2023 წლის ნოემბერში "გრინვეი აკადემიამ" USAID-სა და გრინვეის თანამშრომლობის ფარგლებში სტარტი აიღო. პროექტის მიზანს თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ ცენტრისა და სასწავლო მოდულების შექმნა წარმოადგენდა, რომლებიც ახალი პროფესიის, "ტექნიკური ინსპექტორის", გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. პროექტი ასევე ტექინსპექტირების რეფორმის განმტკიცებასა და ერთიანი სტანდარტების დანერგვის მიზნით დაიგეგმა.
იანვარში, „გრინვეი აკადემიის“ ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი გრინვეისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ასევე უშუალოდ ტრენერთათვის. ღონისძიების მსვლელობისას დეტალურად იქნა მიმოხილული სასწავლო მოდულები, ვიდეო გაკვეთილები, სასწავლო პლატფორმის academy.greenway.ge სამუშაო პრინციპები და შესაძლებლობები. ორ დღიან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მხარდამჭერებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა.
გრინვეის თანამშრომელთათვის, ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ასევე უშუალოდ ტრენერთათვის ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 1 თებერვალს პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ, როგორც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები.
მარტში, პროექტის ფარგლებში, დაიწყო შემუშავებული სასწავლო მოდულის მიხედვით „გრინვეი საქართველოს“ თბილისისა და რეგიონების ინსპექტორების საპილოტო ტრენინგები.
პროექტი მაისში, დათქმულ ვადებში წარმატებით დასრულდა. რაც იმას ნიშნავს, რომ საპილოტე ტრენინგების დამთავრების შემდეგ, ტრენინგ ცენტრი მზად არის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირებისათვის და ახალი სტუდენტების გადამზადებისთვის. საპილოტე ტრენინგის მონაწილე რამდენიმე ათეულ ინსპექტორს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს საერთაშორისო თუ ქართველ პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერამაც განაპირობა პროექტის წარმატებით დასრულება:
CITA - სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი
Applus - ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მსოფლიო ლიდერი კომპანია „Applus+”, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს
ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირი საქართველოში