რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას ავტომობილის საბურავები?
საბურავი ერთადერთი დეტალია, რომელიც ავტომობილს გზის ზედაპირთან უშუალოდ აკავშირებს. სწორედ მასზეა დამოკიდებული სამუხრუჭე მანძილი, ტრანსპორტის მდგრადობა სველ საფარზე და უსაფრთხო გადაადგილება ნებისმიერ ამინდში. ამდენად, ტექინსპექტირებისას ამ კომპონენტის შემოწმება სავალდებულო და უმნიშვნელოვანესია..
რომელი კრიტერიუმებით ფასდება საბურავის მდგომარეობა „გრინვეიში“?
„გრინვეის“ სერვისცენტრებში საბურავების მდგომარეობა ოთხი ძირითადი მახასიათებლით ფასდება:
- ასაკი: საბურავის დამზადებიდან 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული;
- წარმოების თარიღის ხილვადობა: ოთხივე საბურავის გვერდითა კედელზე არსებული DOT კოდი მკაფიოდ უნდა ჩანდეს;
- სიმეტრიულობა: სავალდებულოა ან ოთხივე საბურავის სრული იდენტურობა, ან წინა და უკანა ღერძებზე ერთნაირი წყვილების გამოყენება. დაუშვებელია შერეული კომბინაცია;
- პროტექტორის სიღრმე: ზედმეტად გაცვეთილი ზედაპირი, რომელიც დადგენილ მინიმალურ ზღვარზე დაბალია, ხარვეზად მიიჩნევა.
რატომ ექცევა ამ 4 დეტალს განსაკუთრებული ყურადღება?
ამ ოთხ მოთხოვნას ერთი მთავარი მიზანი აქვს – დაადგინოს, არის თუ არა საბურავი იმ მდგომარეობაში, რომ საკუთარი ფუნქცია სრულყოფილად შეასრულოს და ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში გზის საფარს საიმედოდ მოეჭიდოს.
პროტექტორის სიღრმე
საბურავის მდგომარეობის შემოწმებისას უმნიშვნელოვანესია პროტექტორის სიღრმე, რომლის მინიმალური დასაშვები ზღვარი 1.6 მმ-ით არის განსაზღვრული. შედარებისთვის,
ზაფხულის ახალი საბურავის პროტექტორი 8 ან 9 მმ-ია, ხოლო ზამთრის მოდელებში ეს მაჩვენებელი 9-დან 11 მმ-მდე მერყეობს.
პროტექტორის ღარები წვიმის წყალს მიმართულებას უცვლის, მას გვერდით ატარებს და ამით ავტომობილს გზის საფარზე მოჭიდებას უნარჩუნებს. საბურავის ცვეთის შედეგად მისი ეფექტურობა იკლებს, რის გამოც ასფალტსა და საბურავს შორის წყლის ფენა გროვდება და ავტომობილი ცურვას იწყებს. ეს საშიშია, რადგან მძღოლი ავტომობილზე კონტროლს კარგავს, უძნელდება დამუხრუჭება და მოძრაობის მიმართულების შეცვლა.
ასაკი და DOT კოდის ხილვადობა
ასაკთან დაკავშირებით არსებობს ერთი მცდარი შეხედულება, თითქოს მცირე გარბენისა და დაუზიანებელი ზედაპირის მქონე საბურავი 12 ან 15 წლის შემდეგაც უსაფრთხოა. სინამდვილეში, რეზინი დროთა განმავლობაში ქიმიურად ძველდება. ეს მასალა თანდათან ხისტი ხდება, კარგავს ელასტიკურობას, გვერდით კედლებზე უჩნდება მიკრობზარები და შიდა ფოლადის კონსტრუქცია სუსტდება. ეს ცვლილებები შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია, ამიტომ DOT კოდი საბურავის რეალური მდგომარეობის შესაფასებლად ერთადერთი ობიექტური მაჩვენებელია.
საქართველოს კანონმდებლობით, საბურავის გამოყენების მაქსიმალურ ვადად 10 წელია მიჩნეული. ეს მოთხოვნა საერთაშორისო ინდუსტრიის სტანდარტებს ეფუძნება და მას წამყვანი მწარმოებლებიც იზიარებენ. თუმცა, ისეთი ბრენდები, როგორებიცაა BMW, Toyota და Hyundai, ავტომობილების მფლობელებს საბურავების შეცვლას კიდევ უფრო მკაცრ, 6-წლიან პერიოდში ურჩევენ.
სიმეტრიულობა
საბურავების სიმეტრიულობა ავტომობილის სტაბილურობასა და მართვადობაზე დიდ გავლენას ახდენს. განსხვავებული ბრენდის ან სხვადასხვა ასაკის მოდელები დამუხრუჭებაზე, მკვეთრ მანევრსა თუ სველ საფარზე განსხვავებულად რეაგირებს. ასეთ დროს ავტომობილმა შესაძლოა იმ მხარეს გადაუხვიოს, სადაც მოჭიდება უკეთესია, ან მოხვევისას ბალანსი საერთოდ დაკარგოს.
რას ამოწმებს ინსპექტორი ვიზუალური დათვალიერებისას?
ძირითად კრიტერიუმებთან ერთად, ინსპექტორი საბურავებს ვიზუალურადაც ამოწმებს. განსაკუთრებულ საფრთხეს გვერდითა კედელზე გაჩენილი ე.წ. შებერილობა ქმნის. ეს დეფექტი ორმოში ან ბორდიურზე ძლიერი დარტყმის შედეგად ჩნდება, როდესაც საბურავის შიდა კონსტრუქცია ზიანდება და ჰაერი რეზინის ფენებს შორის გროვდება. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად ეს შეიძლება მცირე დაზიანებად მოგვეჩვენოს, მაღალი სიჩქარით მოძრაობისას საბურავი შესაძლოა უეცრად გასკდეს.
საბურავის კედლებზე გაჩენილი ბზარები მასალის მოძველებაზე მიუთითებს. ეს ძირითადად იმ საბურავებს უჩნდება, რომლებსაც, ფორმალურად, ჯერ კიდევ აქვთ საექსპლუატაციო ვადა, თუმცა მათი ტექნიკური მდგრადობა უკვე საეჭვოა.
რისი შემოწმება შეგიძლია სერვისცენტრში მისვლამდე დამოუკიდებლად?
მანამ, სანამ ტექინსპექტირების ვიზიტს დაჯავშნი, საბურავები დამოუკიდებლად შეამოწმე. ეს პროცესი სულ რამდენიმე წუთს წაგართმევს და ამისთვის სპეციალური აღჭურვილობაც არ დაგჭირდება.
თავდაპირველად გადაამოწმე DOT კოდი. საბურავის გვერდითა კედელზე იპოვე სიმბოლოები, რომელთა ბოლო ოთხი ციფრი წარმოების კვირასა და წელზე მიგითითებს. მაგალითად, კომბინაცია „2519“ 2019 წლის 25-ე კვირაზე მიანიშნებს. თუ კოდი წაშლილია ან წარმოებიდან 10 წელი უკვე გავიდა, საბურავი აუცილებლად უნდა შეცვალო.
შემდეგ ეტაპზე პროტექტორი და საბურავის ზედაპირი უნდა დაათვალიერო. თუ რაიმე დაზიანებას აღმოაჩენ, ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი ტექინსპექტირებისთვის მზად არ არის და, უპირველესად, პრობლემის აღმოფხვრაზე უნდა იზრუნო.
ამავდროულად, ყურადღება მიაქციე ცვეთის ფორმასაც. არათანაბარი ცვეთა ხშირად სავალი ნაწილის დამატებით გაუმართაობაზე მიანიშნებს, რისი მოგვარებაც ვიზიტამდეა სასურველი.
ამრიგად, ის, რაც ვიზუალურად კარგად გამოიყურება, რეალურად შესაძლოა ვადაგასული, ასიმეტრიული ან გაცვეთილი იყოს. სწორედ ასეთი ფარული თუ აშკარა ხარვეზების გამოსავლენად ტარდება ავტომობილის ტექდათვალიერება „გრინვეის“ სერვისცენტრებში.
თუ საბურავები დადგენილ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ხარვეზის გამოსასწორებლად და განმეორებითი შემოწმებისთვის 30 კალენდარული დღე მოგეცემა. თუმცა უნდა გახსოვდეს, რომ ამ პერიოდში ავტომობილით საერთო სარგებლობის გზებზე გადაადგილება აკრძალულია. ამიტომ, ნუ გადადებ ტექინსპექტირებას, რადგან ხარვეზების უგულებელყოფა გაცილებით მეტ რისკსა და დანახარჯთან არის დაკავშირებული, ვიდრე მათი დროული მოგვარება.