პირველი გარემოსდაცვითი სოციალური საწარმო - მწვანე საჩუქარი
21 December, 2021

„ხუთი წლის წინ, რამდენიმე მეგობარმა დავიწყეთ მაკულატურის ჩვენი ძალებით შეგროვება. შეგროვებულ მაკულატურას ვცვლიდით წიგნებში, რომლებიც სოფლის სკოლებში მიგვქონდა - იქ, სადაც წიგნები ყველაზე ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი და სკოლის ბიბლიოთეკებიც არ იყო მდიდარი.

 

ჩვენმა საქმიანობამ ჩვენს სხვა მეგობრებსა და ნაცნობებში მალე მიიქცია ყურადღება, ბევრს მოუნდა დახმარება და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა. ამ დიდი ინტერესის გამო, გადავწყვიტეთ საქმიანობისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა და ასე შეიქმნა სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“, - გვიყვება დაჩი ჯანელიძე,  სოციალური საწარმოს თანადამფუძნებელი.

 

„დაფუძნებისთანავე დავიწყეთ გაფართოება - ვიქირავეთ ოფისი, შევიძინეთ ქაღალდის გადასამუშავებელი დანადგარები, შევიძინეთ სატვირთო მანქანა... ყველაფერთან ერთად მალე გაიზარდა ჩვენი ცნობადობაც.

 

ამ ეტაპზე 250-მდე პარტნიორი, ანუ როგორც ჩვენ ვეძახით, „მეგობარი ორგანიზაცია“ გვყავს. ყველა ასეთ ორგანიზაციაში განთავსებული გვაქვს მწვანე ყუთები, სადაც სამუშაო პროცესში დაგროვილი ნებისმიერ ტიპის ქაღალდი ხვდება: ჟურნალი, გაზეთი, წიგნი, ბროშურა და სხვა. გარკვეული პერიოდულობით ჩვენი თანამშრომლები სატვირთო მანქანით დადიან გავსებული ყუთების დასაცლელად, მაკულატურა უკვე ჩვენს საწარმოში მოდის და იწყება გადამუშავების პროცესი.

 

გადამუშავებული ქაღალდისგან ვქმნით ეკომეგობრულ პროდუქტებს: შესაფუთი ქაღალდს, კონვერტებს, ბუკლეტებს, კალენდრებს და სხვა. მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ სპეციალურ ბრენდირებულ პროდუქტებსაც. ძირითადად ვმუშაობთ ბიზნესებისთვის - B2B სეგმენტზე, თუმცა ძალიან ხშირია საცალო გაყიდვებიც.  ჩვენი პროდუქცია 100%-ით გადამუშავებული ქაღალდისგანაა შექმნილი და შესაბამისად შეიძლება მათი მრავალჯერადი გამოყენება.

 

საქმიანობის წამოწყებისას მთავარი მიზანი გარემოზე ზრუნვა იყო. ხშირად ვხედავდით ქუჩაში გადავსებულ ნაგვის ურნებს და გვინდოდა ეს ნარჩენები გვექცია სოციალურ სარგებლად, მათთვის ახალი სიცოცხლე გვეჩუქებინა. კომპანიებთან თანამშრომლობის გარდა, დავიწყეთ გარე სივრცეების ათვისებაც და ჩვენი პირველი გარე სივრცის ყუთი მზიურის კაფეში დავდგით. ეს ყუთი დღესაც აქტიურია და ბევრი ადამიანი იყენებს.

 

მათ, ვისაც მაკულატურის ჩაბარების სურვილი აქვს, შეუძლიათ შეგროვებული ნარჩენი  მოგვიტანონ ჩვენს საწარმოში და სანაცვლოდ გადამუშავებულ ეკომეგობრულ პროდუქტებს გავატანთ.

 

წარმოების გაფართოებაზე აქტიურად ვმუშაობთ - გვინდა, ორგანიზაციების გარდა, გარე სივრცეებიც ავითვისოთ და რეგიონებშიც დავიწყოთ ნარჩენების შეგროვებაზე ზრუნვა. ამ ეტაპზე მოვიცვავთ თბილისს, მცხეთასა და რუსთავს.

 

გარემოზე ზრუნვაში წვლილის შეტანა ყველა ადამიანს შეუძლია. საქმიანობის წამოწყებისას ჩვენი მიზანი გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირება იყო. ყველაფერს ჩვენივე ძალებით ვაკეთებდით. ბევრი სახლი აგროვებდა მაკულატურას, ზოგიც კი ოფისში. ნარჩენების შეგროვება საკმაოდ მარტივი პროცესია და არ მოითხოვს ბევრ ძალისხმევას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თბილისში უკვე გადამამუშავებელი რამდენიმე პუნქტია.

 

ჩვენი დღევანდელი ძალისხმევის შედეგი და ცვლილება შეიძლება ჩვენც ვერც კი ვიგრძნოთ, მაგრამ ამას ჩვენი შვილები აუცილებლად დაინახავენ. გარემოზე ზრუნვა ძალიან დიდი პროცესია და მრავალმხრივი ჩართულობა სჭირდება, მიმართულებაც ბევრია. თავად მე, გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მრჩეველი ვარ და, როგორც ამ სფეროებში მომუშავე რიგითი ადამიანისთვის, უმნიშვნელოვანესია ბიზნეს საქმიანობით არ დაზიანდეს ბუნება და მშრომელთა უფლებებიც დაცული იყოს.

 

გარემოზე ზრუნვის ნაწილია ავტომობილების გამართულობაც. ამას ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ხშირად ვამოწმებთ მათ გამართულობას და ტექდათვალიერებაზეც ყოველწლიურად დავდივართ. ტექდათვალიერება არამხოლოდ გარემოზე ზრუნვის ერთ-ერთი ბერკეტია, არამედ თითოეული მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი პირობაა”, - ამბობს კოკა დარჩია, სოციალური საწარმოს თანადამფუძნებელი.