციიდან მეორეზე პირვანდელ მდგომარეობაში მიიტანო. ამ ეტაპზე, დისტრიბუციის ნაწილიც ჩემს თავზე მაქვს აღებული და ყოველ კვირას საკუთარი სატვირთო მანქანით მოვდივარ დედაქალაქში.
სამომავლოდ, მინდა აგროტურიზმსაც მივყო ხელი - ვგეგმავ ავაშენო სათბური, სადაც კაფეც იქნება განთავსებული. მინდა ჩემთან ჩამოსულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად დარგოს და შემდგომში თავად მოიყვანოს საკუთარი ბოსტნეული, რისთვისაც ჩემ ცოდნას გავუზიარებ. ფიზიკური შრომა, ბუნებასთან და განსაკუთრებით მიწასთან სიახლოვე თერაპიული გამოცდილება და ბუნების დაუწერელი კანონია. დედაქალაქის ოთხი კედელი და ამდენი ბეტონის ყურება ძალიან სტრესულ გარემოს ქმნის. მინდა ყოველდღიურობაში შევიტანო თერაპიის, სულიერი სიმშვიდის და ბუნებასთან ჰარმონიიის ელემენტები.
ჩემთვის გარემოზე ზრუნვა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება ძალიან აქტუალური და სენსიტიური საკითხია. რაღაც პერიოდის მანძილზე მქონდა აგროსკოლაც, სადაც 8-დან 12 წლამდე მოზარდებს ვასწავლიდით ბოსტნეულის მოყვანას. ამან ბავშვები უფრო დაახლოვა ბუნებასთან და ახლა მათ გულთან ძალიან ახლოს მიაქვთ ისეთი საკითხები, როგორიცაა ნაგვის დაყრა, წყლის დაბინძურება, ნამჯის წვა, გაუმართავი მანქანებით ჰაერის დაბინძურება და სხვა. მჯერა, რომ მომავალი თაობის გარემოსდაცვითი მიმართულებით განათლებაში დიდი რესურსი ყველა ჩვენგანმა უნდა ჩადოს," - ამბობს ნიკა.