რთულად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ნაცვლად მანქანის ყიდვა და საკუთარი თავისთვის ამ განსაკუთრებული კომფორტის შექმნა არ უნდა.
თავის მხრივ, როდესაც მანქანებში საერთოდ ვერ ერკვევი კი დიდი შანსია, რომ მაგალითად, განსხვავება მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფებს შორის, ან რომელი ჯობია, მარცხენა თუ მარჯვენასაჭიანი მანქანა - უბრალოდ არ იცოდე.
დიახ, გამოუცდელი ადამიანებისთვის საუკეთესო არჩევანის გაკეთება სულაც არ არის მარტივი და ასეთ დროს ნაჩქარევმა და გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ პირველი მანქანის ყიდვით გამოწვეული სიხარული, შეიძლება პირველ დიდ პრობლემადაც კი გადააქციოს.
აი, 10 რამ, რაც მანქანის ყიდვამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინო:
1. ძრავა - ტრანსმისია - საჭე
ფოტო: Timothy J. Reynolds
ძრავაში საწვავი მანქანის გამწევ ენერგიად გარდაიქმნება, შესაბამისად ლოგიკურიცაა, რომ ძრავის ზომა ძირითადად, (მიუხედავად იმისა, რომ ახალ მოდელებში პატარა ზომის ძრავითაც მიიღწევა მაქსიმალური სიმძლავრე) პირდაპირ კავშირშია მანქანის სიმძლავრესთან.
ასევე მანქანის შერჩევის პროცესში აუცილებლად აღმოაჩენ, ორი სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს - მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფებით. დაზუსტებით იმის თქმა, თუ, რომელზე უნდა გააკეთო არჩევანი, ძნელია. ისევ და ისევ, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ სად უნდა იმოძრაო ამ მანქანით. მაგალითად, ავტომატური კოლოფის მქონე მანქანა ქალაქში გადასაადგილებლად, სადაც ბევრი საცობი და მდორე მოძრაობაა, ძალიან კომფორტულია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდილი მძღოლები ძირთადად მექანიკური კოლოფის მქონე მანქანებს ამჯობინებენ ხოლმე.
და ბოლოს, მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორი ტიპის საჭიან მანქანაზე გააკეთებ არჩევანს - მარჯვენა, თუ მარცხენასაჭიანზე. ამ შემთხვევაში კი ამ არგუმენტის მოყვანაც საკმარისია - საქართველოში საავტომობილო მოძრაობა მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვისაა დაწესებული, რაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებისთვის სერიოზულად ართულებს გადასწრებას/მოძრაობას.
2. "სანდო ხელოსნის" აზრი
ფოტო: Aslan A.
მეორადი მანქანის შეძენის შემთხვევაში, პირი, რომლისგანაც მეორად ავტომობილს ყიდულობ, როგორც წესი აქცენტს მანქანის ვიზუალურ მხარეზე გაკეთებინებს. სწორედ ამიტომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად შეამოწმებინე მანქანა და გაითვალისწინე სანდო ხელოსნის აზრიც.
3. უსაფრთხოება
ფოტო: Guillaume Kurkdjian
მიუხედავად იმისა, რომ მანქანის ყოლა დიდი კომფორტია და ერთგვარი ფუფუნებაც, თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს — უბედური შემთხვევის პოტენციური საფრთხე, რომელიც ავტომობილის მართვისას, სამწუხაროდ ყოველთვის არსებობს.
გარისკვა არ ღირს, ამიტომ მნიშვნელოვანია მინიმალური უსაფრთხოების დაცვა, რომელსაც გამართულად მომუშავე ღვედის გაკეთებით და რაც შეიძლება მეტი უსაფრთხოების ბალიშით უზრუნველყოფთ (რაც მეტი უსაფრთხოების ბალიშია მანქანაში ჩამალული, მით უკეთესი თქვენივე უსაფრთხოებისთვის).
4. მეორადია თუ ახალი
ფოტო: Maljuk
ალბათ გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ახალი მანქანის შეძენა დიდი ფუფუნებაა და რა თქმა უნდა, გაცილებით ძვირიც ღირს — ახალ მანქანას იყიდი, თუ მეორადს, ამის განსაზღვრაში ალბათ მესამე პუნქტიც დაგეხმარება.
თუმცა, თუ არჩევანს მეორად მანქანაზე გააკეთებ, აუცილებლად დააზუსტე რომელწლიანია და გარბენი რამდენი აქვს.
როგორც უკვე ვთქვით, კერძო პირი, რომლისგანაც მეორად მანქანას ყიდულობ, როგორც წესი აქცენტს მანქანის ვიზუალურ მხარეზე გაკეთებინებს, რომლის მიღმაც ხშირად (ქვეყანაში სოციალური ფონით, ან მეპატრონეს უყურადღებობით/მანქანის დროულად არ შეკეთებით გამოწვეული) სერიოზული ნაკლოვანებები იმალებოდეს, რაც შენს ხარჯებს სამომავლოდ ერთი-ორად გაზრდის.
5. ბრენდი/მოდელი
ფოტო: Kit8
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, მანქანების მხრივ ბაზარზე უკვე საკმაოდ დიდი არჩევანია და ხშირად წააწყდები, როგორც ძალიან კარგად ნაცნობ, ასევე სრულიად უცნობი ბრენდის მანქანებს — მართალია, გემოვნებაზე ვერ ვიდავეთ, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინე ისიც, რომ უცნობი ბრენდების მანქანების ნაწილები ზოგჯერ ან არ იშოვება, ან თუ იშოვება, ძალიან ძვირი ღირს.
6. მიზანი, რისთვისაც მანქანას ყიდულობ
ფოტო: MUTI
მანქანის შეძენამდე ასევე აუცილებელია, რომ სწორად განსაზღვრო, თუ რისთვის გჭირდება მანქანა და არჩევანიც შესაბამისი გააკეთო.
მაგალითად, თუ რომელიმე მთიან სოფელში ცხოვრობ, სადაც კარგი გზების ნაკლებობაცაა, ჯიპი, ხოლო ქალაქში სასიარულოდ შედარებით პატარა ზომის, კომპაქტური მანქანა გამოგადგება, რომლის დაპარკინგებაც გაცილებით მარტივია.
7. მაქსიმალური თანხა, რაც მანქანაში შეგიძლია გადაიხადო
ფოტო: R A D I O
ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში ხომ მარტივად გადაწყვეტ, თუ რომელი ბრენდისა და რომელი კლასის მანქანა შეგიძლია იყიდო და ძებნის პროცესიც ნაკლებ დროს წაგართმევს.
8. რამდენად კარგად იცი მანქანის მართვა
ფოტო: Ilona Rybak
სანამ მანქანას იყიდი, შენივე უსაფრთხოებისთვის არსებობს ის მინიმალური კრიტერიუმი, რომელსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდე. პირველ რიგში, უნდა გქონდეს მართვის მოწმობა და დარწმუნებული უნდა იყო, რომ მანქანას კარგად მართავ.
ალბათ ხშირად გსმენია იმ მძღოლების ისტორიები, რომლებიც საკმარისი გამოცდილების გარეშე ძვირადღირებული მანქანების საჭესთან ჯდებიან და საფრთხეს უქმნიან, როგორც საკუთარ, ისე სხვის უსაფრთხოებასაც.
9. ტევადობა
ფოტო: R A D I O
გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობთ ოჯახში, რადგან მომავალში, თუ მათთან ერთად სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტ, მანქანაში თითოეული მათგანისთვის და მათი ბარგისთვის საკმარისი ადგილი გამოიძებნოს.
10. გავლილი აქვს, თუ არა ტექდათვალიერება
ფოტო: Tony Babel
2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ეტაპობრივად მიმდინარეობს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება. ამიტომ, არასასურველი პრობლემების თავიდან ასარიდებლად, სასურველია, რომ მანქანა, რომელსაც იყიდით, გავლილი ტექინსპექტირება და შესაბამისი სერთიფიკატი ჰქონდეს.
სტატია მომზადებულია On.ge - ის მიერ