გრინვეისა და ლილო მოლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტექნიკური ინსპექტირების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ითანამშრომლებენ. მემორანდუმს ხელი გრინვეის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა და ლილო მოლის დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ მოაწერეს.
გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, საზოგადოების ცნობიერების გაზრდა ტექნიკური ინსპექტირების სფეროში უმნიშვნელოვანესია, რათა ქვეყანაში გაუმჯობესდეს ეკოლოგიური და ჯანდაცვის მაჩვენებლები. ამ მიზნით, ლილო მოლის ტერიტორიაზე გამოიყო ადგილი გრინვეის საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად. ეს ტერიტორია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან წლის განმავლობაში დაახლოებით 4 მილიონი პირი სტუმრობს და ეს პროცესი სრულად ლილო მოლის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიმდინარეობს.
დოკუმენტის ხელმოწერის პარალელურად ლილო მოლის ტერიტორიაზე გრინვეის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია - „გაიგე მეტი ტექინსპექტირების შესახებ“ მიმდინარეობდა.
გრინვეის ტექნიკურმა პერსონალმა შეკრებილ საზოგადოებას ის აპარატურა წარუდგინა, რომლის საშუალებითაც ავტოსატრასპორტო საშუალებების გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის და კვამლიანობის დადგენა ხდება. ასევე, მოსახლეობას რიგლოსკოპის გამოყენების პროცედურა გააცნეს, რომლის საშუალებით მოწმდება ფარების სინათლის ნაკადის მიმართულება.
გრინვეის ინსპექტორებმა მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ყველა ის პარამეტრი, რომლზეც მოწმდება ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების გავლის პროცესში.
გრინვეის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მნიშვნელობა შეაფასა გზებზე უსაფრთხოების, ავტოპარკის გაჯანსაღების, ავტოსაგზაო შემთხვევათა შემცირების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
ლილო მოლში გამართული აქციით გრინვეიმ აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია დაასრულა.
გრინვეი მსგავს შეხვედრებს მოსახლეობასთან მომავალშიც გააგრძლებს. უკვე დაგეგმილია მოსახლეობასთან შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტში.
გრინვეი სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანია ფლობს 26 სერვის ცენტრს, აქედან 10 ცენტრი განთავსებულია თბილისში, 16 კი რეგიონებში. ასევე, კომპანია ფლობს სამ მობილურ ხაზს ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის სადაც არ არსებობს სტაციონარული ტექდათვალიერების სერვისცენტრები.