რა უნდა გაითვალისწინო მეორადი მანქანის შეძენისას
06 September, 2023
 
მეორადი მანქანის შეძენაზე არაერთი ჩვენგანი ვაჩერებთ არჩევანს, რასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. არის რამდენიმე საკითხი, რაც უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ ავტომობილი და შენაძენით დიდი ხნით დავრჩეთ კმაყოფილი.
 
• პირველ რიგში, აუცილებლად დაინტერესდით რატომ იყიდება მანქანა. როდესაც მანქანას კონკრეტული პირისგან ყიდულობთ, და არა კომპანიისგან, რთულია გარანტიებზე საუბარი, ამიტომ აუცილებელია იცოდეთ ის მიზეზი, თუ რატომ ყიდის ამჟამინდელი მფლობელი ავტომობილს.
 
• კარგად უნდა გავარკვიოთ მანქანის ასაკი, ვინაიდან ავტომობილების უმეტესობა, ცვეთის გამო, თავდაპირველი ღირებულების საშუალოდ 60%-ს, მოხმარების დაწყებიდან 5 წლის შემდეგ კარგავს.
 
• არის თუ არა მანქანა ნაავარიები - აუცილებლად დაინტერესდით მანქანა წარსულში არის თუ არა ავარიაში მოყოლილი, დაადგინეთ ზუსტად რა იყო დაზიანებული და რა შეკეთდა. ამის გარკვევა მეპატრონესთან კომუნიკაციის გარდა, სხვა საშუალებებითაც შეიძლება.
 
• მეორადი მანქანები, როგორც წესი, ხშირად პრობლემატურია. ყიდვამდე ზუსტად უნდა იცოდეთ რომელი ნაწილი ვერ მუშაობს გამართულად, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული მისი გამართვა და კარგად გააანალიზეთ, გიღირს თუ არა შეძენის ფასთან ერთად დამატებითი ფინანსური რესურსის ჩადება.
 
• კარგად გაარკვიეთ, ხელმისაწვდომია თუ არა მანქანის ტექპასპორტი, წინა ტექინსპექტირებების დამადასტურებელი ანგარიში, როდის ჩაუტარდა ბოლოს ინსპექტირება და ხარვეზების ქონის შემთხვევაში, ჩაეძიეთ რა იყო კონკრეტული პრობლემა. ასევე, გაითვალისწინეთ, თუ მანქანა ჯერ არ არის 4 წლის, ტექდათვალიერებისგან განთავისუფლებული იქნება. თუმცა, ეს წესი განსხვავებულია ავტომობილების ტიპების მიხედვით და ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზს.
 
 
• ჰკითხეთ მეპატრონეს, მანქანა ხომ არ არის ლომბარდში ან ხომ არ ადევს ყადაღა.
 
• აუცილებლად გაიგეთ, როდისაა შეცვლილი ზეთი როგორც ძრავში, ასევე გადაცემათა კოლოფში.
 
• შეძენამდე გატესტეთ ავტომობილი - აუცილებლად გაატარეთ მანქანა ყიდვამდე თავად, რომ უკეთ შეძლოთ ხარვეზების ან უპირატესობების იდენტიფიცირება.
 
თუ ყველა რჩევის გათვალისწინებით გადაწყვიტე მეორადი მანქანის შეძენა, მომავალი ფინანსური რისკების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია მანქანა შეძენამდე თავად წაიყვანოთ ტექინსპექტირებაზე, რომ საბოლოოდ დარწმუნდეთ ავტომობილის ავკარგიანობასა და თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში. თუ ტექინსპექტირებას ავტომობილს შეძენამდე ჩაუტარებთ და შემდგომში იყიდით მას, ინსპექტირების ვადა ავტომატურად გადაყვება, სახელმწიფო ნომრისა და მფლობელის შეცვლის შემთხვევაშიც.