გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
ოქტ 25, 2025

მითები და რეალობა ტექინსპექტირების შესახებ

მითები და რეალობა ტექინსპექტირების შესახებ

ტექინსპექტირებაზე ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს - ზოგი ფიქრობს, რომ მანქანა აუცილებლად უნდა იყოს ახალგარეცხილი, სხვები კი დარწმუნებული არიან, რომ ავტომობილის ყველა დეტალი ერთ ფერში უნდა იყოს შეღებილი. სწორედ ამიტომ, დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად მოვამზადეთ ბლოგი, სადაც განვიხილავთ, რა არის მითი და რა - რეალობა.

მითი თუ რეალობა: ძარაზე ყველა დეტალი ერთი ფერის უნდა იყოს?

ეს ცალსახად მითია. სხვადასხვა ფერის ელემენტები მანქანის მუშაობას არ უშლის ხელს, გარემოს არ აზიანებს და უსაფრთხო გადაადგილებასაც არ აფერხებს. ფერის არჩევანი მთლიანად მფლობელის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

მითი თუ რეალობა: ტექინსპექტირებაზე მანქანა სუფთა უნდა მივიყვანოთ?

სასურველია, ავტომობილი სუფთა იყოს, რათა მისი დეტალები მარტივად დაიდენტიფიციდეს. მაგალითად, კარგად უნდა ჩანდეს საბურავების ზომა და გამოშვების წელი.

გასათვალისწინებელია, რომ საბურავების მდგომარეობის შემოწმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ისინი უზრუნველყოფენ კონტროლირებად მოძრაობას, დამუხრუჭების ეფექტურობას და მოსახვევებში სტაბილურობას, რაც საბოლოოდ მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებას განსაზღვრავს. 

ასევე მნიშვნელოვანია საქარე მინის საწმენდების გამართულობა. ეს უზრუნველყოფს ყველანაირ ამინდში გზაზე კარგ ხილვადობასა და უსაფრთხო მართვას.

მითი თუ რეალობა: ერთ ღერძზე ერთნაირი საბურავები უნდა ეყენოს?

ტექინსპექტირებისას აუცილებელია, რომ ერთ ღერძზე ერთნაირი ზომისა და პროტექტორის მქონე საბურავები იყოს დამაგრებული. განსხვავებული ზომისა და სიმაღლის შემთხვევაში, მკვეთრი დამუხრუჭებისას, მანქანის მოცურების და ავარიის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

გარდა ამისა, შეუსაბამო საბურავებმა, შესაძლოა სავალი ნაწილების დაზიანებაც გამოიწვიოს.

მითი თუ რეალობა: მაჩვენებელთა დაფაზე არ უნდა ენთოს ძრავის ჩეკი?

ანთებული „ჩეკი“ არც გარემოსთვის და არც მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და უსაფრთხო გადაადგილებასაც არ უშლის ხელს, ამიტომაც ეს მითი გახლავთ.

მითი თუ რეალობა: ტაქსი 6 თვეში ერთხელ გადის ინსპექტირებას?

ეს ნამდვილად რეალობაა. ტაქსები და სამარშრუტოები ყოველდღიურად ემსახურებიან მგზავრებს, რის გამოც მათ განსაკუთრებული ტექნიკური კონტროლი სჭირდებათ. კანონით სწორედ ამიტომაა განსაზღვრული, რომ ასეთი ტიპის ტრანსპორტი ტექინსპექტირებას ყოველ 6 თვეში ერთხელ გადის.

მითი თუ რეალობა: ელექტრომობილს ტექინსპექტირება არ სჭირდება?

ეს მითია. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილს გამონაბოლქვი არ აქვს, ტექინსპექტირებას მაინც გადის. მოწმდება ყველა სხვა ტექნიკური დეტალი იგივე პრინციპით, როგორც ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე მანქანებზე.

ასევე ნახე