▪️მითია თუ რეალობა, რომ ძარაზე ერთი ფერის დეტალები უნდა იყოს?
ეს მითია, რადგან ძარაზე არსებული სხვადასხვა ფერის დეტალი არ ზღუდავს ავტომობილის ფუნქციონირებას, არ აზიანებს გარემოს და არ აფერხებს უსაფრთხო გადაადგილებას. ამ შემთხვევაში ფერების არჩევა სრულიად მფლობელის სურვილზეა დამოკიდებული.
▪️მითია თუ რეალობა, რომ ტექინსპექტირებისას მანქანა უნდა იყოს სუფთა?
უმჯობესია მანქანა ტექინსპექტირებისას სუფთა იყოს, რადგან მისი სრულფასოვნად იდენტიფიცირება შეგვეძლოს. მაგალითად, თვალნათლივ უნდა ჩანდეს საბურავის ზომა და წლოვანება.
შეგახსენებთ, რომ საბურავების მდგომარეობის შემოწმება აუცილებელია, რადგან სწორედ ისინი უზრუნველყოფენ მანქანის სტაბილურ მოძრაობას, დამუხრუჭების ეფექტურობასა და მართვის კონტროლს, რაც საბოლოოდ მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებას განსაზღვრავს.
ასევე, შესაძლებელი უნდა იყოს მინების სრულფასოვანი დათვალიერება.
გახსოვდეთ, რომ ამისათვის აუცილებელია საქარე მინის საწმენდების გამართულობა. ეს უზრუნველყოფს ყველანაირ ამინდში გზაზე კარგ ხილვადობასა და უსაფრთხო მართვას.
▪️მითია თუ რეალობა, რომ ერთ ღერძზე ერთნაირი საბურავები უნდა ეყენოს?
ტექინსპექტირებისას ავტომობილს ერთ ღერძზე ერთნაირი ზომისა და პროტექტორის მქონე საბურავები უნდა ჰქონდეს. სხვადასხვა ზომისა და პროტექტორის დაყენების შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭებისას, საგრძნობლად იზრდება ავტომობილის მოცურებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობა.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ განსხვავებული ზომის საბურავებმა შესაძლოა დააზიანოს სავალი ნაწილები.
▪️მითია თუ რეალობა, რომ მაჩვენებელთა დაფაზე არ უნდა ენთოს ძრავის ჩეკი?
ანთებული ძრავის ჩეკი საფრთხეს არ უქმნის გარემოსა და გარშემომყოფებს, ასევე უსაფრთხო გადაადგილებისათვის არ არის საფრთხის შემცველი - აქედან გამომდინარე, მითია.
▪️მითია თუ რეალობა, რომ ტაქსის ინსპექტირება ეკუთვნის 6 თვეში ერთხელ?
ეს რეალობაა, რადგან ტაქსებსა და სამარშრუტო ტაქსებს ყოველდღიურად უწევთ ადამიანების გადაყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი განსაკუთრებულ ტექნიკურ კონტროლს საჭიროებენ. სწორედ ამიტომ, კანონით განსაზღვრულია, რომ ასეთი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულოა ყოველ 6 თვეში ერთხელ.
▪️მითია თუ რეალობა, რომ ელექტრომობილს არ სჭირდება ტექინსპეტირება?
ეს მითია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილს არ აქვს გამონაბოლქვი, ის მაინც გადის ტექინსპექტირებას - მოწმდება ყველა სხვა ტექნიკური პარამეტრი, ისევე როგორც ნებისმიერ საწვავზე მომუშავე ავტომობილზე.