ცვლილებები და სიახლეები ავტომობილების ტექინსპექტირებაში
2020 წლის 23 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, კვლავ სავალდებულო ხდება ავტომობილების ტექისპექტირების შესაბამის ვადებში ჩატარება. ტექინსპექტირების გავლა სავალდებულოა იმ ავტომობილებისთვის, რომელთაც ის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდათ.
ასე რომ, დროა გადაამოწმოთ, როდის უწევს თქვენს ავტომობილს ტექინსპექტირება და მოემზადოთ „გრინვეიში“ ვიზიტისთვის.
მანამდე კი გაეცანით იმ ძირითად ცვლილებებს, რომლებიც 1 აპრილიდან შევიდა ძალაში მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
როგორც ცნობილია, ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება შემდეგი ელემენტების მიხედვით:
- 1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;
- 2. სამუხრუჭე აღჭურვილობა;
- 3. საჭით მართვის სისტემა;
- 4. ხილვადობა;
- 5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;
- 6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;
- 7. შასი და მისი შემადგენლები;
- 8. სხვა მოწყობილობები;
- 9. უარყოფითი ზემოქმედება (მათ შორის, გამონაბოლქვი);
- 10. დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
იმისათვის, რომ თითოეულ მათგანზე უფრო ვრცელი და ზუსტი ინფორმაცია მიიღოთ, იხილეთ ჩვენი ბლოგი: ყველაფერი, რაც მოწმდება ტექინსპექტირებისას.
ამ კომპონენტების შემოწმების სტანდარტებსა და წესებში შევიდა გარკვეული ცვლილებები:
ხარვეზების კლასიფიკაცია
შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზები, მათი სიმძიმის დონის გათვალისწინებით, დაიყოფა კატეგორიებად:
სახიფათო ხარვეზი - რომელიც ქმნის პირდაპირ და მყისიერ რისკს საგზაო უსაფრთხოების ან გარემოს მიმართ;
მნიშვნელოვანი ხარვეზი - რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებას, გარემოს, ქვეითებსა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს;
უმნიშვნელო ხარვეზი - რომელიც მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე ან გარემოზე.
„სახიფათო“ ან „მნიშვნელოვანი“ ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მფლობელს მოუწევს ამ ხარვეზების გამოსწორება და განმეორებითი ინსპექტირების გავლა. ხოლო „უმნიშვნელო ხარვეზის“ შემთხვევაში ტექინსპექტორება წარმატებით გავლილად ჩაითვლება. ინსპექტორების ანგარიშში, „შენიშვნის“ გრაფაში მიეთითება ამ უმნიშვნელო ხარვეზის არსებობა და მისი გამოსწორება სავალდებულო იქნება მომდევნო ტექინსპექტორებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს „უმნიშვნელო“ ხარვეზი მიჩნეული იქნება „მნიშვნელოვან“ ხარვეზად.
საბურავების „ასაკი“
თუ თქვენი ავტობობილის საბურავების დამზადების თარიღიდან გასულია 10 წელი, ან არ იკითხება მათი დამზადების თარიღი, თქვენი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება. საბურავების ასაკის დადგენა ხდება მასზე დატანილი ინფორმაცის საფუძველზე, სადაც 4 ციფრიდან ბოლო 2 გამოხატავს წარმოების წელს, ხოლო პირველი 2 ციფრი - ამ წლის რომელ კვირაშია საბურავი დამზადებული.
საქარე მინის დაზიანება
საქარე მინაზე სამი წერტილოვანი დაზიანების არსებობა მინამწმენდის არეში, სადაც თითოეული დაზიანების დიამეტრი არ აღემატება 5 მილიმეტრს, ჩაითვლება უმნიშვნელო ხარვეზად, რომელიც უნდა გამოსწორდეს შემდეგ ინსპექტირებამდე. უფრო მეტი ან უფრო დიდი ზომის დაზიანების (მხოლოდ მინამწმენდის არეში) არსებობის შემთხვევაში, ავტომობილი დახარვეზდება.
უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტობობილების ტექინსპექტორება
უკვე შესაძლებელია იმ სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირება, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ ავტომობილი ჯერ არ არის რეგისტრირებული საქართველოში და ტრანზიტული ნომრები აქვს, მაშინ მისი ტექინსპექტირება არ მოითხოვება.
რეგისტრაციის მოწმობა
აქამდე თუ ტექინსპექტირებისას აუცილებელი იყო ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობის წარმოდგენა, ამიერიდან კლიენტს შეუძლია წარმოადგინოს ამ დოკუმენტის ასლი.
ნისლსაწინააღმდეგო ფარები
თუ თქვენს სატრანსპორტო საშუალებას აქვს წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, რომლებიც ქარხნულად არ იყო მასზე დამაგრებული და მოგვიანებით (მაგალითად, ბამპერის გამოცვლისას) „ბუტაფორიულად“ დაემატა მას, შესაბამისი ფუნქციონირების სისტემის არარსებობის და არამუშა მდგომარეობის გამო, ისინი არ ჩაითვლება ხარვეზად.
ხარვეზი, რომელიც ბათილდება ტრანსპორტის მწარმოებლის დოკუმენტით
ხარვეზად არ მიიჩნევა შემთხვევა, თუ მწარმოებლის ან დილერის საბუთით დაამტკიცებთ, რომ მანქანის კონკრეტული ნაწილი ქარხნულ სტანდარტებს შეესაბამება.
გამონაბოლქვის კომპონენტის შემოწმება
- ე.წ. „კატალიზატორის სისტემით“ აღჭურვილი ავტომომობილებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულია 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ, საქართველოში ან უცხო ქვეყანაში:
CO-ს დონე არ უნდა აღემატებოდეს ძრავის უქმ სვლაზე 0,5%-ს, ხოლო ძრავის უქმ სვლაზე მაღალი (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) ბრუნთა რიცხვით - 0.3% -ს;
კოეფიციენტი ლამბდა (ჰაერი/საწვავი) არ უნდა აღემატებოდეს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ დადგენილ სიდიდეს, ამ ინფორმაციის უქონლობის შემთხვევაში კი დასაშვებია 1 ± 0,03;
დაუშვებელია გაჟონვის არსებობა ნამწვი აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების დაზიანებული ან შეერთების ადგილებიდან, ან კატალიზური კონვერტორების გვერდის ავლით (ანუ ე.წ. „კატალიზატორის“ შიგთავსის ამოღების ან გაუქმების შედეგად).
- რაც შეეხება მხოლოდ აირზე (CNG/LPG/LNG) მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებს, მათი გამონაბოლქვი შემოწმდება შემდეგი დადგენილი პარამეტრების შესაბამისად:
CO-ს დონე არ უნდა აღემატებოდეს ძრავის უქმ სვლაზე 0,5%-ს, ხოლო ძრავის უქმ სვლაზე მაღალი (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) ბრუნთა რიცხვით - 0.3% -ს;
ლამბდა კოეფიციენტი (ჰაერი/საწვავი) არ მოწმდება.
- თუ სატრანსპორტო საშუალება პირველად რეგისტრირებულია 2020 წლის 1 აპრილამდე, მაშინ:
ბენზინისძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის, CO-ს გაზომვისას იმოქმედებს შემდეგი ნორმა: ძრავის უქმ სვლაზე - 0,7%, ხოლო ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) - 0.7%;
სავალდებულო არაა კოეფიციენტი ლამბდას გაზომვა;
სავალდებულო არაა კატალიზური კონვერტორის (ე.წ. „კატალიზატორის“ შიგთავსის) არსებობა.
- იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც არაა აღჭურვილი ე.წ. „კატალიზატორის სისტემით“ (ქარხნულად არ მოყვება ეს სისტემა), მოქმედებს შემდეგი ნორმები:
ძრავის უქმი სვლის რეჟიმის დროს CO-ს დასაშვები შემცველობა გამონაბოლქვ აირებში არ უნდა აღემატებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დონეს;
თუ აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი, მაშინ 1988 წლამდე გამოშვებული ავტომობილებისთვის CO-ს შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 4,5%-ს, ხოლო 1988 წლიდან გამოშვებული ავტომობილებისთვის - 3,5%-ს.
როცა დიზელის ძრავზე მომუშავე სატრანსპორტი საშუალება 40 წელზე მეტი ასაკისაა, ან ასაკი ვერ დგინდება
თუ დიზელის ძრავზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალება 1980 წლამდეა წარმოებული, ან მისი წარმოების წელი მითთებული არაა სარეგისტრაციო მოწმობაში, ის არ ექვემდებარება კვამლიანობაზე შემოწმებას.
საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომლის გამოშვების წელი არაა მითითებული სარეგისტრაციო მოწმობაში, ტექინსპექტირებას ექვემდებარება არაუგვიანეს მისი რეგისტრაციის თვისა და რიცხვისა.
მარჯვენასაჭიანი მანქანები
ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2020 წლის 1 აპრილიდან და ამის შემდეგ მოხდა მათზე საჭის გადატანა, ტექინსპექტორებას ვერ გაივლიან.
ასევე, დახარვეზდება ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც 2020 წლის 1 აპრილიდან გაიარეს ტექინსპექტირება, ანგარიშში დაფიქსირდა მათი საჭის მდებარეობა და ამის შემდეგ მოხდა საჭის გადატანა.
თუ ავტომობილი საქართველოში რეგისტრირებულია 2020 წლის 1 აპრილამდე და მას საჭე უკვე გადატანილი აქვს, ის არ დახარვეზდება ამ მიზეზის გამო.
ხშირად მძღოლებში არაერთი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე. ამიტომ, სანამ ვიზიტს დაგეგმავთ, გადაამოწმეთ ფაქტები და გაიგეთ სიმართლე: მითები და რეალობა ტექინსპექტირების შესახებ.
და კიდევ ერთი სიახლე:
მსუბუქი სატვირთო და სამგზავრო (M1 და N1 კატეგორიის) სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2021 წლის 31 დეკემბრამდე სავალდებულო არ არის:
- - ცეცხლსაქრობი;
- - ამრეკლავი სამკუთხედი (საავარიო გაჩერების ნიშანი);
- - სამედიცინო სააფთიაქო ყუთი.
„გრინვეი საქართველო“ წარმატებულ ტექინსპექტირებას გისურვებთ!