ცვლილებების თანახმად, მსუბუქი კატეგორიის (M1) ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების საფასურს, ნაცვლად 60 ლარისა, 48 ლარს გადაიხდიან.
განმეორებითი ტექდათვალიერებისას, გარდა პირველადი ინსპექტირების დროს დადგენილი ხარვეზის შემოწმებისა, ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიზუალური შემოწმებაც განხორციელდება. კერძოდ, საუბარია ავტომობილის ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვის/კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებაზე.
გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების (სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები) შემთხვევაში, დამატებით შემოწმდება ავარიული გასასვლელები.
ცვლილება შეეხო მგზავრთა გადამყვან ტრანსპორტსაც (ტაქსები/ავტობუსები), რომლებიც პერიოდულ ტექდათვალიერებას ავტომობილის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ ექვს თვეში ერთხელ გაივლიან.
რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, მოიხსნა ვალდებულება ავტოსატრასპორტო საშუალების ფერის იდენტიფიცირების და შესაბამისად, ავტომობილის ფერის ცვლილების შემთხვევაში ტექნიკურ პასპორტში ჩანაწერის შეტანის შესახებ.
პერიოდული ტექინსპექტირების დროს მოწმდებოდა მინების დამუქების შუქგამტარობის მაჩვენებელი, რაც ცვლილებების თანახმად გაუქმდა.
2020 წლის პირველ იანვრამდე დასაშვები გახდა ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, მინამწმენდის მოქმედების არეში სამი წერტილოვანი დაზიანების არსებობა, თუკი მისი დიამეტრი 5 მმ-ს არ აღემატება.
ასევე, ცვლილების თანახმად, 2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არესა და სარკეებზე დაუშვებელი იქნება როგორც ბზარების, ასევე ლაქების არსებობა.
მხოლოდ 2020 წლის 1 იანვრამდე იქნება დასაშვები მარჯვენასაჭიანი ან საჭეგადატანილი ავტომობილების ფარების რეგულირება სტიკერების გამოყენებით. ასევე, შემსუბუქდა მოთხოვნა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან დაკავშირებით და მხოლოდ ავტომობილის წინა კორპუსზე არსებული ნისლსაწინააღმდეგო ფარები უნდა ირთვებოდეს გაბარიტულ მაშუქებთან ერთად, ავტომატურ ან არაავტომატურ რეჟიმში.
მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო გამონაბოლქვის კონტროლს. ცვლილებების თანახმად, გამკაცრდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლი და არსებულ რეგულაციას, რომელიც გამონაბოლქვში CO-ს და კვამლიანობის აპარატურულ შემოწმებას გულისხმობს, გამონაბოლქვის მოჭარბებული კვამლიანობის ვიზუალური შემოწმების კომპონენტი დაემატა.
სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუკი ვიზუალური შემოწმებისას ხილული მოჭარბებული გამონაბოლქვის შეფერილობა იქნება შავი, ნაცრისფერი ან/და ლურჯი.
და ბოლოს, ცვლილებების თანახმად, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ავტოსატრასპორტო საშუალებად მიიჩნევა ის ავტომობილი, რომლიც გამოშვებულია 1960 წლამდე და თავისუფლდება ტექდათვალიერების ვალდებულებისგან. რეგლამენტის წინა რადაქციით, ასეთი სტატუსი რამდენიმე პარამეტრის დაკმაყოფილების შემდეგ ენიჭებოდა.