საქართველოში, ყოველწლიურად საშუალოდ 30.000 ტონა გამონაცვალი საბურავის ნარჩენი გროვდება, რომელიც გარემოში 50-80 წელი რჩება და აზიანებს მას.
ასეთ პრობლემებთან გამკლავებაში უდიდესი როლი აკისრია პასუხისმგებლიან ბიზნესს, რომელიც, ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, გარემოს დაცვასა და დაზიანებისგან გადარჩენზეა ორიენტირებული.
საბურავების გადამამუშავებელი კომპანია TRC სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრას.
„კომპანიის მიზანი და დამფუძნებლების ხედვაც ყოველთვის იყო ისეთი ბიზნესის წარმოება, რომელიც ნეგატიურად არ აისახება გარემოზე, არ დააზიანებს ბუნებას და შესაბამისად ადამიანებს. კომპანია 4 წლის წინ შეიქმნა და დაარსების პირველივე წელს 1000 ტონა საბურავის ნარჩენი გადაამუშავა. გადამუშავებული საბურავების ბოჭკოებით შესაძლებელია მოდერნიზებული, საკმაოდ გამძლე ასფალტის შექმნა, კალათბურთის მოედნებისა და ჩოგბურთის კორტების მოწყობა. ჩვენ, ჩვენი საქმიანობით ერთის მხრივ ვზრუნავთ გარემოზე, მეორეს მხრივ კი გადამუშავებული ნარჩენებით ხელს ვუწყობთ სპორტული ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებას. თხევადი კაუჩუკისგან უკვე რამდენიმე კალათბურთის მოედანი შევქმენით, რითაც ძალიან ვამაყობთ. „ - ზურა ბაზღაძე, კომპანიის თანადამფუძნებელი.
ამჟამად ქართულ ბაზარზე, საბურავების გადაამუშავებას მხოლოდ 2 კომპანია ეწევა, რაც ძალიან ცოტაა ასეთი დიდი მოცულობის ნარჩენებისათვის.
„თავდაპირველად პროექტი სტარტაპ საქართველოს საშუალებით დაფინანსდა, რადგან ინოვაციური იყო და გარემოზე ზრუნვას ემსახურებოდა. საწარმოს გამართვა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. ჩვენმა რამდენიმე კონკურენტმა ჩვენს შემდეგ დაიწყო საქმიანობა და სამწუხაროდ ვეღარ შეძლეს გაგრძელება. გამართული საწარმოს სრულფასოვან ფუნქციონირებას სჭირდება ძალიან დიდი ფინანსები. კომპანიას საკმაოდ ბევრი გამოწვევა აქვს. გვინდა საწარმოს წარმადობის გაზრდა და უდიდესი სურვილი გვაქვს გადავამუშავოთ ბევრად მეტი ნარჩენი, გავზარდოთ სამუშაო ადგილები. ვმუშაობთ დანადგარებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. გვინდა ჩვენთან ერთად, ქვეყანამაც მიიღოს სარგებელი ჩვენი საქმიანობით. თუმცა გვჭირდება მუდმივი ინვესტირება და ფინანსური დახმარება.
გარემოს დაცვაზე ზრუნვისთვის არ არის აუცილებელი გქონდეს შენი კომპანია ან საწარმო, ყველა ადამიანს შეუძლია ზრუნვა დაიწყოს ისეთი პატარა ნაბიჯებით, როგორიცაა მანქანის გამართულობა, რაც საერთო კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია და გამართული მანქანის ქონის დადებით შედეგებს გრძელვადიან პერიოდში უფრო კარგად დავინახავთ. „ - ამბობს ზურა.