2020 წლის 1 იანვრიდან შემდეგი ცვლილებები შედის ძალაში:
- ცვლილებების თანახმად, მოწმდება გათხევადებულ საწვავ აირზე (LPG) მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული აირბალონ(ებ)ისა და აირბალონიანი სისტემის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ვადიანი ინსპექტირების სერტიფიკატი;
- 2020 წლის 1 იანვრიდან დაუშვებელია ფარების რეგულირება სტიკერის გამოყენებით;
- 2020 წლის 1 იანვრიდან დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არეში ნებისმიერი დაზიანების/ლაქების არსებობა. აქამდე დაშვებული იყო სამი წერტილოვანი დაზიანების არსებობა, სადაც თითოეული დაზიანების დიამეტრი არ აღემატება 5 მილიმეტრს; 2020 წლის პირველი აპრილიდან ამ სახის დაზიანება ჩაითვლება უმნიშვნელო ხარვეზად, რომლის გამოსწორების საშუალებაც მომხმარებელს შემდგომ ინსპექტირებამდე ექნებათ.
2020 წლის 1 აპრილიდან ძალაში შედის შემდეგი ცვლილებები:
- CO-ს შემცველობის ევროპული სტანდარტი (0.5% და 0.3%), კატალიზატორის არსებობის მოთხოვნა და ლამბდა კოეფიციენტი (1 +-0,03) ძალაში შევა 2020 წლის 1 აპრილიდან და გავრცელდება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რომლებიც 2020 წლის 1 აპრილიდან საქართველოში გაივლიან პირველად რეგისტრაციას.
- 2020 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ მოთხოვნები ძალაში შედის ეტაპობრივად:
- 2020 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: 0.7%;
- 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: 0.6%;
- 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ: 0.5% და 0.3%.
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც გადატანილი ექნებათ საჭე 2020 წლის 1 აპრილამდე არ გავრცელდება რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვები (ინსპექტირების აკრძალვასთან დაკავშირებით) და პერიოდული ტექინსპექტირებას დაექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
- სატრანსპორტო საშუალებები რომლებსაც სარეგისტრაციო მოწმობაში სატრანსპორტო საშუალების გამოშვების წლის გრაფაში მითითებულია დაუდგენელი დრო (მაგ: 0, -, ან სხვა სიმბოლო) პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება არაუგვიანეს რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული რეგისტრაციის თვისა და რიცხვისა. ასევე, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები რომლებიც მუშაობენ დიზელზე არ დაექვემდებარებიან გამონაბოლქვზე შემოწმებას;
- ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოდგენილია სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და დეტალებით რაც გაურკვევლობას იწვევს ინსპექტირებისას, აღნიშნული ცვლილებით ასს მფლობელს საშუალება მიეცემა ქარხანა დამამზადებლის მიერ გაცემული ცნობით დაადასტუროს ავტომობილის ქარხნული მდგომარეობა.
ცვლილება: ხარვეზად არ მიიჩნევა შემთხვევა როდესაც სატრანსპორტო საშუალების წარმდგენი ინსპექტირების ცენტრს წარუდგენს სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ხარვეზად მიჩნეული კომპონენტის შესაბამისობას სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის საექსპლოატაციო დოკუმენტებით დადგენილ ნორმებთან;
- არსებული რეგლამენტით უმნიშვნელო ხარვეზიც კი რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე არსებით გავლენას არ ახდენს ითვლება ხარვეზად რომლის გამოსწორების ვალდებულებაც მძღოლებს აქვთ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.
ცვლილება: სატრანსპორტო საშუალების ხარვეზი განისაზღვრება სამ კატეგორიად: უმნიშვნელო (ასს არ დახარვეზდება და მიეცემა ვადა შემდგომ პერიოდულ ინსპექტირებამდე გამოასწოროს დეფექტი), მნიშვნელოვანი (ასს დახარვეზდება ზოგადი წესით) და სახიფათო (ასს დახარვეზდება და აეკრძალება გადაადგილება). რეგლამენტის დანართი N1-ით გათვალისწინებულ თითოეულ ხარვეზს განესაზღვრება შესაბამისი კატეგორია;
- არსებული პრაქტიკით, შესაძლოა ავტოსატრანსპორტო საშუალების მაყუჩი იყოს დაზიანებული თუმცა გამონაბოლქვის პარამეტრი იყოს ნორმაში, თუ სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება გამონაბოლქვის მილებზე ან/და მაყუჩებზე, ამ შემთხვევაში განმეორებით ინსპექტირებაზე განხორციელდება გამონაბოლქვის შემოწმებაც;
- დახარვეზდება სატრანსპორტო საშუალება თუ მასზე დამაგრებული საბურავების დამზადების თარიღიდან გასულია 10 წელი ან არ იკითხება დამზადების თარიღი;
- სხვა ქვეყანაში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ ინსპექტირება საქართველოში;
- ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის დედანის ნაცვლად შესაძლებელია ტექნიკური ინსპექტირებნის დროს შესაბამისი ასლის წარდგენა.
2022 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება:
- M1 და N1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც სავალდებულო ხდება ცეცხლსაქრობით, ამრეკლავი სამკუთხედით (საავარიო გაჩერების ნიშანი), სამედიცინო სააფთიაქო ყუთით აღჭურვა.
- M1 და N1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც ს ხმაურის სტანდარტის დაკმაყოფილება გახდება სავალდებულო.