10 ნივთი, რომელიც მანქანაში თავს დაცულად გაგრძნობინებთ
23 April, 2019

მართალია, ნებისმიერი ჩვენგანისთვის მანქანა ძალიან კომფორტული და სწრაფი გადაადგილების საშუალებაა, თუმცა მგზავრობისას არსებობს სერიოზული საფრთხეები, რომელთა პრევენციისთვის წინასწარ დაფიქრება და ყველა შესაძლო სიტუაციისთვის შესაბამისი მომზადება გვმართებს.

მგზავრობისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება, დაშვებული საბურავი, უეცრად ამოწურული საწვავი — ეს იმ საფრთხეების მცირე ჩამონათვალია, რაც იმ ადამიანების უმრავლესობას გამოუცდია, ვინც მანქანას სისტემატიურად მართავს.

საბედნიეროდ, უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველსაყოფად უამრავი საშუალება არსებობს, რომელიც ნებისმიერი დანიშნულების ადგილამდე მშვიდად და კომფორტულად გადაადგილებაში დაგვეხმარება და თავსაც უფრო დაცულად გვაგრძნობინებს.

 

1. პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი

 

ფოტო: Sussex Insurance

 

როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, პირველი ალბათ პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი უნდა გავიხსენოთ, რომელიც მგზავრობისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების შემთხვევაში, სასწრაფოს მოსვლამდე აუცილებლად გამოგადგებათ.

 

2. ცეცხლმაქრი

 

ფოტო: Point Me By

 

ცეცხლმაქრიც სწორედ ის ნივთია, რომელიც თავს უფრო დაცულად გვაგრძნობინებს, რადგან ზუსტად გვეცოდინება, რომ ყველაზე უარესი სცენარისთვისაც კი მზად ვართ. ავარიის შემთხვევაში ხომ ძალიან ხშირია დაზიანებული მანქანის აალება.

 

3. სათადარიგო საბურავი

 

ფოტო: autoTrader

 

ხანგრძლივი მოგზაურობისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მანქანაში სათადარიგო საბურავი გვედოს და თუ საჭირო გახდება მისი სწორად დამაგრებაც ვიცოდეთ. მოგზაურობისას ხშირად ხდება, რომ საბურავებს პრობლემები ექმნება, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ ამ დაბრკოლების გადასალახად.

 

4. ფეხის ტუმბო

 

ფოტო: aliexpress

 

დაშვებული საბურავების შესაკეთებლად სამაშველო სამსახურის გამოძახებას, დაშვებულ საბურავში ჰაერის ჩამატება საკუთარი ძალებით სჯობს. ამ მისიისთვის თავის გართმევაში კი ფეხის ტუმბო დაგეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ დაშვებული საბურავით სიარული ავარიაში მოხვედრის რისკებს ზრდის, ამიტომ იზრუნეთ, რომ ის მუდამ გამართული იყოს.

 

5. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები

 

ფოტო: Wikipedia

 

მართალია, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები ყოველთვის არ დაგჭირდებათ, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გვედოს მანქანაში. ზამთარი ხომ ისევ მოვა და ვინ იცის, მოყინული გზა რა სიურპრიზს გიმზადებთ?! მოყინულ გზებზე ხშირად არის შეზღუდვები, სადაც ამ ნივთის გარეშე ფიზიკურად ვერ გაივლით.

 

6. ბავშვის სავარძელი

 

ფოტო: Consumer Reports

 

ბავშვის სავარძელი ნებისმიერი იმ ყურადღებიანი მშობლისთვის არის რეკომენდებული, ვისაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და შვილთან ერთად მანქანით გადაადგილება სისტემატიურად უწევს. ასეთი ტიპის სავარძელი თქვენი შვილის უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი და ნამდვილად ღირს მისი ქონა.

 

7. მანქანის სარემონტო ხელსაწყოები

 

ფოტო: Alternative Mindset

 

მანქანის სარემონტო ხელსაწყოებიც გამოგადგებათ — არ არის აუცილებელი, რომ ნებისმიერი წვრილმანი პრობლემისას, რომელიც თქვენს მანქანას აქვს, ხელოსანთან წახვიდეთ და დამატებითი ფული ხარჯოთ. ზოგიერთი რამის მოგვარება თავადაც შეგიძლიათ, მითუმეტეს მაშინ, როცა შორ გზაზე მგზავრობთ და უახლოეს პერიმეტრზე ვულკანიზაცია ან სახელოსნო არ შეიმჩნევა.

 

8. ბლუთუზ ყურსასმენები

 

ფოტო: Aluzon

 

კანონის მიხედვით მგზავრობისას ტელეფონზე ლაპარაკი აკრძალულია. სწორედ იმისთვის, რომ არც კანონი დაარღვიოთ და მნიშვნელოვანი ზარის გამოტოვებაც არ მოგიწიოთ, იქონიეთ ბლუთუზ ყურსასმენები. თანაც ტელეფონზე საუბარი კონცენტრაციის დაკარგვის მიზეზიც შეიძლება გახდეს, ბლუთუზ ყურსასმენებით კი ეს პრობლემა ავტომატურად მოგვარდება.

 

9. დასაქოქი კაბელები

 

ფოტო: Motor-Talk

 

მანქანის გაჩერების შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქონიოთ თან შესაბამისი სიგრძის დასაქოქი კაბელი, რომელიც თქვენი მანქანის აკუმულატორის სხვა მანქანის აკუმულატორზე მიერთებაში და დაქოქვაში დაგეხმარებათ. ეს ნივთი განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის, ვისაც ავტომატური გადაცემითი კოლოფიანი მანქანა ჰყავს, რადგან ასეთი მანქანის დაქოქვა მიწოლითაც კი შეუძლებელია.

 

10. უკანა ხედვის კამერა

 

ფოტო: T3

 

როგორი პროფესიონალი მძღოლიც არ უნდა იყოთ, უკანა ხედვის კამერა თქვენს ცხოვრებას საგრძნობლად გაამარტივებს. დამეთანხმებით, რომ კომფორტია, როდესაც მანქანას სწრაფად და მარტივად აპარკინგებ, თანაც ისეთ გარემოში, როგორიც თბილისშია შექმნილი.

იმისთვის, რომ უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეთ, მხოლოდ ამ ნივთების ქონა არ არის საკმარისი. პირველ რიგში აუცილებელია თქვენმა ავტომობილმა ტექდათვალიერება გაიაროს, რომელიც სხვათაშორის გრინვეიში უმარტივესი პროცედურაა. 

 

სტატია მომზადებულია on.ge - ს მიერ.